დავით ბეგიაშვილი: "ქართულმა ოცნებამ" დიდწილად ამოწურა ნდობის ის უპირობო კრედიტი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა
04-10-2014, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ბიზნესმენი, დავით ბეგიაშვილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუებას ვრცელი წერლით გამოხატავს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე "სამართლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაჯანსაღება, ისევ ოცნებად რჩება". ბიზნესმენის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებში არ ჩანს იოტისოდენა მცდელობაც კი, რომ ქვეყნის საერთო-ეროვნული ინტერესი პირადულზე წინ იყოს დაყენებული, რამაც მისი აზრით, მიგვიყვინა "უუნარო სახელმწიფოს" ჩამოყალიბებამდე, რომელიც "თავის ფუნქციას თითქმის ვერ ასრულებს!"

 

 

ბიზნესმენი წერილში "ქართული ოცნების" იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც ხელისუფლების "ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაფლობა" განაპირობა.

 

 

guardian.ge უცვლელად გთავაზობთ დავით ბეგიაშვილის წერილს, რომელიც მან რედაქციას გამოუგზავნა.

 

 

"2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე 24 თვე გავიდა, სამართლიანობის აღდგენა, ქვეყნის გაჯანსაღება დღემდე, სამწუხაროდ, ისევ ოცნებად რჩება. მიღებული დაპირებებიდან სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, საზოგადოებაში გაჩენილია იმედგაცრუება.

 

 

ყოველთვის ვცდილობ, ცივი გონებით გავაანალიზო ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელშიც ქვეყანა მთლიანადაა ჩაბმული. სააკაშვილის მმართველობისას ხშირად ვამბობდი, რომ ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული-თქო. ვითარება დიდად არც ეხლა იცვლება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ განაწილდა ფუნქციები, გავლენის სფეროები, იკვეთება ალიანსებიც და ამის მიზეზი სწორედ რომ უთავოდ დარჩენილი საზოგადოებაა. ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, ვერც ახალში და ვერც ძველში, ვერ დავინახე სურვილი, ეფიქრათ და ეზრუნათ საკუთარ ქვეყანაზე; ვერ დავინახე შესაფერისი ცოდნა, რომელიც საქვეყნო საქმის კეთებაში დაეხმარებოდათ; ჯერ-ჯერობით, ვერ დავინახე იოტისოდენა მცდელობაც კი, რომ საერთო-ეროვნული ინტერესი პირადულზე წინ დაეყენებინათ...

 

 

დღეს სახეზეა შედეგი - უუნარო სახელმწიფო, რომელიც თავის ფუნქციას თითქმის ვერ ასრულებს!

 

 

ნათლად ჩანს, რომ “ოცნების” მართველობის პერიოდში სისტემა, დამნაშავეები და მიტაცებული ქონება ხელშეუხებელი იქნება. უწყებები კვლავ “ნაციონალებითაა“ სავსე, აღმასრულებელი ხელისუფლება კომფორტულადაა, ცდილობს მოირგოს საზოგადოებისათვის საშიში ეს მემკვიდრეობა და აპირებს, ქვეყანა კვლავ კრიმინალებთან და ჯალათებთან ერთად მართოს მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლების უამრავი მომხრე თუ მხარდამჭერია “გადაგდებული” - თავის დროზე გულანთებულები, თავგანწირულები კეთილი მომავლის იმედით იბრძოდნენ, დღეს კი იმედგაცრუებული და მოტყუებულები, დამცირებულნი, თავისი მდგომარეობით უკიდურეს სიდუხჭირეში იმყოფებიან. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ერთეული ფუნქციონერებისა და მათ მიერვე სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულ და “მოწყობილი” საკუთარი გარემოცვისა თუ ნათესავებისა და მათთან ალიანსში მყოფი დანაშაულებრივი სისტემის წევრების წელის გასქელებისა და კეთილდღეობისათვის უზრუნიათ. საკუთარ გუნდშიც დაპირისპირებაა!.. სამაგიეროდ, „საერთო ენა“ გამოინახა “ჩაგრულ ოპოზიციასთან”. “ოცნებაში” ეს ვერ მოხერხდა. ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან ხელისუფლების უმაღლესი პირებიც... სახელისუფლებო კრიზისის დროს, გასაგებია, რომ ქვეყნის, სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია.

 

 


შს სამინისტროში, პროკურატურაში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უწყების საიდუმლო ინფორმაციას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აწვდიან და ხელს უშლიან სახელისუფლებო სტრუქტურებს გამართულ მუშაობაში. ძველი, დანაშაულებრივი რეჟიმის მესვეურები მედიაზე, აღმასრულებელ, საფინანსო, სასამართლო თუ სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლს დღესაც ინარჩუნებენ, ახორციელებენ ფარულ მოსმენებს, გეგმავენ შეთქმულებებს, პროვოკაციებს, რადიკალურად არაფერი შეცვლილა!.. დღესაც მონაწილეობენ ჩრდილოვან ეკონომიკაში, იღებენ დივიდენდებს მიტაცებული ქონებიდან. ახალი ხელისუფლების მიერ ჯალათების, მათ მიერვე შექმნილი დანაშაულებრივი სისტების მსხვერპლად წარმოჩენისა და ლოიალური დამოკიდებულების პირობებში დანაშაულის სიმძიმის დაფარვისა და არა ინფორმირებულობის გამო ისინი საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მხრიდან, პარადოქსია, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში დღესაც მოიაზრებიან განმათავისუფლებლებლად, აღმშენებლებლად თუ დემოკრატიის შუქურებად, პოლიტიკურ დევნილებად... სარგებლობენ მფარველობით, მხარდაჭერითაც კი...

 

 

ამ დროისათვის სამწუხაროდ კვლავ ოცნებად და შორეულ პერსპექტივად რჩება დაპირებები, ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცვის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიური გარემოს გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნის, სიღარიბის დაძლევის თუ სახელწიფოსათვის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები.

 


უმეტესწილად აღმასრულებელი ხელისუფლება, სამართალდამცავები საქმიანობას იმ ფორმატში ახორციელებენ, რომელიც მემკვიდრეობით იქნა მიღებული წინა ხელისუფლებისგან.

 

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შემდგომ სულ უფრო და უფრო თვალშისაცემია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ეფლობა საქართველო.

 

 

დღეს უკვე აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დიდწილად ამოწურა ნდობის ის უპირობო კრედიტი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეს ავტომატურადხ "ნაციონალების" რეიტინგის ზრდას ნიშნავს, მაგრამ ეს ფაქტი მხოლოდ აღრმავებს კრიზისს და თუ ასე გაგრძელდა, მე მის მომავალს უფრო მუქ ფერებში ვხედავ - ხიდი ჩატყდება, უფსკრული თავს იჩენს. საქართველოში მცხოვრები ადამიანები ყოველთვის პროტესტზე და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე იფიქრებენ, და თუ რატომ, ეს არ იქნება ძნელი მისახვედრი - სახელმწიფოში გამეფებულია უმოქმედობა, ინტრიგები, დაპირისპირება, შეცდომები თუ გადაცდომები... შელახულია ადამიანების უფლებები, ხდება ქვეყნის ცრუ წარმოჩენა, ვითომ მიღწევების ბუტაფორიული რეიტინგები, რეალურად გაკეთებული საქმე არ ჩანს, დანაშაულებრივი სისტემაც არ ჩამოშლილა, იგი ისევ მოქმედებს... ძაღლი ყეფს, დროის ქარავანი მიდის... შემდეგ არჩევნებამდე კი, დარჩა მხოლოდ 24 თვე!..

 


P.S. არ მინდა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში ყოფნა, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია: როცა ხალხმა აგირჩია, იმედის თვალით გიყურებს და ამ დროს მათ ხმას უგულებელყოფ - უპასუხისმგებლო ხარ!..

 


სტატია მომზადებული იყო, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტში მოხვდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ასევე - მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა. „ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევებში დაძაბულობა ჩრდილავდა ბევრ პოზიტიურ ცვლილებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ გარემოში“ - ნათქვამია ტექსტში.

 

 

ავანგარდში მყოფ პოლიტიკურ ელიტას, ნაცვლად იმისა, რომ როგორც საკუთარ ისე ქვეყნის იმიჯზე ეზრუნა, რაციონალურად გამოეყენებინა ხელისუფლებაში ყოფნის ორწლიანი ვადა და დროულად შეესმინა საზოგადოების მოთხოვნა - გამიჯვნოდა საკუთარი ხალხისათვის მტრადქცეულ რეჟიმს და ჩადენილი დანაშაულები სრულად ობიექტურად გამოეძიებინა და შემდგომ გაესაჯაროებინა, მან განვლილი პერიოდი, პირიქით, მტკიცებულებების განადგურების, საქმეების მიჩქმალვისა და დამნაშავეების მათ მიერვე ორგანიზებული სისტემის მსხვერპლად წარმოჩენის პოლიტიკას მოახმარა...

 

 

ალბათ, სხვანაირადაც რომ ემუშავათ, არ გაიმართებოდა ბოლოდროინდელი პროვოკაციული ემიგრანტების მიტინგიც. კიდევ რამდენი სხვა...

 


ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი 2 წელი!"

 

 

 

კომენტარები: 2
#2   Nina,)
      
ვეტანხმები სრულად!..ეხლა მადლი არ იქნება, მართლა მობრუნდეს მიშა მისი ნაცბანდით და ესენი სუყველა ცოცხებზე გაისტუმროს?

[quote=Nina,)]ვეტანხმები სრულად!..ეხლა მადლი არ იქნება, მართლა მობრუნდეს მიშა მისი ნაცბანდით და ესენი სუყველა ცოცხებზე გაისტუმროს?
ტუ ესე გააგრზელეს დარჩენილ 2 წელს ეჭვი მაქვს ვერც გასტანენ,ჩემი სუბიექტური აზრია
4 ოქტომბერი 2014 04:44
#1   qarTveli
      
ობიექტური წერილია, ბეგიაშვილი ყოვეთვის სიმაღლეზეა..

სიმართლე საჭიროაა.ამიტომ ,გაჩუმებულ და დამკვირვებლის მდგომარეობასჰი მყოპი ქართველები,ვერ შევკმნიტ ჯანსაგ ქვეყანას. ამიტომ სრულად ვიზიარებ აზრს..!
4 ოქტომბერი 2014 01:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი