პრეზიდენტ ტრამპის უფროს ვაჟს უთხრეს, რომ ჰილარი კლინტონზე შეთავაზებული მასალები ნაწილი იყო რუსეთის ძალისხმევისა, დახმარებოდნენ მამამისის საარჩევნო კამპანიას - The New York Times-ი
11-07-2017, 03:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროს ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს უთხრეს, რომ მისთვის რუსი ადვოკატის მიერ ჰილარი კლინტონზე შეთავაზებული მასალები ნაწილი იყო რუსეთის მთავრობის ძალისხმევისა, დახმარება გაეწიათ მამამისის საარჩევნო კამპანიისათვის, იტყობინება „ნიუ იორკ თაიმსი“ იმეილის შინაარსის შესახებ ინფორმაციის მქონე სამ წყაროზე დაყრდნობით.

 


გაზეთის თანახმად, პუბლიცისტმა და ბრიტანული ტაბლოიდის ყოფილმა რეპორტიორმა, რობ გოლდსტოუნმა, რომელმაც მოაწყო 2016 წლის ივნისის შეხვედრა რუს ადვოკატთან, ეს ელექტრონულ წერილში განაცხადა.

 


გოლდსტოუნის გზავნილში, როგორც ამას საკითხში გარკვეული სამი პირი ჰყვება, ნაჩვენებია, რომ პოტენციურად ზიანის მომტანი ინფორმაციის წყარო რუსეთის მთავრობა იყო. მასში დაწვრილებით არ არის ნათქვამი მოსკოვის უფრო ფართო ძალისხმევაზე დაეხმაროს ტრამპის საარჩევნო კამპანიას.

 


ამერიკული გამოცემა წერს, რომ არ არსებობს სამხილი, რომელიც გამოკვეთავდა, რომ შეპირებული ზიანის მიმყენებელი ინფორმაცია დაკავშირებული იყო რუსეთის მთავრობის კომპიუტერების ჰაკერულ თავდასხმაზე, რომელმაც აშშ-ის „დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის“ ათასობით ელექტრონული წერილის გამოქვეყნება გამოიწვია. შეხვედრა ერთ კვირაზე უფრო ადრე შედგა იმ ინფორმაციის ფართოდ გავრცელებამდე, რომ რუსმა ჰაკერებმა კომიტეტის სერვერი გატეხეს.

 


მიუხედავად ამისა, როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, მოსალოდნელია რომ ელექტრონული წერილი დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და კონგრესის საგამოძიებო ჯგუფისთვის, რომლებიც იძიებენ, იყო თუ არა პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რომელიმე მონაწილე რუსეთის მთავრობასთან კავშირში, რომ ამერიკის გასული წლის არჩევნებისთვის ზიანი მიეყენებინა.

 


ალან ფუტერფასმა, დონალდ ტრამპ უმცროსის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ გაუკეთებია, მაგრამ პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი დაუკავშირდებიან.

 


„ჩემი შეხედულებით, ეს არის აურზაური არაფრის გამო. ამ დაკავებული პერიოდის განმავლობაში, რობერტ გოლდსტოუნი დონალდ უმცროსს ელექტრონული წერილით დაუკავშირდა და შესთავაზა, რომ ადამიანებს ჰქონდათ ინფორმაცია დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჰილარი კლინტონის რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების სავარაუდო დანაშაულზე“, უთხრა მან „ნიუ იორკ თაიმსს“ ორშაბათს ელექტრონული წერილის მეშვეობით. „დონალდ უმცროსმა არ იცოდა თუ რა სპეციფიკური ინფორმაციის განხილვა იქნებოდა, ან საერთოდ თუ იქნებოდა“.

 


„ნიუ იორკ თაიმსმა“ თეთრი სახლის სამ მრჩეველზე დაყრდნობით კვირას ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟი, დონალდ ტრამპ უმცროსი, 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, დათანხმდა კრემლთან კავშირის მქონე რუს ადვოკატთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონის შესახებ ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის მიწოდებას შეჰპირდნენ.

 


ამერიკული გამოცემის თანახმად, „ტრამპ თაუერში“ შეხვედრას, რომელიც 2016 წლის 9 ივნისს შედგა - 2 კვირის შემდეგ, რაც ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა - ასევე ესწრებოდნენ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მაშინდელი თავმჯდომარე, პოლ მანაფორტი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

 


განცხადებაში, რომლის ციტირებაც „ნიუ იორკ თაიმსს“ აქვს მოყვანილი და რომელიც მოგვიანებით ხელმისაწვდომი გახდა „როიტერსის“ და სხვა მედიასაშუალებებისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსი აღიარებს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა რუს ადვოკატთან, ნატალია ვესელნიცკაიასთან.

 


„თავაზიანი ურთიერთგაცნობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ინდივიდები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ რუსეთთან, აფინანსებდნენ „დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტს“ და მხარს უჭერდნენ ჰილარი კლინტონს“, აღნიშნულია განცხადებაში. კლინტონი აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.

 


„მისი განცხადებები იყო ბუნდოვანი, საეჭვო და აზრს მოკლებული. დეტალები და მხარდამჭერი ინფორმაცია არც კი ყოფილა წარმოდგენილი და შემოთავაზებული. მალევე გახდა ცნობილი, რომ მას არ გააჩნდა ღირებული ინფორმაცია“, აცხადებს ტრამპ უმცროსი.

 


ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანმა მარკ კორალომ, ელექტრონული წერილით გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის „უცნობი იყო ამ შეხვედრის შესახებ და ის არ დასწრებია მას“.

 


უმცროსმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას სთხოვეს დასწრებოდა შეხვედრას „ინდივიდთან, რომელსაც, როგორც მე მითხრეს, შესაძლოა ჰქონოდა კამპანიისთვის სასარგებლო ინფორმაცია“.

 

„შეხვედრა დაახლოებით 20-30 წუთი გაგრძელდა“, თქვა მან. „როცა ის დასრულდა, ჩემმა ნაცნობებმა ბოდიში მოიხადეს ჩვენთვის დროის წართმევის გამო. ამით დასრულდა ეს ამბავი და არავითარი სახის გაგრძელება და კონტაქტი ამას არ მოჰყოლია. მამაჩემმა არაფერი იცოდა ამ შეხვედრის ან ამ ამბების შესახებ“.

 


The New York Times-ის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უმცროს ტრამპს, სანამ დათანხმდებოდა ადვოკატთან შეხვედრას, შეჰპირდნენ, რომ კლინტონის შესახებ საზიანო ინფორმაციას გადასცემდნენ. გაზეთი თეთრი სახლის სამ მრჩეველს იმოწმებს, რომელთაც შეხვედრის შესახებ გააჩნიათ ინფორმაცია და კიდევ ორ სხვა წყაროს, რომლებიც შეხვედრის დეტალებს იცნობენ.

 


ახალი დეტალები მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული პირველი პირისპირ შეხვედრისას ტრამპმა და პუტინმა რუსეთის აშშ-ის არჩევნებზე შესაძლოა ჩარევის საკითხები განიხილეს.

 


კრემლმა უარყო აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნა, რომ მოსკოვი ცდილობდა არჩევნების ტრამპის სასარგებლოდ გადახრას, მაღალი თანამდებობის „დემოკრატების“ ელექტრონულ წერილებზე ჰაკერული თავდასხმის საშუალების გამოყენებით.

 


ტრამპმა არაერთგზის უარყო კრემლის მიერ ამგვარი ჩარევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი