ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეკლესია კვლავ შეასრულებს განსაკუთრებულ როლს საქართველოს აღორძინების საქმეში
25-03-2017, 01:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და არის იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და წინსვლისთვის“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიამ თვითმყოფადობის შენარჩუნება ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეძლო.

 

 

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და სიძლიერისთვის ბრძოლა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. ასი წლის წინ ეს ბრძოლა ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს ერთი წლით უსწრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს თარიღებიც ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იდგა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას ვერც საბჭოთა რეპრესიული მანქანა ვერ მოერია. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებაზე და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვენი.

 


„განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ღვაწლი საქართველოს თავისუფლებისა და აღორძინებისთვის ბრძოლის საქმეში უწმინდესო და უნეტარესო, თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დოკუმენტს 1990 წელს ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1 წლით ადრე მსოფლიო პატრიარქმა მოაწერა ხელი. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საქართველოს ეკლესიას და მის ავტოკეფალიას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ქართული ეკლესია და საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განვითარების იდეა არის განუყოფელი. გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს. მჯერა, რომ ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფას. ქართული სახელმწიფოს თავისუფალი განვითარება და მისი ადგლის დამკვიდრება თავისუფალ სამყაროში - გარდაუვალია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეკლესია კვლავ შეასრულებს განსაკუთრებულ როლს საქართველოს აღორძინების საქმეში“, მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს.

 


კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.

 


მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე) წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ავტოკეფალური მოძრაობის დაგვირგვინება“.

 


მეუფე ანანიამ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე და ქრისტიანობის გავლენაზე ქართველი ერის იდენტობაზე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავტოკეფალიის შენარჩუნებისათვის ქართველი სასულიერო მოღვაწეების ღვაწლზე, ავტოკეფალიის გაუქმებაზე, ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარებისათვის საქართველოს ეკლესიის ბრძოლაზე.

 


„ავტოკეფალიის აღდგენა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დიდება და ღირსებაა ჩვენი ერისა და ეკლესიისა. ჩვენც და მომავალი თაობაც ვალდებული ვართ თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს“, აღნიშნა მეუფე ანანიამ.

 


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, როინ მეტრეველმა მოხსენებისას ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიის ცალკეულ პერიოდებზე. ქრისტიანობის როლზე საქართველოს ისტორიაში და აღნიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი ფენომენი ქრისტიანობაა.

 


მან ისაუბრა ქართველ სასულიერო მოღვაწეებზე, რომლებიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ავტოკეფალიის აღდგენისთვის და შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ. როინ მეტრეველმა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მიმართა: „განუზომელია თქვენი ღვაწლი და ამაგი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა-დაბრუნების საქმეში. თქვენმა მცდელობამ და ძალისხმევამ გახადა შესაძლებელი ქართულ ეკლესიას თავის კუთვნილი ადგილი დაებრუნებინა მსოფლიო საქრისტიანოში“.

 


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და ხელისუფლების აქტიური მონაწილეობით ხდება: „ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში პრობლემა ერისა და ბერის ერთიანობისა არ არსებობს და ხაზი უნდა გავუსვათ ამის დიდ მნიშვნელობას“.

 


საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის მოხსენების თემა იყო „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოში“.

 

 

მან ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე. ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართლველოს ისტორიაში.

 


„დღეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობა ხორციელდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს, 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაფორმდა. ამით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიარებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულად არსებულ განსაკუთრებული ფუნქციისა და მნიშვნელობის მქონე სუბიექტად, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ აკნინებს, რადგან დღეს იურიდიულად ყველას ერთი მდგომარეობა აქვს.

 

 

რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ იმავე სტატუსით, რაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს“.-განაცხადა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ.

 


საქართველოს პარლამენტის წევრის, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის მოხსენების თემა იყო: „ისტორიული სამართლიანობის საუკუნოვანი იუბილე“.

 


ზაქარი ქუცნაშვილის განცხადებით 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით და იმავე წელს ორი სეგელის მიღებით, რომელთაგან ერთი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, ხოლო მეორე მისი მეთაურის პატრიარქის ტიტულს ადასტურებდა, მსოფლიო ქრისტიანულმა სამყარომ საბოლოოდ აღიარა ქართული ეკლესიის დამოიკიდებლობა.

 


„ავტოკეფალიის საბოლოო აღიარებით საქართველოს ეკლესიას დაუბრუნდა იგივე პატივი და ღირსება, რითაც საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდა. ვისუვებდი, რომ საუკუნოვანმა იუბილემ მეტი ძალა მისცეს საქართველოს ეკელესიას“,-აღნიშნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

 


კონფერენციაზე დამსწრეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა.

 


„ მე ვფიქრობ ყველაფერი ხდება ღვთის განგებით და ღვთის ნებით. საოცარია, რომ პირველად შეიძლება ეკლესიის ისტორიაში სახელმწიფო აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ავტოკეფალია ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა, რომელიც ეძლევა ამა თუ იმ ერს და მეხუთე საუკუნეში, როცა ვახტანგ გორგასალმა მოიპოვა ავტოკეფალია, ეს იყო დასაწყისი ამ დიდი მადლისა. ავტოკეფალია ეს არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის დიდი ძალა, დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ჩვენ ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო? ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა, ჩვენი ეკლესია და ჩვენ ვმადლობთ უფალს. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე - კირიონის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემის, დავითის და სხვა წმინდა მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომელიც დღეს აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლისთავს“, განაცხადა ილია მეორემ.

 


კონფერენციის დასასრულს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დამსწრეები დალოცა და დღევანდელი დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხატი უსახსოვრა.

 


კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაეთვალიერებინათ.

 


ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სინოდის წევრები და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი