სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დასკვნითი სხდომა გამართა
22-04-2017, 08:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობთ, რომ ორივე ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული", პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნით სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდება ის, რომ მმართველი ძალა არ ცვლის საქართველოს კონსტიტუციას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამას არ აკეთებს საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

 

კობახიძემ მოკლედ მიმოიხილა დოკუმენტი და ხაზი გავუსვა იმ ძირითად ცვლილებებს, რომლებიც უნდა შევიდეს საქართველოს ძირითად კანონში და აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციის ყველა თავს შეეხო.

 

 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ძალიან აქტიური ჩართულობისთვის სამუშაო პროცესში. რომ არა თითოეული თქვენგანის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებდით დახვეწილი დოკუმენტის შემუშავებას, ისეთი დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც, კიდევ ერთხელ, უზრუნველყოფდა სრულ თავსებადობას ჩვენი ძირითადი კანონისა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის ჩაყრას.

 

 

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობთ, რომ ორივე ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული. პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდება ის, რომ მმართველი ძალა არ ცვლის საქართველოს კონსტიტუციას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამას არ აკეთებს საკუთარი სუბიექტური გადაწყვეტილების საფუძველზე. პირველად, დაიგეგმა ღია და რეალურად ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესი, რომლის საფუძველზეც ძალიან ფართო წარმომადგენლობით შემუშავდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტი.

 


კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ორი ძირითადი ამოცანა - ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ძალიან მყარი დემოკრატიული კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება და ამ ორი მიზნის შესაბამისად მოქმედებდა თითოეული ჩვენგანი, როდესაც მუშაობდა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტზე.

 

 

პირველად, უახლეს ისტორიაში ხდება ის, რომ არათუ საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს არ არგებს კონკრეტული ძალა საქართველოს კონსტიტუციას, არამედ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი რეგულაციები, ახალი რედაქცია კონსტიტუციის, პირდაპირ ეწინააღმდეგება მმართველი ძალის სუბიექტურ ინტერესებს. ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელზეც არის დაფუძნებული საქართველოს კონსტიტუციის ის ახალი რედაქცია, რომელიც დაეგზავნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თითოეულ წევრს და რომელიც შემუშავდა თითოეული ჩვენგანის ჩართულობის საფუძველზე.

 

 

მე კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან მოკლედ მიმოვიხილო ჩვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი და ხაზი გავუსვა იმ ძირითად ცვლილებებს, რომლებიც შევიდა საქართველოს ძირითად კანონში. მიმოვიხილავ საქართველოს კონსტიტუციის თითოეულ თავს ძალიან მოკლედ. შეგახსენებთ, რომ ფუნდამენტური ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის ყველა თავს. დოკუმენტი გასწორდა როგორც იურიდიული ტექნიკის, ისე კონცეპტუალურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით. ერთი და მეორე კუთხით, ორივე თვალსაზრისით საჭიროებდა კონსტიტუცია ფუნდამენტურ გადამუშავებას და სწორედ ასეთი ფუნდამენტური გადამუშავება განხორციელდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესის ფარგლებში. მე შეგახსენებთ, თუ რა ცვლილებები შევიდა საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში. მაგალითად, დაიხვეწა რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ენასთან, განმტკიცდა სახელმწიფო ენის დაცვის კონსტიტუციური გარანტიები, ასევე, შეიქმნა ძალიან მყარი გარანტიები ჩვენი სახელმწიფო სიმბოლოების დასაცავად, ძალიან მკაფიოდ გაიწერა კონსტიტუციური სამართლის სამი ფუნდამენტური პრინციპის მნიშვნელობა, ეს არის: დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.

 

 

რაც შეეხება დემოკრატიის პრინციპს, აქ გვაქვს კონკრეტული ახალი გარანტიები ჩადებული კონსტიტუციის პირველ თავში, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, კონსტიტუციური ორგანოების მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით შემცირება ან გაზრდა არის დაუშვებელი. ამით აღიკვეთება გრძელვადიან პერსპექტივაში ის ძალიან მანკიერი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული იყო გასული წლების განმავლობაში. განმტკიცდა კონკრეტული გარანტიები იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიების თავისუფლება, თანასწორობა, შიდაპარტიული დემოკრატია, გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. განმტკიცდა კონკრეტული გარანტიები, რომლებიც დაკავშირებულია ნორმატიული აქტების იურიდიულ ძალასთან, განმტკიცდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნოვაცია. თქვენ გახსოვთ, რომ ეს პრინციპი, ასე ვთქვათ, აქამდე ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და არ ჰქონდა შესაბამისი კონსტიტუციურ სამართლებრივი დატვირთვა და დღეს სოციალური სახელმწიფოს პრინციპმა შეიძინა ძალიან კონკრეტული და მყარი კონსტიტუციური დატვირთვა. ეს პრინციპი არის სათანადოდ განმარტებული და გაწერილი კონსტიტუციის პირველ თავში.

 

 

ასევე, გვაქვს სპეციალური მუხლი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, სადაც ეს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც არის ასახული ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულაში, არის დეტალურად განმარტებული.

 

 

ასევე, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტებები იმ რეგულაციებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიულ სახელმწიფოებრივ მოწყობასთან. მოწესრიგდა ის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აჭარის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებთან, თვითმმართველობის გარანტიები არის განმტკიცებული კონსტიტუციის პირველ თავში, გარანტირებულია სუბსიდიარობის პრინციპი და ფინანსური სახსრების შესაბამისობის პრინციპი.

 

 

რაც შეეხება კონსტიტუციის მეორე თავს - აქ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები და რეალურად, უზრუნველყოფილია კონსტიტუციის მეორე თავის სრული შესაბამისობა კონსტიტუციური სამართლის დოგმატიკასთან და ფუნდამენტურ პრინციპებთან.

 

 

გვაქვს უმნიშვნელოვანესი დაზუსტებები, მაგალითად, ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, რომელიც არ იყო დაცული კონსტიტუციის მეორე თავით ხაზგასმით და ახლა უკვე ხაზგასმით არის მოხსენიებული კონსტიტუციის ამ ნაწილში.

 

 

გვაქვს უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომლებიც უკავშირდება თანასწორობის უფლებას. გახსნილია ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე დისკრიმინაცია არის დაუშვებლად გამოცხადებული. არის სპეციალური, ძალიან მკაფიოდ გაწერილი გარანტიები, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ თანასწორობასთან, ქალებისა და მამაკაცების თანასწორობასთან და აქცენტი გაკეთებულია როგორც ფორმალურ, ასევე მატერიალურ თანასწორობაზე.

 

 

გვაქვს კონკრეტული გარანტიები მოცემული, რომელიც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვასა და რეალიზებასთან.

გვაქვს ასევე მთელი რიგი გარანტიები, რომელიც დაკავშირებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან. აქ არის აწეული სტანდარტი კონსტიტუციის შესაბამისი ჩანაწერებით. ასევე, გვაქვს დადგენილი ახალი გარანტიები, რომლებიც დაკავშირებულია ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან. ახალი სტანდარტია აქ დადგენილი საჯარო ინტერესების შესაბამისად.

 

 

გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები კონსტიტუციის მე-17 მუხლში.

 


გვაქვს ახალი ძირითადი უფლება ინტერნეტზე წვდომის და ინტერნეტით თავისუფალი სარგებლობის ძირითადი უფლება.

 

 

ასევე, გაწერილია გარანტიები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ასევე გაწერილია კონკრეტული გარანტიები, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციონირებასთან. გვაქვს გარანტიები, რომლებიც უკავშირდება ე.წ. კარგი მმართველობის პრინციპებს.

 

 

ახალი მუხლი, ახალი ძირითადი უფლება ჩნდება კონსტიტუციის ძირითად თავში, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებას და ეს პრინციპი აყვანილია კონსტიტუციის დონეზე.

 

 

ასევე არის უმნიშვნელოვანესი დაზუსტებები, რომლებიც შეეხება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. აქაც არის ფუნდამენტურად გაზრდილი სტანდარტი. გვაქვს უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკუთრების უფლებას და რომელსაც ორგანული კანონის დონეზე აყავს ის რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია მიწაზე საკუთრების უფლებასთან.

 

 

გვაქვს უმნიშვნელოვანესი დაზუსტება მე-20 მუხლში, სადაც საუბარია აკადემიურ თავისუფლებაზე და ცალკე ხაზგასმით არის გამოყოფილი ეს ახალი, ძირითადი უფლება. გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომლებიც ეხება გაერთიანების უფლებას, გაწერილია გაერთიანების ლიკვიდაციის ძალიან მკაფიო სტანდარტები და ამ შემთხვევაშიც დადგენილია მაღალი სტანდარტი.

 

 

რაც შეეხება შრომის თავისუფლებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომელიც შეეხება, მაგალითად სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლებას. უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება, რომელიც აქამდე არ იყო გარანტირებული კონსტიტუციის მე-2 თავით.

 

 

უმნიშვნელოვანესი დაზუსტება ეხება სოციალურ უფლებებს. მაგალითად ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, სადაც ძალიან მკაფიო სტანდარტი არის უზრუნველყოფილი, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის. დადგენილია, რომ სახელმწიფო დაზღვევა როგორც ხელმისაწვდომი და ქმედითი სამედიცინო დახმარების საშუალება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეთათვის სახელმწიფოს მიერ.

 

 

ცალკე მუხლად არის გამოყოფილი გარემოს დაცვის უფლება და გარდა იმისა, რომ დამატებითი ყურადღება ეთმობა ამ ძირითად უფლებას, კონკრეტული დამატებითი გარანტიებია დადგენილი. აქ განსაზღვრულია საჯარო სივრცით სარგებლობის უფლება, როგორც დამატებითი ძირითადი უფლება და ასევე, გარემოს დაცვის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება არის გარანტირებული, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლება.

 

 

გვაქვს ასევე დაზუსტება, რომელიც შეეხება ქორწინების უფლებას. ამასთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. მთავარი ამოცანა ამ დაზუსტება არის ის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ღვივდება ჩვენს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობები. ამოცანა ამ დაზუსტების არის სწორედ ამ ჰომოფობიური განწყობების გაღვივების მაქსიმალური პრევენცია. ამ მიზნით გაცხადდა შესაბამისი ინიციატივა თავის დროზე და სწორედ ამ მიზნით აისახა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციის 30-ე მუხლში.

 

 

მოქალაქეობასთან დაკავშირებით გვაქვს უმნიშვნელოვანესი დაზუსტებები, რომლებიც არის ორიენტირებული ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ინტერესების დაცვაზე. ასევე, გვაქვს სპეციალური ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებას.

 

 

გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომლებიც დაკავშირებულია ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებთან, მათ შორის გვაქვს გარანტია ჩადებული იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებების შეზღუდვამ არ უნდა დაარღვიოს ამ უფლებების არსი.

 

 

გვაქვს ასევე დამატებითი გარანტიები, რომლებიც უკავშირდება ომბუდსმენის დამოუკიდებლობას. აქ საუბარია იმუნიტეტზე, ასევე იმპიჩმენტის პროცედურა არის შესაბამისად მოწესრიგებული, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გადაყენებას ომბუდსმენისა, ისევე როგორც სხვა კოსნსტიტუციური თანამდებობის პირების, გარდა იმპიჩმენტის პროცედურისა.

 

 

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავს, ძალიან მოკლედ შევეხები ამ საკითხს - პარლამენტის არჩევნებს. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. ჩვენ გადავდივართ შერეული სისტემიდან, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემიდან, პროპორციულ სისტემაზე.

 

 

კიდევ ერთხელ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით პირველ პრეცედენტზე, როდესაც მმართველი ძალა თავისი ხელით იუარესებს თავის სუბიექტურ ინტერესებს, პირველ შემთხევაში აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სწორედ პროპორციულ არჩევნებზე.

 

 

პრაქტიკულად, მმართველი პარტია თავისი ნებით ამბობს უარს ძალიან მაღალი ალბათობით ხელახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. შემოღებულია პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისი იმ დათქმებით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობის იმ მინიმალურ სტანდარტს ჩვენს ქვეყანაში. სტაბილურობის მინიმალური სტანდარტი აუცილებელია იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე.

 

 

გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომელიც დაკავშირებულია ასევე პარლამენტის ინსტიტუტთან. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება, რომელიც უკავშირდება ფრაქციებს და რომელიც უზრუნველყოფს იმ მანკიერი პრაქტიკის აღკვეთას, რომელიც დაკავშირებულია განუსაზღვრელი რაოდენობით ფრაქციების შექმნასთან საქართველოს სპარლამენტში. ამ კუთხით ჩვენ მივდივართ ევროპული ტრადიციების გზით.

 

 

გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება, რომელიც შეეხება საგამოძიებო კომისიებს. პირველად, კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში საგამოძიებო კომისიის შექმნა იქცევა უმცირესობის უფლებად - ოპოზიციის უფლებად.

 

 

პარლამენტის წევრთა ერთ მესამედს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს პარლამენტში, რაც არის უმნიუშვნელოვანესი ღონისძიებაა.

 

 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ნაწილს, აქაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც არის განხორციელებული. თქვენ გახსოვთ, რომ შენიშვნათა უდიდესი ნაწილი, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა თავის დროზე, 2010 წლის ცვლილებების განხორციელებისას, ეხებოდა სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს. თავის დროზე დასკვნაში აღინიშნა, რომ გადაიდგა სწორი მიმართულებით ნაბიჯები, საპარლამენტო სისტემის მიმართულებით, უბრალოდ, ეს ნაბიჯები იყო ბოლომდე მისაყვანი. რაც შეეხება შემოთავაზებულ ცვლილებებს, ამ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანია იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო სისტემის ფუნქციონირებასთან. ამ ყველაფერს ემსახურება პირველ რიგში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება. არის ძალიან დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასთან და ფუნქციებს შორის, რაც ბუნებრივია განაპირობებს პრობლემებს და ამ პრობლემების მაგალითებს გვაძლევს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა.

 

 

არც ერთი ქვეყანა არ არსებობს საპარლამენტო მმართველობის სისტემის მქონე, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ არაპირდაპირი წესით და იქმნება სისტემური პრობლემები ამ კუთხით, სამაგიეროდ არსებობს ძალიან ბევრი საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყანა, სადაც პრეზიდენტებს ირჩევენ პირდაპირი წესით და ამ ქვეყნების უმრავლესობაში იქმნება სერიოზული სისტემური პრობლემები. ამას ადასტურებს ევროპული გამოცდილება და ევროპული პრაქტიკა.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის სტატუსს, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

 

 

პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც არის წარმოდგენილი ამ თავში, საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციების მარეგულირებელ თავში, არის პრაქტიკულად უცვლელი. მთავარი ამოცანა იყო ის, რასაც გვეუბნებოდა ვენეციის კომისია თავის დროზე, მკაფიოდ უნდა გამიჯნულიყო უფლებამოსილებები აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ მთავრობას და საქართველოს პრეზიდენტს შორის.

 

 

ამ ცვლილებებისა და დაზუსტებების მიზანი არის სწორედ მკაფიო ზღვარის გავლება აღმასრულებელ შტოსა და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შორის და ეს არის სათანადოდ უზრუნველყოფილი წარმოდგენილ დოკუმენტში.

 

 

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს მთავრობის ნაწილი, იყო ერთ-ერთი უმთავრესი სუსტი მხარე საქართველოს კონსტიტუციის. ამას აღნიშნავდა ვენეციის კომისია 2010 წლის დასკვნაში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა უნდობლობის ვოტუმზე და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწილი, საქართველოს მთავრობის თავი და მათ შორის უნდობლობის ვოტუმი არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

 

 

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას და პროკურატურას, გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომლებიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს, უზენაეს სასამართლოს, მათ შორის განსაზღვრულია მინიმალური რაოდენობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების. გვაქვს მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომლებიც ეხება მოსამართლის დამოუკიდებლობას. დადგენილია მოსამართლის შეუცვლელობის გარანტია. მათ შორის ხაზგასმით არის დადგენილი, რომ დაუშვებელია სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. თქვენ გახსოვთ, რა პრაქტიკა იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული ამ კუთხით და თუ როგორ გამოიყენებოდა ამ გარანტიის არ არსებობა ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ზეწოლის მიზნებისათვის.

 

 

გარდა ამისა, აწეულია სტანდარტი მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების. ორი მესამედის უმრავლესობით მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების თაობაზე.

 

 

დაზუსტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი და განსაზღვრულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა ანგარიშვალდებულება მოსამართლეთა თითმმართელობის ორგანოს წინაშე. პროკურატურა არის გამოყოფილი როგორც დამოუკიდებელი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.

 

 

არის მნიშვნელოვანი დაზუსტებები, რომლებიც უკავშირდება ფინანსების და კონტროლის თავს. ჩვენ გავითვალისწინეთ ასევე ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივები და მათი ინიციატივების საფუძველზე არის გადასინჯული კონსტიტუციის შესაბამისი რეგულაციები.

 

 

უმნიშვნელოვანესი დაზუსტებები არის შესული იმ თავში, რომელიც ეხება თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ეს ნაწილი ჩვენი კონსტიტუციის იყო აბსოლუტურად მოუწესრიგებელი. თქვენ გახსოვთ, რომ თავის დროზე ეს ნაწილი არ საჭიროებდა დეტალურ მოწესრიგებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა საპრეზიდენტო სისტემა. საპრეზიდენტო სისტემაში ისედაც იგულისხმებოდა, რომ თავდაცვითი ფუნქციები ისედაც ჰქონდა მინიჭებული საქართველოს პრეზიდენტს. თუმცა, მას შემდეგ, რაც გადავედით ჩვენ საპარლამენტო სისტემაზე, 2010 წლის ცვლილებების შემდეგ, პრაქტიკულად დაურეგულირებელი დარჩა საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის და თავდაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

 

შედის უმნიშვნელოვანესი დაზუსტებები, კონსტიტუციის შესაბამის თავში, რომლითაც იქნება სათანადოდ მოწესრიგებული ყველა ეს საკითხი.

 

 

იქმნება ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს თავის თავზე აიღებს კონსტიტუციური ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქციას. ადგილობრივი თვითმმართველობასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ სამუშაო ჯგუფში სრული კონსენსუსი. მნიშვნელოვანი ახალი გარანტიები ჩაიდო შესაბამის თავში. განისაზღვრა კორპორატიული სტატუსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების.

 

 

ორგანიზაციული ავტონომია, საკადრო გადაწყვეტილებების მიღებაში ავტონომია. განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულების თანამშრომლობის უფლება, გაერთიანების შექმნის უფლება და ა. შ. არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ორგანიზაციული გარანტიები ავტონომიის კუთხით ჩადებული ადგილობრივი თითმმართველობის თავში.

 

 

ასევე, რაც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვას, შემოდის ე.წ. პლურალური ვოტუმი, რაც არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის გადასინჯვასთან.

 

და ბოლო, მე-11 თავი, რომელიც შეიცავს გარდამავალ დებულებებს, უფრო სწორად ერთ გარდამავალ დებულებას, რომელიც შეეხება საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. განსაზღვრულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაცია.

 


ეს არის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ატანილია კონსტიტუციის დონეზე.

 


ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციაში. მთავარია არა დეტალები, დეტალებიც არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, თუმცა მთავრი არის მაინც საერთო სურათი. საერთო სურათი არის ის, რომ ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან მყარ, სტაბილურ, დემოკრატიულ, პლურალისტულ, საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომელიც არის სრულ შესაბამისობაში არა მარტო ელემენტარულ საბაზისო სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, შესაბამისობაშია საპარლამენტო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკასთან. ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიოტუციაში. ეს არის საერთო სურათი და მე კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს კომისიის მუშაობაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. რომ არა თითოეული თქვენგანის მონაწილეობა, აქტიური ჩართულობა, ნამდვილად შეუძლებელი გახდებოდა ასეთი დახვეწილი და მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავება.

 


დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ თქვენი წვლილისთვის და თქვენი მონაწილეობისთის სამუშაო პროცესში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი