ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი დაჟინებით მოუწოდებს დონალდ ტრამპს მოერიდოს რიტორიკას ან ქმედებას, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე
12-08-2017, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩინეთის პრეზიდენტმა, ქსი ძინპინგმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ყველა მხარე უნდა მოერიდოს რიტორიკას ან ქმედებას რომელმაც შესაძლოა გააუარესოს დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


„ამჟამად, სათანადო მხარეებმა უნდა შეინარჩუნონ თავშეკავებულობა და თავიდან აიცილონ სიტყვები და ქმედებები, რომელიც გაამწვავებდა დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულზე“, განაცხადა ქსიმ, როგორც ამას ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება.

 


ტრამპი ჩინეთს და მის ლიდერს ხშირად მოუწოდებდა, რომ მოეხდინა ზეწოლა მის უახლოეს დიპლომატიურ და სავაჭრო პარტრნიორზე, ჩრდილოეთ კორეაზე, შეეჩერებინა ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარება, რომელიც იმ დონემდეა უკვე მისული, რომ საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 


სატელეფონო საუბრის გამართვამდე ტრამპმა ნიუ ჯერსიში, სადაც ის შვებულებას ატარებს, პარასკევს, ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი საფრთხეების გაჟღერებისა და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მოქმედებების შემთხვევაში „აბსოლუტურად ინანს“.

 


„თუკი [კიმ ჩენ ინი] წარმოთქვამს კიდევ ერთ მუქარას, ღია ფორმის მუქარას... და თუკი ის გუამთან ან ამერიკის ან მისი მოკავშირეების ნებისმიერ სხვა ადგილებთან დაკავშირებით რაიმე ნაბიჯს გადადგამს, ის სრულიად ინანს ამის გამო უახლოეს დროში“, განაცხადა ამერიკის ლიდერმა პრესკონფერენციაზე.

 


ტრამპმა გამოხატა იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა. „იმედი მაქვს, მათ სრულიად სერიოზულად ესმით ის, რაც მე ვთქვი. ეს ის სიტყვებია, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება რომ გაიგო“, განაცხადა ტრამპა, რომლის სიტყვების ციტირებასაც სააგენტო „როიტერსი“ ახდენს.

 

 

პარასკევ დილით კი მან მორიგი მუქარის განცხადება გაავრცელა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო ძალები მზად არიან გაუმკლავდნენ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ საფრთხეს.

 


„სამხედრო გადაწყვეტა ახლა სრულად განიხილება... თუკი ჩრდილოეთ კორეა არაგონივრულად იმოქმედებს. ვიმედოვნებ, კიმ ჩენ ინი სხვა გზას მოძებნის!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 

 

ტრამპის აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სრულად არის მზად შეუერთდეს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომს, თუკი ფხენიანი შეერთებულ შტატებზე თავდასხმას წამოიწყებს.

 


„თუკი თავდასხმა იქნება შეერთებულ შტატებზე, „ანზუსის“ ხელშეკრულება ამოქმედდება და ავსტრალია დახმარებას აღმოუჩენს შეერთებულ შტატებს, ისევე როგორც ამერიკაც დაგვეხმარებოდა ჩვენზე თავდასხმის შემთხევაში“, განაცხადა მან რადიო ინტერვიუში, როგორც ამას BBC იუწყება.

 


ვაშინგტონთან სიტყვიერი ომის გაძლიერების ფონზე ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი გეგმა, ოთხი რაკეტის შეერთებული შტატების ტერიტორიის, გუამის სიახლოვეს გაშვების შესახებ მალე იქნება მზად.

 


კორეულმა სახელმწიფო მედიამ აღნიშნა, რომ „ჰვასონგ-12“-ის რაკეტები ჩაუვლის იაპონიას და დაეშვება ზღვაში, დაახლოებით 30 კილომეტრში გუამიდან, თუკი გეგმა კიმ ჩენ ინის მიერ იქნება მოწონებული.

 


სახელმწიფო მედიით ბოლოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, არმია „საბოლოოდ დაასრულებს აღნიშნულ გეგმას“ აგვისტოს შუა პერიოდისთვის და მას ლიდერ კიმ ჩენ ინს დასამტკიცებლად წარუდგენს.

 


„ჰვასონგ-12“-ის რაკეტები, რომელსაც კორეის სახალხო არმია გაუშვებს, გადაკვეთს ცას იაპონიის პრეფექტურების - შიმანის, ჰიროსიმას და კოიჩის თავზე“, იტყობინება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო KCNA არმიის მთავარი გენერლის, კიმ რაკ გიომის სიტყვებზე დაყრდნობით.

 


„ისინი1,065 წამის განმავლობაში 3,356.7კმ-ს იფრენენ და დაეშვებიან წყლებში, გუამიდან 30-40 კილომეტრის მოცილებით“.

 


„ჰვასონგის“ რაკეტები ჩრდილოეთ კორეის ადგილობრივი წარმოებისაა, რომლებიც საშუალო და შორ მანძილზე მიმავალია.

 


ფხენიანის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჯერსიში, სადაც იგი შვებულებას ატარებს, რეპორტიორებს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ამერიკისადმი უპატივცემულობას იჩენს, „საზარელ“ კომენტარებს აკეთებს და ეს მას ძვირი დაუჯდება.

 


„მოდი ვნახოთ, რას იზამს იგი გუამთან დაკავშირებით. თუ ის რაღაცას გააკეთებს გუამში, ეს იქნება ამბავი, რომლის მსგავსი მანამდე არავის ექნება ნანახი, თუ რა მოხდება ჩრდილოეთ კორეაში“.

 


ტრამპის მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა რეპორტიორებს უთხრა, რომ აშშ ჯერ კიდევ ამჯობინებს დიპლომატიურ მიდგომას ჩრდილოეთ კორეის საფრთხისადმი და ომი „დამღუპველი“ იქნებოდა.

 


შეკითხვაზე, არის თუა არა შეერთებული შტატები მზად თუ ჩრდილოეთ კორეა მტრულ ქმედებას განახორციელებს, მან თქვა: „ჩვენ მზად ვართ“.

 

 

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა აღნიშნულ განაცხადებამდე ერთი დღით ადრე თქვა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამა და უარი თქვას იმ ნაბიჯებზე, „რომელიც დასასრულამდე მიიყვანს რეჟიმს და გამოიწვევს მისი ხალხის დაღუპვას“.

 


„კიმ ჩენ ინმა ანგარიში უნდა გაუწიოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიან პოზიციას და მთელი მსოფლიოს ხელისუფალთა განცხადებებს, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს საფრთხეს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის“, ნათქვამია მატისის განცხადებაში.

 


„კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა გააკეთოს არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ შეაჩეროს თვითიზოლაცია და უარი თქვას ბირთვული იარაღის შეძენის მისწრაფებაზე. ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი იმ ქმედების განხილვა, რომელიც მის რეჟიმს არსებობის შეწყვეტამდე და მისი ხალხის დაღუპვამდე მიიყვანს“, აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

 

 

მატისის ამ განცხადებამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა დაჟინებით მოუწოდა სიმშვიდისკენ და განაცხადა, რომ ამერიკელები „არ უნდა წუხდნენ“ მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ურთიერთმუქარის განცხადებები გააკეთეს. ტილერსონი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მას არ სჯერა, „რაიმე ახლო საფრთხის“.

 


„ამერიკელებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ ღამით“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დაამატა:

 


„ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, არის ის, რომ ძლიერ გზავნილს უგზავნის ჩრდილოეთ კორეას იმ ენაზე, რაც კიმ ჩენ ინს ესმის, რადგან როგორც ჩანს, მას არ ესმის დიპლომატიური ენა. მე ვფიქრობ, პრეზიდენტს უბრალოდ უნდოდა მკაფიოდ ეთქვა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმისთვის შეერთებული შტატების ეჭვგარეშე შესაძლებლობაზე, რომ გააჩნია საკუთარი თავის დაცვის უნარი, დაიცავს თავის თავს და მის მოკავშირეებს“.

 


მან თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მზარდმა საფრთხეებმა აჩვენა, რომ ფხენიანი ამერიკის წარმატებული სტრატეგიისაგან ზეწოლას განიცდის.

 


როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, ტილერსონმა უარყო ნებისმიერი ვარაუდები, რომ მოვლენების საგანგაშო განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი და, რომ შეერთებული შტატები ფხენიანის ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების გამო შექმნილი კრიზისის გადაწყვეტისას სამხედრო არჩევანს უახლოვდება.

 


„არაფერი არ შემიმჩნევია და არაფერი ვიცი იყოს იმის მაჩვენებელი, რომ მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილიყო ბოლო 24 საათის განმავლობაში“, განაცხადა ტილერსონმა.

 


ტილერსონი ჟურნალისტებს მისი თვითმფრინავის ბორტზე ესაუბრა იმ დროს, როცა იგი მანილადან ვაშინგტონში ბრუნდებოდა და გზად გუამში შეჩერდა, ამერიკის წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, სადაც აშშ-ს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული და რომელიც სარაკეტო დარტყმების სამიზნედ ფხენიანმა ოთხშაბათს გამოაცხადა. როგორც „ასოშიეითედ პრესი“ წერს, გუამი აშშ-ის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის წყნარი ოკეანის რეგიონში მოგზაურობისას საწვავის შევსების ფართოდ მიღებული ადგილია.

 


რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ იგი „ცეცხლს და მახვილს“ მიიღებდა თუკი ის ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრებოდა, ფხენიანმა განაცხადა, რომ ის „ფრთხილად განიხილავს“ აშშ-ის წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, გუამზე სარაკეტო დარტყმების გეგმებს.

 


დარტყმის გეგმა ნებისიმერ მომენტში მოვა მოქმედებაში, როგორც კი ამგვარ გადაწყვეტილებას ლიდერი კიმ ჩენ ინი მიიღებს, განაცხადა ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის წარმომადგენელმა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით.

 


„კორეის სახალხო არმიის ძალები ახლა ფრთხილად განიხილავს სამოქმედო გეგმას საშუალო და შორს მიმავალი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტით ჰუასონგ-12-ით გუამის გარშემო ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით, რათა შეაკავოს შეერთებული შტატების მთავარი სამხედრო ბაზები გუამზე, მათ შორის ანდერსონის საჰაერო ძალების ბაზა“, განაცხადა ფხენიანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ აღნიშნული გეგმა მალე იქნება მოხსენებული ჩრდილოეთ კორეის უზენაესი მთავარსარდლისთვის, თუმცა ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

 

 

გუამი - ერთი ციცქნა, მაგრამ მნიშვნელოვანი კუნძული

 

 

 გუამი 541 კვ.კმ ფართობის ვულკანური და მარჯანისებრი კუნძულია წყნარ ოკეანეში, რომელიც ფილიპინებსა და ჰავაის შორის მდებარეობს.

 


 ის შეერთებული შტატების ტერიტორიაა და მისი მოსახლეობა 163,000-ს შეადგენს.

 


 ეს ნიშნავს იმას, რომ გუამზე დაბადებული ადამიანები შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, ჰყავთ არჩეული გუბერნატორი და წარმომადგენლობითი პალატა, მაგრამ არ შეუძლიათ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისცენ ხმა.

 

 

 შეერთებული შტატების ბაზები კუნძულის თითქმის მეოთხედს ფარავს. ამერიკას იქ დაახლოებით 6,000 სამხედრო პირი ჰყავს განლაგებული და არსებობს გეგმა, რომ მათ ათასობით სხვა სამხედრო დაემატოთ.

 


 ის იყო მთავარი ამერიკული ბაზა მეორე მსოფლიო ომში, და კვლავაც რჩება მნიშვნელოვან ბაზად, საიდანაც ამერიკას გზა აქვს ხსნილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, კორეის ნახევარკუნძულსა და ტაივანის სრუტეებზე.

 

 

რეაქცია ტრამპის მუქარის განცხადებებზე

 

 

ტრამპის მუქარის განცხადებებმა მსოფლიოში შეშფოთება გამოიწვია. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საყვედურიც გამოხატა. მან განაცხადა: „რიტორიკის ესკალაციას მცდარ პასუხად მივიჩნევ“.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამხედრო კონფლიქტის ალბათობა ძალიან მაღალია და მოსკოვი ღრმად არის შეშფოთებული ვაშინგტონის და ფხენიანის ორმხრივი საფრთხეებით.

 


„სამწუხაროდ, ახლა ვაშინგტონსა და ფხენიანში რიტორიკა უმაღლეს წერტილს უახლოვდება“, განაცხადა ლავროვმა. „ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“.

 


როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, რუსეთის სტუდენტთა ფორუმზე დასმული შეკითხვის, რამდენად არსებობს რისკი, რომ გამოუვალი მდგომარეობა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, ლავროვმა განაცხადა: „რისკები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით რიტორიკის მხედველობაში მიღების გათვალისწინებით“.

 


„ძალის გამოყენების პირდაპირი მუქარები გაისმა... საუბარი (ვაშინგტონში) იმაზე მიდის, რომ პრევენციული დარტყმა უნდა განხორციელდეს ჩრდილოეთ კორეაზე, მაშინ როცა ფხენიანი იმუქრება რომ განახორციელებს სარაკეტო დარტყმას შეერთებული შტატების ბაზაზე გუამში. ეს (მუქარები) უწყვეტად გრძელდება, და ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს“.

 


„მე არ დავიწყებ ვარაუდების გამოთქმას, თუ რა მოხდება, თუ საერთოდაც მოხდა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც კი შეგვიძლია, რომ ამისაგან დავიცვათ“.

 


„ჩემი პირადი მოსაზრება არის ის, რომ როცა შენ ბრძოლის დაწყების მიჯნას უახლოვდები, მხარემ, რომელიც უფრო ძლიერი და ჭკვიანია უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი საფრთხის ზღურბლიდან უკან დასახევად“, განაცხადა ლავროვმა, რომლის სიტყვაც სახელმწიფო ტელევიზიამ გადასცა.

 


მან წააქეზა ფხენიანი და ვაშინგტონი ხელი მოაწერონ ერთობლივ რუსულ-ჩინურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეა გაყინავდა თავის სარაკეტო გამოცდებს და შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა გამოაცხადებდნენ მორატორიუმს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებზე.

 


„თუკი ეს ორმაგი გაყინვა საბოლოოდ მოხდება, შემდეგ ჩვენ შეგვეძლება დავჯდეთ და ყველაფერი დავიწყოთ თავიდან - ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რომელიც ხაზს გაუსვამდა სუვერინიტეტს ყველა მხარის, რომელიც ჩართული იქნება მასში, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის“, განაცხადა ლავროვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ნაჩქარევი გამოსვლა ავღანეთიდან ტერორისტებისთვის ცარიელ ადგილს დატოვებდა. მან თქვა, რომ მისი თავდაპირველი ინსტინქტი აშშ-ის ძალების გამოყვანა იყო, მაგრამ ამის ნაცვლად გადაწყვიტა დარჩენა და „გამარჯვებამდე ბრძოლა“, რომ თავიდან იყოს აცილებული ერაყში დაშვებული შეცდომები.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდი ოჯახისა და კერძო საკუთრებების სიმრავლის გამო საბიუჯეტო პრობლემებს განიცდის.

ყველაზე კითხვადი
  1. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იმსახურებენ „ვერც ერთ თანამდებობაზე“ აშშ-ის არმიაში
  2. მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ხალხი გამოვა ქუჩებში და გააძევებს ივანიშვილს, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში
  3. ნიკა მელიამ მაიკ პენსს უთხრა: „ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლება იმართება ‘გაზპრომის’ აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა“
  4. ამერიკის შეერთებული შტატები მთელი რუსეთის მასშტაბით აჩერებს არასაემიგრაციო ვიზების გაცემას
  5. ალექსეი სტოლიაროვმა განაცხადა, რომ მინისტრ მღებრიშვილთან სააკაშვილზე ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილია და ის „შეუძლია გადასცეს ნებისმიერ ექსპერტიზას“
  6. ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე რაკეტების დარტყმის გეგმა „აგვისტოს შუა პერიოდისთვის“ იქნება მზად
  7. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს რადიკალური ისლამისტური ტერორიზმი
  8. ლადო პაპავა ჯეჯელავას წინააღმდეგ: „გასაგებია, რომ პრემიერ მინისტრი კრონიზმის სენითაა დაავადებული, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ?“
  9. სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა ძალიან მაღალია
  10. კიმ ჩენ ინმა აშშ-ის ტერიტორიის, გუამის მიმართულებით რაკეტების გაშვების გადაწყვეტილება გადადო
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი