ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ ქარელის ოჯახს განადგურებით ემუქრება?
28-01-2014, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სკანდალური მუქარის წერილი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა მიხეილ ქარელს საფრანგეთში მისწერა, "კვირას" ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ოჯახის ამოწყვეტით და სახლის გადაწვით ემუქრება. როგორც ქარელი ამბობს, ოქრუაშვილს მისი და ყოფილი თანაპარტიელების გაჩუმება სურს, რადგან მათ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ბევრი კომპრომატი აქვთ, რომლის გამოაშკარავებას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ყოფილი რწმუნებულის თქმით, მუქარის მიზეზი ათონელის №27 -ში მდებარე პარტიის ოფისის წილების დათმობაც არის. ირაკლი ოქრუაშვილმა მოთხოვნების შესასრულებლად ყოფილ მეგობარს, მიხეილ ქარელს ვადაც დაუწესა – თუკი ის 31 იანვრამდე ყველა პირობას არ შეასრულებს, მშობლებს ამოუხოცავს და სახლ-კარს გადაუწვავს.

 

"ირაკლი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ამიტომ მას ეშინია ადამიანების, რომლებიც მისი ბინძური საქმიანობის შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობენ. ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი ოქრუაშვილის "საქმიანობასთან" დაკავშირებით როგორც წარსულში, ისე აწმყოში, რისაც ოქრუაშვილს ყველაზე მეტად ეშინოდა, რაც ამ მუქარიდანაც კარგად ჩანს. ამის დროც მალე მოვა",- აცხადებს მიხეილ ქარელი "კვირასთან" ინტერვიუში.


მუქარის წერილი ყოფილმა რწმუნებულმა მობილურ ტელეფონზე გუშინ საღამოს, პარიზის დროით 18:15 საათზე, მიიღო. სმს შეტყობინება რუსეთის ნომრიდან არის გაგზავნილი და მასში აღნიშნულია:


"კარგად წაიკითხე და დაფიქრდი რასაც გწერთ. 1. თუ როდესმე იკაზე ხმას ამოიღებ ან გაზეთით ან ტელევიზიით შენს ოჯახს მთლიანად გავანადგურებთ. 2. თბილისის ოფისის წილები შენ და კეკელიშვილმა გადმოაფორმეთ შენივე დაქალ თეოზე. თუ სამ დღეში დადებითად არ გადაწყვეტთ რასაც გწერთ შენ სახლ-კარს ცეცხლს მივცემთ დედაშენ-მამაშენიანად, დანარჩენს გასვენებაში რო ჩამოხვალ აქ აგიხსნით. კარგად დაფიქრდი და 31 იანვრამდე დააბრუნე პასუხი თეოს მეშვეობით. არ გემუქრებით, რეალობას გიხსნით. მაგასაც ხომ დავუწვით სახლი ჰოდა ნუ აყვები იმ ვოლკს თორემ 1-ში ცეცხლით გაგათბობთ თუ არასწორად იფიქრებ, არც მანდ არაა შენი პოვნა ძნელი".


როგორც მიხეილ ქარელმა "კვირასთან" საუბრისას განმარტა, "თეო", – ვისთან დაკავშირებასაც ოქრუაშვილი, მას სთხოვს, – პარლამენტის ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი და მათი პარტიის თანაგუნდელი – თეო ტლაშაძეა. ქარელის განმარტებით, სმს-ის მეორე ნაწილში ათონელის ოფისის წილების დათმობაზეა საუბარი. მისი თქმით, მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის", თბილისში ათონელის №27-ში, 11 პირის მიერ შეძენილი საოფისე ფართი 2009 წელს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შსს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ბრძანებით, მათ უკანონოდ ჩამოართვეს. ჩამორთმეული ქონება 2013 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, მფლობელებს დაუბრუნდათ, რის შემდეგაც, ქარელის განცხადებით, ოქრუაშვილმა ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შენობის მეწილეებზე ზეწოლა დაიწყო.


"პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, ოქრუაშვილს, ბუნებრივია, დასჭირდება ოფისი…ამისთვის იდეალური ვარიანტია ათონელის ფართი, რომელსაც 11 მეწილე ჰყავს. ერთ-ერთი მე ვარ. ყველა მეწილე 9-პროცენტიან წილს ვფლობთ. ოქრუაშვილის მუქარა და ზეწოლა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ თანამესაკუთრეების თითქმის ნახევარი დღეს უარს ვაცხადებთ, ფართი ოქრუაშვილის სასარგებლოდ დავთმოთ. ჩვენ ქონების გამიჯვნას ვაპირებთ და მზად ვართ, მას სასამართლოში დავუპირისპირდეთ. სწორედ ეს ფაქტები გახდა ოქრუაშვილის მუქარების მიზეზი", – განაცხადა მიხეილ ქარელმა.


სმს-ის მიხედვით, ავტორი მიშა ქარელს, ოქრუაშვილის პარტიის წევრის, მეტსახელად "ვოლკის", იგივე იასონ ჩიხლაძის მაგალითის გამეორებას არ ურჩევს. ქარელის განცხადებით, იასონ ჩიხლაძეს "ჭკუის სასწავლებლად" ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავალებით, 2013 წელს, სოფელ ტყვიავში სახლი დაუწვეს. მიშა ქარელი პარიზის პოლიციას ოქრუაშვილის მუქარის წერილს უახლოეს დღეებში გადასცემს. ის დახმარებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს პორტალ "კვირის" მეშვეობით" მიმართავს. ყოფილმა რწმუნებულმა საქართველოს ძალოვანი უწყებებისთვის მიმართვის წერილი ჩვენს რედაქციას დღეს გადმოუგზავნა:


"გუშინ საღამოს, პარიზის დროით 18:15 საათზე, მობილურ ტელეფონზე მივიღე სმს შეტყობინება – ასეთი შინაარსის მუქარით: ამ ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მისი ავტორი ირაკლი ოქრუაშვილია. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს და შსს მინისტრს, რათა დაიწყოს გამოძიება ოქრუაშვილის მუქარაზე ჩემი, ჩემი მშობლების და ჩემი ოჯახის წევრების განადგურების მცდელობასთან დაკავშირებით! გამომდინარე იქიდან, რომ კარგად ვიცნობ ოქრუაშვილს და მის ფსიქიკურ პორტრეტსაც, ვხედავდი, როგორ მახინჯდებოდა ის, პოლიტიკური ვარდნის პარალელურად. ის დღეს არარაობად არის ქცეული, რაც ბევრჯერ ვიხილეთ მისმა ყოფილმა მეგობრებმაც და იხილა საზოგადოებამაც. ის მისი ლაჩრობის გადაფარვას თავისებურად ცდილობს, რაც გამოიხატება შემდეგ ქცევებში: ოქრუაშვილმა საქართველოში დაბრუნებისთანავე ყოფილი მეგობრებისგან და თანამებრძოლებისაგან წილებისა და ქონებების გადაფორმება მოითხოვა, თან ემუქრებოდა, ხელისუფლებაში მოვდივარ, და თუ არ დამემორჩილებით, ყველას პასუხს გაგებინებთო! ვისაც შეეშინდა, ყველამ გადაუხადა, ვისაც არ შეეშინდა, ერთს 60 ჰექტარზე უკვე ასაღები ხორბალი დაუწვა, ერთს -ძვირად ღირებული მანქანა, ერთს – სახლი და ასე შემდეგ! ამ შეტყობინებაში კარგად ჩანს, რომ იასონ ჩიხლაძეს (მეტსახელად "ვოლკს") სახლი უკვე დაუწვეს და ამით დაადასტურეს კიდეც ეჭვი, რომელიც ოქრუაშვილის ყოფილ მეგობრებს, მის თანაპარტიელებს და თვითონ იასონ ჩიხლაძეს გვქონდა! აქედან გამომდინარე, ვაანალიზებ რა მუქარის შინაარსს და მის ფინანსურ შესაძლებლობებსაც, ვთვლი, რომ მას შეუძლია დაიქირავოს კონკრეტული კრიმინალური ჯგუფი, ან პიროვნება და სისრულეში მოიყვანოს მუქარა. მე ვითხოვ პროკურატურისაგან ჩემი მშობლებისა და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით გაკეთებულ მუქარებზე გამოძიების დაწყებას, რომლის ავტორად ვასახელებ ირაკლი ოქრუაშვილს! ასევე ვაცხადებ თუ ჩემს მოხუცებულ მშობლებს, ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმაც კი ჩამოუვარდათ, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ოქრუაშვილს. ცნობისათვის: სმს შეტყობინება რუსული ნომრით არის გამომგზავნილი: +7 925 230 04 73",- აღნიშნულია მიხეილ ქარელის განცხადებაში.

 

 


ცირა შერგელაშვილი

 

http://kvira.ge/?p=4169 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი