„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს
04-08-2017, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა; გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კამპანიის „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

 

 

„დღეს ჩვენ ვქმნით გაყალბების საწინააღმდეგო შტაბს და ვიწყებთ აქტიურ კამპანიას, რათა არ დავუშვათ ივანიშვილის მიერ არჩევნების მორიგი გაყალბება.

 

 

გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია არ დაუშვას იმ უკანონობისა და განუკითხაობის განმეორება, რომელიც ყველა ჩვენგანმა იხილა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ივანიშვილმა ძალადობით, უკონტროლო შავი ფულით, ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსის ტოტალური მობილიზებით, სუსის საარჩევნო პროცესებში ჩართვითა და ხელისუფლებასთან სინქრონში მოქმედი ორგანიზებული კრიმინალური სამყაროს დახმარებით შეძლო საკოსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რომელსაც ის საკუთარი კლანის ინტერესებისთვის, ხალხის საზიანოდ იყენებს.

 

 

ცხადია, გაყალბების ძირითადი მსხვერპლი მთავარი ოპოზიციური ძალა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო. შორს რომ არ წავიდეთ, ყველას გვახსოვს, როგორ დაარბიეს საარჩევნო უბნები და როგორ მოგვპარეს სანდრა რულოვსის მიერ მოგებული არჩევნები ზუგდიდის რაიონში (რისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა). გვახსოვს, როგორ ჩატარდა არჩევნები ქუთაისში, ახალციხესა და მარნეულში.

 

 

მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ ყოფილა გაყალბების ერთადერთი მსხვერპლი. გავიხსენოთ, რა გზით მოხვდა პარლამენტში ივანიშვილის მიერ მოწონებული და წახალისებული ღიად პრორუსული ძალა - პატრიოტთა ალიანსი, როცა ხელოვნურად, ბათილი ბიულეტინებისა და პროცენტების მანიპულირებით მოხდა სასურველი შედეგის დასმა...

დღეს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა.

 

 

დღეს საქართველოში არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი გარემო.

 

 

როგორ შეიძლება სამართლიანი ეწოდოს საარჩევნო გარემოს, როცა უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს პროდასავლური ოპოზიციის ორგანიზებული პოლიტიკური დევნა? როცა პრეზიდენტი სააკაშვილი და ოპოზიციის ყველა ლიდერი ან ციხეშია, ან იძულებით დევნილობაში, ან სისხლის სამართლებრივ დევნაში?

 

 

ხალხის ნების გაყალბების მთავარი ნიშანია, როცა ივანიშვილი და მის უკან მდგომი ძალები ქართველი ამომრჩევლის მაგივრად არჩევენ, თუ ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის მონაწილე და ვინ - არა.

 

 

სწორედ ამ მიზნით გრძელდება ოპოზიციის დევნა, რაც ეს ჩამოურეცხავი ლაქაა ოცნების მმართველობაზე და ეჭვქვეშ აყენებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას.

 

 

რაც შეეხება გაყალბების „ტექნიკურ“ მხარეს:

 

 

ყველამ იცის, რომ გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაული არაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები (როცა თქვენს ბინაში უცხო ადამიანებს არეგისტრირებენ), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და საარჩევნო პროცესში სუსისა თუ კრიმინალური სამყაროს ჩართვა. გაყალბებაა ძალადობა, რომელიც უკვე დაწყებულია. მაგალითად, ახალციხეში სასტიკად სცემეს ჩვენი წარმადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 83 წლის მამა და შვილი! გურიაში ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლის მოსახდენად ჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთიდან!

 


ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე ცნობილია: იმის მაგივრად, რომ დღეს კორცხელის ზონდერები განსასჯელის სკამზე ისხდნენ, მათი მეთაური კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია, თავად მოძალადეებს კი სამეგრელოს გუბერნატორი და ბერა ივანიშვილი ერთად აქეიფებენ...

 

 

ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება შტაბი ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენად. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევასა თუ დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთან ერთად.

 

 

შესაბამისად, მივმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ვთხოვთ მათ, ჩამოვაყალიბოთ გაყალბების საწინააღმდგეო საბჭო.

 

 

მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს - ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს - ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას.

 

 

თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს - ვეღარ გააყალბებ!

 

 

განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად“, აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი