ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, უძველესი ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მესხურ დარბაზებს სრული რესტავრაცია ჩაუტარდება
03-07-2017, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მესხურ დარბაზებს, რომელსაც დაახლოებით 2 წლის წინათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, სრული რესტავრაცია ჩაუტარდება.

 

 

 

 

 


როგორც ასპინძის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ Guardian.ge-ს განუცხადა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა თანხების მობილიზება მსოფლიო ბანკის მეშვეობით და აღნიშნული თანხა 7 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

 

 

 

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, საროში მესხური დარბაზების აღდგენა წელს შემოდგომით დაიწყება.

 

 

 

 

 


ლევან ცაბაძემ, რომელმაც Guardian.ge-ს შემოქმედებით ჯგუფს მეგზურობა საროში თავად გაუწია - ასპინძის მუნიციპალიტეტში მომრავლებული ტურისტების ფონზე, რომელთა რიცხვმა 2016 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, 700,000-ს მიაღწია - ხაზი გაუსვა მესხური დარბაზების აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც სარომდე მისასვლელი საავტომობილო გზა უკვე სრულად არის მოწესრიგებული, უძველესი ციხე-ქალაქის მესხური დარბაზების სრული რესტავრაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პარალელურად, ტურისტების დიდი ინტერესის საგანი გახდება და მუნიციპალიტეტს და მის მცხოვრებთ ამ მიმართულებიდან შემოსული თანხებით კიდევ უფრო მეტი სარგებელი ექნებათ.

 

 

 

 

 


ლევან ცაბაძე, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული ქართველი მორაგბე (მეტსახელად ლეონსიო), რომელმაც წარმატებული სარაგბო კარიერა შეიქმნა ცნობილ ფრანგულ კლუბებში ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში და რომელიც საქართველოს ისტორიის დიდი მოყვარული და კარგად მცოდნეა, განსაკუთრებული სიამაყით ჰყვება ხიზაბავრის თემში (მისი წარმომავლობის თემი) შემავალი სოფელ საროს ისტორიას.

 

 

 

 

 


„სარო მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე. სარო, ხიზაბავრის თემში შედის და უძველესი სოფელია. საროში მდებარე ციხე-ქალაქი შეიძლება ითქვას ჩვ. წ. აღ-მდე მესამე ათასწლეულს ეკუთვნის, თუმცა, საუბრობენ იმაზეც, რომ იგი შეიძლება უფრო გვიანდელი ხანის, მეხუთე ათასწლეულისაც კი იყოს. აქედან გამომდინარე, მინიმუმ 5-6 ათასი წლისაა ეს ციხე-ქალაქი და ეს დასახლებაც სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეპოქიდანაა. ეს არის ციკლოპურად ნაშენი მეგალითური ნაგებობა, სადაც არავითარი დუღაბი არ არის გამოყენებული. სავარაუდოდ, უცხო ძალებისგან თავდასაცავი ნაგებობა იყო.

 

 

 

 

 

 

„სწორედ ეს ადგილი იყო ასე ვთქვათ, ძირითადი გზა, სადაც ქვეყანაში შემოსული დამპყრობელი გაივლიდა ხოლმე. ზუსტი ინფორმაცია კი, თუ ვისი აშენებულია და ვისგან თავდასაცავად, არ არსებობს. თუმცა, მესხეთია და ძირძველი მესხების აშენებულია. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე არის მესხური დარბაზები, რომელსაც მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ორი წლის წინ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა თანხების მობილიზება მსოფლიო ბანკის მეშვეობით - 7 მილიონ დოლარზეა საუბარი.

 

 

 

 

 


„დაგეგმილია მესხური დარბაზების სრულად აღდგენა. ამ დროისთვის, ეს დარბაზები მთლად უსაფრთხო არის არის, უძველესია, შეიძლება ჩამოვარდეს, ანუ აღდგენის გარეშე, ფართომასშტაბიანი ტურიზმი არ გამოგვივა.

 

 

 

 

 


„თავად მესხური დარბაზების აღდგენის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომები, საპირფარეშოები. სოფლის დაბლა არის მარნები და ისიც აღდგება და შესაძლოა, იქედან პირდაპირ სოფელში ამოსასვლელი ბილიკი ან კიბე გაკეთდეს. სარო იქნება ადგილი ყველა სახის ტურისტისთვის. პროექტირება მიმდინარეობს, ჯერ დასრულებული არ არის. თანხა გამოყოფილია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საროში მესხური დარბაზების აღდგენა წელს შემოდგომით დაიწყება“, აღნიშნა ლევან ცაბაძემ, რომლის თქმითაც საროს ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი სრულად აღდგენილია.

 

 

 

 

 


„იყო ძალიან ცუდი გზა და თითქმის ნახევარ საათში გასავლელი მონაკვეთის დაფარვას 2 სთ და 30 წუთი სჭირდებოდა. მოგეხსნებათ, როდესაც გზა არ არსებობს, იქ ტურიზმის განვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ექსტრემალური ტურიზმი თუ იარსებებს მხოლოდ. რეგიონში ტურისტები რომ ჩამოჰყავდათ ტურ-ოპერატორებს, ჩამოჰყავდათ ბორჯომში, შემოარბენინებდნენ უცებ დილით რაბათის ციხეს, შუადღით ვარძია და საღამოს ისევ ბორჯომი. ანუ ის რაც ტურიზმის განვითარებას უნდა მოჰყვეს, ჩვენი მუნიციპალიტეტი ამით ვერ სარგებლობდა. სწორედ ამიტომ გავიხადეთ ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტად, რომ პრობლემა ამ კუთხით გადაწყვეტილიყო და მისაწვდომი გავმხდარიყავით ყველასთვის.

 

 

 

 

 

 

„საროს ზევით არის სოფელი ხიზაბავრა, სადაც გზა ასევე ბოლომდეა გაკეთებული, მანამდე კი ტურისტის ამოსვლა ფაქტობრივად გამორიცხული იყო. შარშან, დაახლოებით, 20 000 ტურისტი დაფიქსირდა. ახლა მე დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა მოხვდეთ თქვენ, ამ აღფრთოვანებას ყველას გადასცემთ და ვინც აქ ჩამოვა, ყველა მოიკითხავს საროს. ყველა ტურ-ოპერატორი ცდილობს უკვე, რომ საროც ჩასვან მათ მარშრუტში. აქედან გამომდინარე, ასპინძაში სასტუმრო-ინფრასტრუქტურის პრობლემა წარმოიქმნა. ასე თუ ისე, არის, მაგრამ იმდენი არ არის, რომ ამდენი ტურისტის გამასპინძლება მოხერხდეს.

 

 

 

 

 

 

„ეს ტურისტული ობიექტები, იგივე სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ. ასპინძაშიც საჭიროა, ვარძიაშიც და საროშიც. ვიმეორებ, ყველაზე მთავარი - საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა მოხსნილია, ტურისტს შეუძლია ნებისმიერი საგზაო სატრანსპორტო საშუალებით მოვიდეს. შარშან, ჯამში ასპინძის მუნიციპალიტეტში 700 000 ტურისტი დაფიქსირდა“, უთხრა Guardian.ge-ს ლევან ცაბაძემ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ამბიცია აქვს და ბაკურიანი-ასპინძის დამაკავშირებელი გზის აღდგენის ინიციატივით გამოდის.

 

 

 

 

 

 

„მაქვს იდეა აღდგეს ბაკურიანი-ასპინძის დამაკავშირებელი გზა, რომელსაც ღართის გზა ჰქვია. ეს ორი უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი უმოკლესი გზით უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს. სულ არის 23 კილომეტრი. ბაკურიანიდან ულამაზესი ხეობით მოხვალთ ასპინძაში. ამ გზის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ისტორიული ძეგლია. ჩვენ ვამზადებთ უკვე მონახაზს, თუ რა და როგორ გაკეთდება, ვზომავთ მანძილს და ა.შ. შემდეგ ამ მონაცემებს გადავაგზავნით მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, თუ რატომ უნდა გაკეთდეს ეს გზა და რა მნიშვნელობის მატარებელია ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესება იქნება“, განაცხადა ლევან ცაბაძემ.

 

 

კომენტარები: 2
#2  გიორგი
      
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბატონო ლევან. ბევრი სასიკეთო ამბის შესახებ მესმის ასპინძის რაიონში თქვენი თაოსნობით.

ასე ბერმუხასავით მდგარიყავით ბატონო ლევან ქვეყნის სამსახურში, როგორც ახლა გიყურებთ ამ ფოტოზე.
3 ივლისი 2017 14:02
#1   თინიკო
      
ყოველ დღე მშვენდება და ლამაზდება ასპინძა, რაც ძალიან მახარებს. მიველსალმები ყოველ ახალ სასიკეთო წამოწყებას. უფალმა მოგცეთ ძალა და ხელშეწყობა მიზნების განხორციელებაში...
მინდა სამუშაო ადგილებიც გაჩნდეს რომ იქნებ დასაქმდეს და დამაგრდეს აქაური ახალგაზრდობა
მჯერავს ასპინძის წარმატებული მომავლის...
3 ივლისი 2017 13:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი