აშშ-ში მოქმედი "ქართული ოცნების" იმედგაცრუებული ხელმძღვანელი "ოცნების" კრახს წინასწარმეტყველებს
03-10-2014, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ჩვენ ირაკლი ღარიბაშვილთან ნაკლები პრეტენზიები გვაქვს, ის ყოველდღე ვერ ივლის ჩვენთან. რაც მოხდა ამერიკაში - როცა მას ქართველებმა აგინეს და მკვლელი უძახეს, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ რატომ გაუკვირდა "ქართულ ოცნებას", რა ეგონათ - ასეთი რამ ამერიკაში არ მოხდებოდა? რა ბერკეტები შეინარჩუნეს, აქტივი შეინარჩუნეს თუ ემიგრანტების განწყობა, რაც 2012 წლამდე არსებობდა? ხალხი, რომელიც იბრძოდა და თავს დებდა, სრულიად იგნორირებულია - ჩემზე არ არის ლაპარაკი, ჩემს გარშემო იყო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დღედაღამ მუშაობდა. ხალხმა არჩევნების პერიოდში აქ შვებულებები აიღო და შემოსავლის ნაწილი დაკარგა, ყველაფერი გაჭირვებული ადამიანების კისერზე გადავიდა, ახლა უყურადღებობის გამო გაჩნდა ნიჰილიზმი და ამიტომ გაბედეს "ნაციონალებმა" ღარიბაშვილის გინება", - აცხადებს ამერიკაში შექმნილი "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანტონ ჯღამაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აშშ-ში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალაპარაკდა.

 

 

"ჩვენ ამერიკაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წავაგეთ - "ნაციონალებმა" 300 ხმით მოგვიგეს, არადა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ! 9 თვე დასჭირდა იმას, რომ "ქართულ ოცნებას" ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები წაეგო. თუკი ჩვენ ვერც ბერკეტები შევინარჩუნეთ და ვერც აქტივისტები, როგორდ ფიქრობთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა მოხდება? უნდა შეიქმნას კომისია, ამუშავდეს იგივე საინიციატივო ჯგუფები, ჩამოვიდეს დიასპორის მინისტრი... დავით ბაქრაძე რომ მოგიგებს ამერიკაში, თავი სად უნდა გამოყო? მაგალითად, პაატა აბჟანდაძე, რომელიც გაეროს შტაბ-ბინასთან პროვოკაცია მოაწყო, არის "ნაცმოძრაობის" საყრდენი ძალა. ეს ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რომ ხალხი გადაიბიროს და "ქართული ოცნება" "დააჩმოროს". სააკაშვილი აქ არის, შაშკინი აქ არის, კახა ლომაია და თემურ იაკობაშვილიც აქ არიან, ყოველთვიურად ჩამოდიან "ნაცმოძრაობის" დეპუტატები, მართავენ შეხვედრებს სააკაშვილთან, აქვთ დაწერილი პროგრამები, ემიგრანტებთან უკვე ოჯახ-ოჯახ დადიან, ღონისძიებებს მართავენ და ქართველებში ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანტონ ჯღამაძე.

 


"მეტი რა გინდათ? სააკაშვილი დადის, არიგებს ამ მედლებს და ორდენებს. კახა ლომაიას მეგობარი გიორგი შენგელიაც აქ არის, სააკაშვილმა ღირსების ორდენი რომ გადასცა, ეგეც მაგრად მუშაობს. დღეს ნაციონალებს აქ ჰყავთ 300-კაციანი აქტივი, როცა დასჭირდებათ, არც ერთი არ დაიხევს უკან. 200 კაცი ჰყავთ რეზერვში და 500-კაციანი აქტივი ცოტა არ არის ნიუ იორკში. ჩვენ გაცილებით მეტი აქტივისტი გვყავდა და დღეს გაჩნდა სამი მიმდინარეობა: პირველი - "ნაცმოძრაობა", მეორე - "ნაცმოძრაობა", რომელიც შეივსო განაწყენებული ოცნებისტებით, მესამე - ნიჰილიზმით დაავადებული "ოცნებისტები", რომლებიც უიმედოდ დარჩნენ. რატომ მოხდა ასე? კაციშვილი არ ითხოვდა ფულს, კაციშვილი არ ითხოვდა ხელფასს - აქ საჭირო იყო ყურადღება და დალაპარაკება. ბოლოს და ბოლოს ნიუ იორკში ერთ ქართულ ცენტრს მაინც დავაარსებდი. მოვუყრიდი ემიგრანტებს თავს და დაველაპარაკებოდი, ამ ხალხს ვაგრძნობინებდი, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ვიმეორებ, ესენი არ ითხოვენ ფულს და თანამდებობებს ", - განაგრძობს რესპონდენტი.

 

 

"ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო ჩამოსული, შეხვდა ისეთ ხალხს, ბომონდს რომ ეძახიან. ჩვენც გვაქვს პროგრამები, იდეები. მე პირადად ვესაუბრე ღარიბაშვილს იმ შეხვედრის შემდეგ - თვითონ მივედი და ჩემთვის გამონახა რამდენიმე წუთი. კაცს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ამერიკაში არსებობდა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი. ეს საქმე მე დამავალა კოალიციამ და ამ ადამიანს ხომ უნდა უთხრან, რომ ნიუ იორკში ასეთი ორგანიზაცია არსებობს. როცა ყველაფერი ავუხსენი, მიყურა, მომისმინა და ბოლოს მითხრა, აუცილებლად დაგიკავშირდებითო, მაგრამ იმის მერე არავინ დაგვკავშირებია - დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილმა ვინმეს დაავალა", - ამბობს ანტონ ჯღამაძე.

  


"არჩევნების პერიოდში აქ იყო კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც შუამდგომლობას გვიწევდა საკონსულოსთან, მაგრამ ესეც დაიშალა. მართალია, მაშინდელი კონსული ხშირად გვემალებოდა, მაგრამ მოადგილე მაინც იყო და პასუხს გვცემდა. ჩვენ მაინც "ვაწვებოდით" - რომ არ მივწოლოდით, დამკვირვებლებსაც არ დაარეგისტრირებდა და ყველაფერს წყალში გადაყრიდნენ. საკონსულოს ძირითადი ბირთვი არ შეცვლილა, ისევ ისინი არიან. შეიცვალა მხოლოდ კონსული. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეს პაატა აბჟანდაძე იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამ კომისიაში კი პრაქტიკულად მისი საახლობლო ტრიალებდა. ხალხი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს დავარეგისტრირეთ და ამისთვის დიდი ომი დაგვჭირდა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სიებში არ აღმოჩნდა. "ნაცმოძრაობამ" ფაქტობრივად ისევ გაგვიყალბა. თბილისიდან კი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთი ზარი არ მოსულა, არავინ დაინტერესებულა ცოცხლები ხართ თუ მკვდრებიო", - აღნიშნავს აშშ-ში "ქართული ოცნების" ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

 


"კონკრეტულად ნიუ იორკში "ნაცმოძრაობა" ერთ მუშტად არის შეკრული. შაშკინი, იაკობაშვილი და ლომაია უკვე დღედაღამ მუშაობენ. ლამის ყოველკვირეული დღესასწაულები აქვთ. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ჩანს თუ არა ამას არ აქვს დიდი ნიშვნელობა, მთავარია გეგმა და დაფინანსება. ესენი გეგმებს აწყობენ და არცთუ ისე ცუდად. თუ სადმე ქართული ღონისძიებაა, ყველგან პირველები არიან, ძალიან ბევრს მოძრაობენ და ეს ხალხზე მოქმედებს - ფიქრობენ, რომ ნაღდად მობრუნდებიან. უნამუსო სააკაშვილი ჩამოდის, მედლებს არიგებს და ამ დროს ჩვენ ვსხედვართ და ვუყურებთ ამ სულელს, როგორ დარბის ნიუ იორკის ქუჩებში. არადა იყო დრო, "ნაციონალებს" ქუჩაში წესიერად სიარული არ შეეძლოთ, სააკაშვილი კი ჩვენს დანახვაზე კანკალს იწყებდა. ასე დაემართა ზუსტად გაეროში შევლის წინ - ჩამოხტა მანქანიდან და გაიქცა. ახლა ჩვენ ვართ კუთხეში გაწეულები და ესენი "ბლატაობენ". ცოტა ხანში ისეთ სახეებს შეაგროვებენ, "ნაცმოძრაობა" საერთოდ არ გამოჩნდება: მუშაობენ სტუდენტებზე, სპორტსმენებზე სულ სხვა კუთხით აპირებენ რეაბილიტაციას", - დაასკვნის ანტონ ჯღამაძე.

 

 

"ნაციონალებს" დიდი ფული აქვთ, წინაააღმდეგ შემთხვევაში აქ ერთი დღესაც ვერ იცხოვრებდნენ. ეს ხალხი არ ცხოვრობს ისეთ უბნებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ - ეგენი ძირითადად მანჰეტენზე არიან, სადაც 1-ოთახიანი ბინაც რომ იქირაო, სულ მცირე თვეში 4-5 ათასი დოლარი გინდა. გეუბნები მანჰეტენის "ისე რა" ადგილებს. "ნაციონალები" ცენტრში ცხოვრობენ. ფულს საიდან შოულობენ, ეს უკვე გამოსაძიებელი საკითხია. ლომაიები და სააკაშვილები მოპარული ფულით ცხოვრობენ. მაგრამ აქ ახვა "ნაციონალებზეა" საუბარი. ალბათ ესენი უხდიან, თორემ აბა აბჟანდაძემ საიდან უნდა იშოვოს... უკვე მესამედ ვამბობ, ჩვენ ფული არ გვინდა, შეიძლება იქით დავახარჯოთ "ოცნებას" როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს დავახარჯეთ. 2016 წელი ახლოვდება, წინ არჩევნებია და უბრალოდ გაგვაგებინონ რა უნდათ ბოლოს და ბოლოს - ვჭირდებით თუ არ ვჭირდებით", - დასძენს რესპონდენტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი