როგორ მოაწყო შეთქმულება ტახტის ხელში ჩასაგდებად საუდის არაბეთის მეფის 31 წლის ვაჟმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა?
19-07-2017, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საუდის არაბეთის მეფის მემკვიდრე და მომავალი გვირგვინოსანი, მუჰამედ ბინ ნაიეფი ივნისში ღამით მექას სასახლეში იხმეს, მისი სურვილის წინააღმდეგ დააკავეს და საათების განმავლობაში ახდენდნენ ზეწოლას უარი განეცხადებინა ტახტის მემკვიდრეობაზე. გამთენიისას მან ფარ-ხმალი დაყარა, და საუდის არაბეთმა გაიღვიძა ახალი ამბით, რომ ქვეყანას ტახტის ახალი მემკვიდრე ჰყავს: მეფის ვაჟი, 31 წლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი. ასე იწყება „ნიუ იორკ თაიმსის“ 18 ივლისს გამოქვეყნებული სტატია, რომლის თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.

 


ახალგაზრდა პრინცის მხარდამჭერებმა ხოტბა შეასხეს მის წოდებრივ დაწინაურებას, როგორც ამბიციური ლიდერის ხავერდოვან ძალმოსილებას, მაგრამ 21 ივნისს, როცა იგი ტახტის მემკვიდრედ დაწინაურდა, გამოიკვეთა სიმპტომები, რომ მუჰამედ ბინ სალმანმა მის გასაძევებლად შეთქმულება მოაწყო და ძალაუფლების გადაცემა იმაზე უფრო მძიმე სცენარით წარიმართა, ვიდრე ეს საზოგადოებას აუწყეს, წერს ამერიკული გამოცემა შეერთებული შტატების ახლანდელ და ყოფილ ოფიციალურ პირებზე და სამეფო კართან მჭიდრო კავშირში მყოფ ფიგურებზე დაყრდნობით.

 


სამეფო ოჯახთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი პირის თანახმად, სამეფო ტახტის იერარქიულ ხაზში მოულოდნელი ცვლილების მხარდასაჭერად, ზოგიერთ მთავარ პრინცს უთხრეს, რომ მუჰამედ ბინ ნაიეფი ნარკოტიკების პრობლემის გამო მეფობისთვის შეუფერებელი იყო.

 


მუჰამედ ბინ ნაიეფის და ზოგიერთი მისი ახლო კოლეგის გაძევებამ წუხილი გამოიწვია შეერთებული შტატების კონტრ-ტერორიზმის ოფიციოზში, რომელთათვისაც ყველაზე სანდო საკონტაქტო პირის გაუჩინარების შემდეგ საუდის არაბეთში ახალი კონტაქტების დამყარება ადვილი არ აღმოჩნდა.

 


და ერთი ახალგაზრდა მეფის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ხელში ამხელა ძალაუფლების თავმოყრამ მოსვენება დაუკარგა სამეფო ოჯახს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანხმობით და უფროსებისადმი პატივსცემით ხელმძღვანელობდა.

 


„შესაძლოა ახლა ძალაუფლების ერთი შტოს შიგნით და ერთი პიროვნების შიგნით, რომელიც გაცილებით ახალგაზრდაა ვიდრე ყოფილი მეფის ბევრი ვაჟი და ბიძაშვილი, ძალაუფლების ისეთი კონცენტრაციის მომსწრე გავხდეთ, რომ ამან შესაძლოა დაიწყოს ისეთი მდგომარეობის წარმოქმნა, სადაც ოჯახი მართებულად მართვას ვეღარ შეძლებს“, განაცხადა რაისის უნივერსიტეტის ბეიკერის ინსტიტუტის საზოგადოებრივი პოლიტიკის სამეცნიერო საბჭოს წევრმა, კრისტიან კოატს ულრიხშენმა, რომელიც სპარსეთის ყურის პოლიტიკას იკვლევს.

 


საუდის არაბეთის ფენომენალურად მდიდარი სამეფო ოჯახის ჩაკეტილობა კარგად არის ცნობილი და ის ხშირად თავსატეხს უტოვებს დიპლომატებს, დაზვერვის აგენტებს და თვით სამეფო ოჯახის წევრებსაც კი გაშიფრონ მისი შიდა სამუშაოები.

 


„ნიუ იორკ თაიმსისთვის“ წერილობით მიწერილ პასუხში საუდის არაბეთის მაღალმა ოფიციალურმა პირმა უარყო, რომ მუჰამედ ბინ ნაიეფზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და განაცხადა, რომ „ერთგულების საბჭომ“, მთავარი პრინცების ორგანომ, „სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

 


განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუჰამედ ბინ ნაიეფი პირველი იყო, რომელმაც ერთგულების აღთქმა დადო ახალი ტახტის მემკვიდრისადმი. განცხადება დაჟინებით ირწმუნება, რომ მომენტი გადაღებული და ტელევიზიით გადაცემული იქნება. წერილობით პასუხში ასევე ნათქვამია, რომ ტახტის ყოფილი მემკვიდრე ყოველდღიურად იღებს სტუმრებს თავის სასახლეში, ჯიდაში და არაერთხელ სტუმრობდა მეფეს და ტახტის მემკვიდრე პრინცს.

 


პრინცებს შორის მეტოქეობა 2015 წელს დაიწყო, როცა ტახტზე მეფე სალმანი ავიდა და თავის საყვარელ ვაჟს უზარმაზარი ძალაუფლება უწყალობა. მუჰამედ ბინ სალმანი ტახტის მემკვიდრე პრინცის მოადგილედ დასახელდა, რითაც სამეფო ხელისუფლების იერარქიაში ტახტის დაკავების რიგში მეორე ფიგურა გახდა. იგი ამავე დროს ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა; სათავეში ჩაუდგა მძლავრ ეკონომიკურ საბჭოს და გადაეცა კონტროლი სახელმწიფო ნავთობის მონოპოლიაზე, „საუდი არამკოზე“.

 


მუჰამედ ბინ სალმანმა თავის პერსონას წონა ჩინეთში, რუსეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტებითაც შესძინა. ამერიკაში იგი „ფეისბუქის“ დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს შეხვდა და თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან ისადილა. იგი ასევე უძღვება „ხედვა 2030“-ს, სამეფოს მომავლის ამბიციურ გეგმას, რომელიც საუდის არაბეთის ეკონომიკის ტრანსფორმირებას და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 


მუჰამედ ბინ სალმანის მხარდამჭერები მას აქებენ, როგორც შრომისმოყვარე, ოცნებებით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სამეფოს გამოწვევებს უჩვეულო პირდაპირობით მიუდგა. მისმა პროგრამებმა, მათ შორის გართობის შესაძლებლობების გაზრდამ ჰიპერკონსერვატიულ სამეფოში, საუდის არაბეთის მოსახლეობის 2/3-ს შორის, რომლებიც 30 წელს ქვემოთ ახალგაზრდები არიან, დიდი მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა.

 


მაგრამ პრინცის კრიტიკოსები მას სულსწრაფ და ძალაუფლება-მოწყურებულს უწოდებენ, აცხადებენ რა, რომ მან ქვეყანა იემენთან ძვირადღირებულ და ჯერჯერობით წარუმატებელ ომში გახვია, რამაც ბევრი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას ასევე ყატართან მტრობის ჩამოგდებაშიც სდებენ ბრალს. არც ერთი ამ ამბიდან მკაფიო გამოსავალი არ ჩანს.

 


პრინცმა თავისი უფროსი ასაკის ნათესავების, მათ შორის 57 წლის მუჰამედ ბინ ნაიეფის ხარჯები გაზარდა. როგორც საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მუჰამედ ბინ ნაიეფმა დიდი წვლილი შეიტანა სამეფოში ალ ყაიდას განადგურების საქმეში მას შემდეგ, რაც ათწლეულების წინათ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ არაერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა.

 


მიუხედავად იმისა, რომ იგი 2015 წლის შემდეგ, როცა ტახტის მემკვიდრე გახდა, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში არ ყოფილა მოქცეული, მისმა შესრულებულმა სამუშაომ მას მოკავშირეები გაუჩინა აშშ-ში, დასავლეთის სხვა და არაბულ სახელმწიფოებში. მაგრამ მაშინ, როცა მისი ჩამოცილება ბევრისათვის მოულოდნელი იყო, ეს ერთი ხელის მოსმით არ მომხდარა და ცოტა უფრო ადრიდან იგეგმებოდა.

 


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების და სამეფო კართან მჭიდრო კავშირში მყოფი ფიგურების თანახმად, 20 ივნისს ღამით, მთავარი პრინცები და უსაფრთხოების ოფიციალური პირები მექაში, საფას სასახლეში შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მათ მოახსენეს, რომ მათი ნახვა მეფე სალმანს სურდა.

 


თითქმის რამადანის, ისლამური წმინდა თვის, დასასრული იყო, როდესაც საუდის არაბელები დაკავებული იყვნენ რელიგიური ვალდებულებებით და სამეფო კარის წარმომადგენლები მექაში იყვნენ შეკრებილნი, ვიდრე საზღვარგარეთ ეიდ-ალ-ფიტრის არდადეგებზე გაემგზავრებოდნენ. ამან ცვლილებებისთვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა, განაცხადეს ანალიტიკოსებმა, რომელთაც ეს შობის წინა დღეს სახელმწიფო გადატრიალების მსგავს ფაქტად აღწერეს.

 


შუაღამის დადგომამდე, მუჰამედ ბინ ნაიეფს უთხრეს, რომ ის მეფე სალმანთან შესახვედრად უნდა მისულიყო, იქ გამოცხადებულს კი სხვა ოთხისკენ გაუძღვნენ, სადაც სამეფო კარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას ტელეფონები ჩამოართვეს და ახდენდნენ ზეწოლას, რომ უარი ეთქვა ტახტის მემკვიდრეობასა დ შინაგან საქმეთა მინისტრობაზე, როგორც ამას შეერთებული შტატების ოფიციალური პირები და სამეფო კართან მჭიდრო კავშირში მყოფი ფიგურები ამბობენ.

 


თავდაპირველად მან უარი თქვა ამაზე, მაგრამ გამთენიისკენ პრინცმა, რომელიც დიაბეტითაა დაავადებული და 2009 წელს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ დატოვებული შედეგებისაგან იტანჯება, თავი დაღლილად იგრძნო.

 


ამასობაში, სამეფო კარის ოფიციოზმა „ერთგულების საბჭო“, პრინცების ორგანო, მოიწვია, რომელსაც გააჩნია სამეფო ხაზში ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება. ზოგიერთს უთხრეს, რომ მუჰამედ ბინ ნაიეფს ნარკოტიკის პრობლემა ჰქონდა და შეუფერებელი იყო მეფობისათვის, ჰყვება სამეფო ოჯახის ახლობელი.

 


წლების განმავლობაში, მუჰამედ ბინ ნაიეფის ახლო მეგობრები გამოხატავდნენ წუხილს მისი ჯანმრთელობის შესახებ, აღნიშნავდნენ რა, რომ მკვლელობის მცდელობის შემდეგ, იგი მტანჯველ ტკივილს განიცდიდა და პოსტ-ტრავმატული სტრესის აშლილობის ნიშნები გააჩნდა. მისმა მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ ტკივილგამაყუჩებელი წამლები მიეღო და ზოგიერთი მისი მეგობარი წუხდა, რომ იგი წამალდამოკიდებული გახდა, რისი „პროგრესიული გზით გაურესებას“ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როგორც ამას ბრიუს რიდელი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცერი და ბრუკინგის ინსტიტუტში სადაზვერვო პროექტის დირექტორი თვლის.

 


ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის და საუდის არაბეთის სამეფო კარის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, მუჰამედ ბინ ნაიეფი ეწინააღმდეგებოდა ყატარზე ემბარგოს დაწესებას - პოზიცია, რომელმაც სავარაუდოდ, დააჩქარა მისი დათხოვნა.

 


გარიჟრაჟის დადგომამდე, მუჰამედ ბინ ნაიეფი დათანხმდა გადადგომას. ამის შემდეგ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ კოცნის მას ხელზე მუჰამედ ბინ სალმანი.

 


„ჩვენ არასოდეს ვიმოქმედებთ თქვენი ინსტრუქციების და რჩევის გარეშე“, უთხრა ახალგაზრდა პრინცმა უფროსს.

 


„წარმატებები, ღმერთის წყალობა“, პასუხობს უფროსი პრინცი.

 


ამის შემდეგ მუჰამედ ბინ ნაიეფი თავის წითელი ზღვის საპორტო ქალაქ ჯიდაში მდებარე სასახლეში დაბრუნდა და მას მისი დატოვება აეკრძალა.

 


აშშ-ის ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირების თანახმად, შიდა პატიმრობა მიესაჯა ასევე გენერალ აბდულაზიზ ალ-ჰუვაირინის, მუჰამედ ბინ ნაიეფის კოლეგას, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ურთიერთობაში.

 


აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე დღის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (C.I.A.) ოფიციოზმა თეთრ სახლს თავიანთი წუხილი მოახსენა იმის შესახებ, რომ მუჰამედ ბინ ნაიეფის დათხოვნამ და გენერალ ჰუვარინის და უსაფრთხოების სხვა ოფიცრების შესაძლო ჩამოცილებამ შესაძლოა შეაფერხოს სადაზვერვო კუთხით თანამშრომლობა და ინფრომაციების გაცვლა.

 


საუდის არაბეთის ოფიციალური პირის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალი ჰუვარინი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა და მან და მთავარმა ოფიცრებმა ერთგულება აღუთქვეს მუჰამედ ბინ სალმანს.

 


მუჰამედ ბინ ნაიეფი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი ძმისშვილის, 33 წლის პრინცის, აბდულაზიზ ბინ საუდ ბინ ნაიეფის მიერ იქნა შეცვლილი. იგი მისი ბიძის მრჩეველი იყო და მას მუჰამედ ბინ სალმანთან დაახლოებულად მიიჩნევენ.

 


მუჰამედ ბინ სალმანის დაწინაურებაში ოჯახის მხარდაჭერის მასშტაბი უცნობი რჩება. საუდის არაბეთის სახელმწიფო მედია იტყობინებოდა, რომ „ერთგულების საბჭოს“ 34 წევრიდან 31-მა მხარი დაუჭირა ცვლილებას, მაგრამ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სამეფო კარის ბევრი წარმომადგენელი გაუბედავია იმაში, რომ მეფის სურვილების წინააღმდეგ წავიდეს.

 

 

არც მეფე სალმანი და არც მის ვაჟი არ დასწრებიან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტს, მიუხედავად იმისა, რომ ორიდან ერთ-ერთი ბოლო სამ შეხვედრას ესწრებოდა.

 


ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი შესაძლოა ოჯახურმა უთანხმოებამ აიძულა შინ დარჩენილიყვნენ ანდა მათ არ უნდოდათ კრიტიკის საგანი გამხდარიყვნენ იმის გამო, რომ საუდის არაბეთმა და სხვა სამმა არაბულმა სახელმწიფომ ყატარი დიპლომატიურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია.

 


საუდის არაბეთის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მეფე სალმანმა და მისმა წინამორბედმა, მეფე აბდულამ, „დიდი ოცეულის“ წინა შეხვედრები გამოტოვეს.

 


საუდის არაბეთის მოქალაქეები შოკირებული არიან ცვლილებებით და აცხადებენ, რომ მათ ბევრი რამ ექნებათ დასაკარგი, თუკი ოჯახის შიგნით არსებული უთანხმოება ღიად გადმოიღვრება და სამეფოს დესტაბილიზაციას მოახდენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი