ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ამას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, „ხელისუფლება ცუდი სასტარტო პირობებით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას“ და ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე, „მათთვის ახლა ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები საფრთხის შემცველი“ იქნება.
როგორც Guardian.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა აღნიშნა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის პოსტზე "ქართული ოცნების" კანდიდატი „ნებისმიერი შეიძლება იყოს“.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გაჟღერებულ ფრაზას, რომ იგი მიესალმებოდა პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა „თქვა, რომ რატომ მაინცდამაინც ეს, რადგან ღარიბაშვილს შეიძლება სხვა რაღაცაც უნდოდეს“ და ამით მან „დიპლომატიური პასუხი გასცა“.
თავად ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს „კარგ კანდიდატად“ არ მიიჩნევს, რადგან „როგორც პოლიტიკოსი, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ იყო კარგი“ და გამომდინარე აქედან, მას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, „ამ მდინარეში მეორედ შესვლას“ არ ურჩევდა, რადგან „მან როგორც იქნა მოახერხა თავისი რეალური ცხოვრების დაბრუნება“.
„მან [ივანიშვილმა] თქვა, რომ პრინციპში რატომაც არა, ეს განხილვადია. როდესაც თქვენ კონკრეტულ ადამიანზე ეკითხებით და ის გპასუხობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მხარს უჭერს ამ პოსტზე. ეს ნიშნავს, რომ განხილვადია ის, როგორც ნებისმიერი სხვა. აბა ახლა რა ეთქვა, რომ არა, არავითარ შემთხვევაშიო? - დიპლომატიური პასუხი გასცა და იქვე თქვა, რომ რატომ მაინცდამაინც ეს, რადგან ღარიბაშვილს შეიძლება სხვა რაღაცაც უნდოდეს. ანუ მან დიპლომატიურად თავი აარიდა პასუხის გაცემას. ეს რატომღაც იქნა წაკითხული, რომ ეს მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილს, რაც აბსოლუტურად არასწორია. თქვენ შეგიძლიათ ციტატა მოიძიოთ და მიხვდებით, რომ ასეა და არა სხვანაირად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი შეიძლება იყოს, არ ვაპირებ ამაზე ტვინის ჭყლეტვას. სიმართლე გითხრათ, მე არ მეჩვენება, რომ ღარიბაშვილი არის კარგი კანდიდატი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ადამიანს აქვს თავისი კვალიფიკაცია. როგორც პოლიტიკოსი ის, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ იყო კარგი. თუნდაც კონტრასტი რომ ავიღოთ გიორგი კვირიკაშვილსა და მას შორის, მაშინ როდესაც კვირიკაშვილიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება, ამ ფონზე ღარიბაშვილი კიდევ უფრო უარესად ჩანს. მან როგორც იქნა მოახერხა თავისი რეალური ცხოვრების დაბრუნება. ახლა ისევ მეორედ იგივე საშინელ მდინარეში შესვლა… ადამიანურად, მე არ მემეტება ღარიბაშვილი. მას აქვს თავისი საქმე, თავისი პროფესიონალიზმი, დიდი ოჯახი ჰყავს, ვუსურვებ, რომ იყოს ბედნიერი და თავის პროფესიულ საქმიანობაში რაღაცა აჩვენოს. როგორც პოლიტიკოსი ის, ბუნებრივია, არც არსებობდა, მოგონილი პოლიტიკოსი იყო და დამთავრდა ეს სიზმარი მის ცხოვრებაში და რატომ გვინდა რომ ისევ დავაძინოთ და გაუგებრობაში მოხვდეს, მე არ მესმის“.
Guardian.ge-ს კითხვაზე - და მაინც, როგორ ხედავთ ირაკლი ღარიბაშვილის როლს სამომავლოდ ქართულ პოლიტიკაში? - ხუხაშვილი პასუხობს:
„მე არ ვურჩევდი, მოდი ასე ვთქვათ. მე რას ვხედავ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემს ხედვაზე არ არის დამოკიდებული. მისი ცხოვრებაა და თუ მას უნდა პოლიტიკაში, იყოს პოლიტიკაში. უბრალოდ, მე მას არ ვურჩევდი ამ მდინარეში მეორედ შესვლას. ისედაც დაზარალდა და კიდევ უფრო დაზარალდება. შესაბამისად, ახლა ადამიანურად ხომ არ მეჯავრება და ადამიანურ რჩევას ვაძლევ და დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს, უნდა პოლიტიკაში წავიდეს და უნდა „ფორმულა 1“-ის პილოტი გახდეს. მისი გადასაწყვეტია, მისი ცხოვრებაა, ჩემი ხომ არ არის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.