ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა- „აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია“
12-09-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში“ -განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე.

 

 

მისი თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევითი. როგორც პრემიერმა განმარტა, ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.

 

 

„დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს.

 

 

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ,,მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი“ და დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველი ეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, ფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში.

 

 

ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად არ არის შემთხვევითი. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია.

 

 

ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ეს იდეა მან პირველად საზოგადოებას ჯერ კიდევ 2011 წელს გაუზიარა, როდესაც თავისი ,,პირველი წერილი" გამოაქვეყნა. თუმცა, თავად იდეა ბევრად უფრო ადრე გაჩნდა. დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოში იწყებს ხორცშესხმას. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი და ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს.

 

 

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც გზის გახსნა და თანამედროვე ცოდნის მიცემა სჭირდება.

 

 

„უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში.

 

 

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ეს ულამაზესი ადგილია, აქ არის ტყეც, ტბაც, მდინარეც, და ამავე დროს ძალიან მოხერხებულია უნივერსიტეტისთვის. აქ აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება. აქ იქნება საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეები, აუდიტორიები, ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, საერთო საცხოვრებლები სტუდენტებისთვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის. აქ იქნება კინოთეატრები, დასასვენებელი კლუბები, კაფეები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთისადა რაგბის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, მინი ფეხბურთის მოედნები, კალათბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები და შეიქმნება ყველა ის კომფორტი, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებშია.

 

 

ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ ეს ულამაზესი ბუნება აბსოლუტურად იქნება შენარჩუნებული. გამოყენებული იქნება მაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები“.

 

 

აქ იქნება სწავლება ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ მიმართულებებზე. უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება - აქ ისწავლება სხვადასხვა დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები, მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინური პროგრამები. მსოფლიო დღეს უკვე განიცდის ამ სპეციალისტების ნაკლებობას და საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოს განვითარებულ სახელმწიფოებს მაღალკვალიფიციური კადრებით. დარწმუნებული ვარ, ეს უცხოელ ინვესტორებს გაუჩენს ინტერესს, რომ სწორედ საქართველოში განახორციელონ მაღალტექნოლოგიური პროექტები. ამავე დროს, უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სხვა განხრის სპეციალობების შესწავლაც, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის სწრაფი და თანამიმდევრული განვითარებისათვის.

 

 

უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს“, - მიმართა პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს.

 

 

მისივე თქმით, უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში გვერდში დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, იაპონიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბევრ მათგანთან უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა.

 

 

„დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიც სახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს.

 

 

ასეთი დონის საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელ სტუდენტებზეც იქნება გათვლილი, უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური. დარწმუნებული ვარ, ეს საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და იქცევა რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად.

 

 

საუნივერსიტეტო ქალაქის დაარსება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან. დღეს მთავრობა უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განათლების სისტემა გავხადოთ თანამედროვეობას მორგებული, ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული, სრულად გამოვიყენოთ და სწორად მივმართოთ ადამიანური რესურსები ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის.

 

 

მოგეხსნებათ, რომ მსოფლიოში დღეს უკვე ტენდენციად იქცა საუნივერსიტეტო ქალაქებში ბიზნესინკუბატორების, ინოვაციური პარკების, სტარტაპ-კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება. ბევრი გამოგონება და წარმატებული ბიზნესი სწორედ უნივერსიტეტების წიაღში იბადება და ვითარდება. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ სტარტაპების პროექტების სახელმწიფო დაფინანსება, ქართველი მეწარმეებისა და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნივერისტეტშიც ბევრი საინტერესო პროექტი დაიბადება.

 

 

გარდა უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციისა, საუნივერსიტეტო ქალაქი თავად ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს უზარმაზარ წვლილს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომლებიც მას ტრადიციულად ჰქონდა. ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მუშაობდნენ საუკეთესო ინჟინრები, ტექნოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მე მჯერა, რომ ამაში საუნივერსიტეტო ქალაქი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.

 

 

ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება ქუთაისელებისთვის და ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს. ბევრი ადგილობრივი უკვე მშენებლობის პროცესში დასაქმდება, ხოლო როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქი დაიწყებს ფუნქციონირებას, საჭირო გახდება სათანადო კადრები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდება.

 

 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი - ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად, სერიოზულ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისადა მეცნიერების განვითარებას.

 

 

მინდა გითხრათ, რომ ორივე ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ევრო გახლავთ და მას მთლიანად აფინანსებს ფონდი ,,ქართუ". მთელ ციკლს, საუნივერსიტეტო ქალაქის დაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, მისი აღჭურვითა და ფუნქციონირებით დამთავრებული, უზრუნველყოფს ფონდი ,,ქართუ". ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, სანამ უნივერსიტეტს და სახელმწიფოს არ ექნება საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ საკუთარი ძალებით შეინახონ საუნივერსიტეტო კომპლექსი.

 

 

მინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ისტორიული პროექტებისთვის, რომელსაც ნამდვილად ექნება უდიდესი მომავალი და მთლიანად შეცვლის განათლების სისტემას. ეს არის მისი მხრიდან ძალიან დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად, ასმაგად დაგვიბრუნდება ყველას, მთელ საქართველოს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი