იუსტიციის მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა
12-06-2014, 07:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, განაგრძოს მუშაობა იმის გამოსარკვევად, ჰქონდა თუ არა ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ ვითომ ზეწოლის მოტივით მოხნის შესახებ. როგორც წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ მიმართულებით პროკურატურის მიერ ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიკვეთა შემაშფოთებელი ფაქტები.

 

 

წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაც შეაფასა. მისი თქმით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელზეც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება არ ძალადობს ხალხზე, არის გამოხატვის თავისუფლება და როცა ამომრჩეველმა იცის, რომ არის თავისუფალი და ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს. წულუკიანის პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია:

 


"2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელზეც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება არ ძალადობს ხალხზე, არ ძალადობს კანდიდატებზე, არ ძალადობს მედიაზე. სახელმწიფო ძალადობა წარსულს ჩაბარდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის წინა პერიოდშიც გამოხატვის თავისუფლება არის ხელშეუხებელი. ეს არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის წინა პერიოდშიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ძალოვან სტრუქტურებს მორატორიუმი დაუწესა და სთხოვა, არ დაეტვირთათ რომელიმე პოლიტიკური აქტივისტი ან კანდიდატი დაკითხვაზე გამოძახებით, თუნდაც მოწმის სახით, რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე და ამით გარკვეული პაუზა დაეწესებინათ სისხლის სამართლის კანონის ნორმების მოქმედებაზე. ეს არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომლის წინა პერიოდშიც შეკრების თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და ცალკეული ინციდენტების არსებობისას, პოლიცია იქით კი არ ცემს პოლიტიკურ აქტივისტს, არამედ იცავს მას განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, როცა ამომრჩეველმა იცის, რომ არის თავისუფალი და ვისაც უნდა იმას დაუჭერს მხარს, რადგან შარშანდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა მას ამის სანიმუშო მაგალითი მისცა. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ ის საკუთარი თავისუფალი არჩევანისთვის არ დაისჯება, ეს კი თვითმმართველობის არჩევნებზე ხდება პირველად. ალბათ ამიტომაც, ამომრჩევლები ღელავენ და თავიანთი ბედის გადაწყვეტა რომ მათივე ხელშია, თავისუფლებისგან გამოწვეულ ემოციებს ხანდახან ვერ ერევიან. ბოლო დღეებში ტემპერატურამ სხვა მხრივაც იმატა და თავისუფალ ამომრჩეველთან ერთად, ყველა პარტიის კანდიდატებიც ანერვიულდნენ. როგორც ყოფილმა კანდიდატმა და გამარჯვებულმა კანდიდატმა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რაიონში, მინდა, შევახსენო კანდიდატებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმშვიდე, ხოლო გამარჯვების რეცეპტია პოლიტიკური თავდაჭერილობა, სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და დამაჯერებლობა. ანერვიულებულ და აგრესიულ კანდიდატებს ამომრჩევლები მხარს არ უჭერენ.

 


მივესალმები, უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადაცემული ინფორმაციების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტის გამოკვლევას და ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით 100-ზე მეტი პირის გამოკითხვას. მოცემული 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი მოტივი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა, გვარის შეცვლა, და ა.შ.)დაასახელეს. მივესალმები მთავარი პროკურატურის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, შეესრულებინა უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია, რის შედეგადაც გორში, კანდიდატზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ საია-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, პროკურორმა პირის გამოკითხვაში მონაწილეობა მიაღებინა თავად საია-ს, რომლის დროსაც საია-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზეწოლის შესახებ ზეწოლის სავარაუდო მსხვერპლმა არ დაადასტურა. მივესალმები მთავარი პროკურატურის ინიციატივას, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ აქტივისტებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, გამოკითხვის პროცესში ჩართონ ინფორმაციის მომპოვებელი არასამთავრობო ორგანიზაციაც, როგორც ეს მოხდა საია-ს შემთხვევაში. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, კვლავ ინტენსიურად გააგრძელოს პირთა გამოკითხვა სავარაუდო ზეწოლის შესახებ უწყებათაშორის კომისიაში შემოსული ყველა ფაქტის გამოკვლევის მიზნით და ბოლომდე მიიყვანოს მოქმედებები იმ 4 საქმეზე, რომლებზეც უკვე დაწყებულ იქნა გამოძიება.

 


მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, გააგრძელოს მუშაობა მუქარის შემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებსაც ეკუთვნით ტელეფონის ნომრები, შესაძლოა იყვნენ მუქარების ავტორები ან ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურის მიერ ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიკვეთა შემაშფოთებელი ფაქტები. კერძოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატმა - კახა კილაძემ განმარტა, რომ მის მიერ კანდიდატურის დაყენება და შემდეგ მოხსნა წინასწარ იყო შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან და რომ ის ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, რომ გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა გამოირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ მოხსნის შესახებ ვითომ ზეწოლის მოტივით.

 


მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ჟურნალისტ მერაბ როდონაიას წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიისას ზუგდიდში განხორციელებული უკანონო ქმედების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. ამ ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია მოაწოდა საია-მ და მოვუწოდებ საია-ს და ჟურნალისტ როდონაიას, რომ როდონაიამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა მოხდეს დამნაშავე პირთა იდენტიფიკაცია და დასჯა. ჟურნალისტი როდონაია უკვე მეორედ არ გამოცხადდა (ბოლოს დღეს ორ საათზე იყო დაბარებული) ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვის მიზნით. მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი პირი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, იქონიონ დემოკრატიული ქცევა, მით უმეტეს როცა მათ უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობა საკანონმდებლო ორგანოში. ვგმობ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ განხორციელებულ აგრესიას საარჩევნო ადმინისტრაციაზე, როგორც ეს მოხდა მარნეულში, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია და ამას წარმატებით ვაღწევთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.

 


ვგმობ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მთელი საარჩევნო კამპანიისას, გამოყენებულ მიუღებელ მეთოდს პოლიტიკური ბრძოლისა - მოქალაქეებისა და პოლიტიკური აქტივისტების დაყოფას ეთნიკური ნიშნით და ყოფითი კონფლიქტების წარმოჩენას ეთნიკურ-პოლიტიკური ნიშნით, როგორც ეს მოხდა გარდაბანში.

 


კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდა პარტიული დისციპლინა და მკაცრად გააკონტროლონ თავიანთი კანდიდატების, აქტივისტებისა და შტაბების წევრების ქცევა, არც ერთი პარტიის არც ერთ კანდიდატს, აქტივისტს, არ აპატიებს ჩვენი ქვეყანა უპასუხისმგებლო ქცევას, ხოლო მათი მხრიდან კანონდარღვევები იქნება მკაცრად სანქცირებული. ვგმობ ნებისმიერი კანდიდატის მხრიდან ყველა ტიპის მცდელობას ოპონენტს არა არგუმენტების ძალით, არამედ ვერბალური აგრესიით მიმართონ. მივესალმები ყველა მედია საშუალებას, რომლებიც თავისუფალ პირობებში მოიპოვებენ და აშუქებენ სიახლეებს პოლიტიკური პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აძლევენ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას; აქვე ხაზს ვუსვამ - გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია არის 2012 წლის არჩევნების შემდეგ ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომლის შენარჩუნებაც ამ მთავრობის პრიორიტეტი არის და იქნება.

 

 

და ბოლოს, მივესალმები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარნეულში ნაიცონალური მოძრაობის კანდიდატ ახმედ იმამყულიევის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენი მთავრობა სასამართლო ხელისუფლებას გადაწყვეტილებებს არ უკვეთავს და რომ ჩვენ მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოებული სასამართლო საკანონმდებლო რეფორმა საბოლოო შედეგს მალე გამოიღებს, კიდევ მეტად გააძლიერებს იმ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებმაც 2012 წლის ოქტომბერში მიღებული თავისუფლება მართლმსაჯულების რეპუტაციისა და ნდობის ასამაღლებლად გამოიყენეს. ჩემ მიერ ეს საკანონმდებლო რეფორმა საბოლოოდ დასრულებულად მაშინ ჩაითვლება, როცა მართლმსაჯულება მთლიანად კომპეტენტური, მიუკერძოებელი, საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული. ჩვენს ამისთვის ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ. ეს არჩევნები რასაკვირველია მშვიდობიან გარემოში ჩაივლის, რის შემდეგაც აუცილებელი იქნება საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის შემდგომი მრავალმხრივი დახვეწა, რათა საარჩევნო სუბიექტებს მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო მაღალი ხარისხის თანასწორობის პირობებში მოუწიოთ პოლიტიკური შეჯიბრი, მათ შორის მედიასივრცეში.

 


ასევე მშვიდობიანი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდიც, რადგან საქართველოს აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც არ დაუშვებენ იმას, რომ ვინმემ დაარღვიოს კანონი ან იმას, რომ რომელიმე კანდიდატმა და მისმა მხარდამჭერმა ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ცივილიზებულ მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი