ირაკლი კობახიძე: „დღეს ჩვენ ვიღებთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ ევროპული ტიპის კონსტიტუციას“
26-09-2017, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე. ეს არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით განხილვისთვის წარადგინა. ირაკლი კობახიძემ გაწეული სამუშაოსთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და პარლამენტის აპარატს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დრომდე საქართველოში ნეგატიური საკონსტიტუციო ტრადიცია იყო დამკვიდრებული და ყოველთვის, როდესაც ქვეყნის უმთავრესი კანონი იცვლებოდა, ეს ხელისუფლების სასარგებლოდ კეთდებოდა.

 

 

„პირველად ხდება საქართველოში ის, რომ ცვლილებები ტარდება არა მმართველი ძალის, არა ხელისუფლების სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ამ ინტერესების რეალიზებისთვის. ეს ნიშნავს ახალი საკონსტიტუციო ტრადიციის დამკვიდრებას და ახალი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში. თამამად შეიძლება ეწოდოს ამ დოკუმენტს კონსტიტუციის პირველი შესწორება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქამდე კონსტიტუცია იცვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისი თქმით, პირველივე შესწორებამ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა, საქართველოში არასწორი საკონსტიტუციო ტრადიციისა და კულტურის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, მმართველი პარტია საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკური პოზიციებს იუარესებს.

 

 

„ჩვენ ამ არასწორ ტრადიციას ვცვლით ძალიან სწორი ტრადიციით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რაც არაერთხელ მითქვამს - ვერ იპოვით ვერცერთ მუხლს ახალ დოკუმენტში, რომლითაც მმართველი ძალა იუმჯობესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. არ არის არცერთი ასეთი მუხლი. ამის სანაცვლოდ არის უამრავი მუხლი, სადაც მმართველი პარტია იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს დემოკრატიული განვითარების პროცესი და გაგრძელდეს სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტი მოკლედ მიმოიხილა. მისი განცხადებით, თქმით, პირველ თავში სისტემურადაა განხილული და მოწესრიგებული ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო სუვერენიტეტი, სახელმწიფო სიმბოლოები.

 

 

„აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამაღლებულია სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტი. პირველად კონსტიტუციაში აღინიშნება, რომ სახელმწიფო ენა არის დაცული ორგანული კანონით, რაც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფო ენის მაღალი სტანდარტით დაცვას კანონმდებლობის დონეზე და ასევე, მაღალი სტანდარტით იქნება დაცული ისეთი სიმბოლოები, როგორიცაა სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი. მათ ცვლილებას დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების ანალოგიური პროცედურა, რაც არის სტანდარტის ამაღლება.

 

 

ახალი სტანდარტით არის განმტკიცებული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და სოციალური სახელმწიფოს პრინციპები. პირველად საქართველოს კონსტიტუციაში ჩნდება ახალი მუხლი სოციალური სახელმწიფოს შესახებ, ასევე, ემატება ახალი გარანტიები დემოკრატიის პრინციპს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ახალი მუხლი ჩნდება ეკონომიკური თავისუფლების პრინციპის შესახებ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებია ამაღლებული მეორე თავში. რაც შეეხება სარედაქციო ცვლილებებს, ასეთი რამდენიმეა.

 

 

„საქმე ეხება მე-16 მუხლს, სადაც საუბარია რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებებზე. აქ არის გადაადგილებული მეორე და მესამე პუნქტების ადგილმდებარეობა.

 

 

მიზეზი არის შემდეგი: მესამე პუნქტი ადგენდა უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს, მეორე პუნქტში კი ეწერა, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო. ასევე, მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. გამოდიოდა ისე, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის დევნის განხორციელება რწმენიდან გამომდინარე, სინდისიდან გამომდინარე, ასევე, მისი იძულება იმისთვის, რომ აბსოლუტურად ხელშეუხებელ უფლებად გამოცხადებულიყო ეეს უფლებები, გადანაცვლდა მეორე და მესამე პუნქტების მდებარეობა.

 


ასევე, ზუსტდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული დანიშნულების რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. აქ არის დაშვებული გამონაკლისები ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც მიიღება ორი მესამედის უმრავლესობით“, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფუნდამენტური ცვლილებებია მესამე თავში, რომელიც საქართველოს პარლამენტს ეხება.

 

 

„ეს ცვლილებები აძლიერებს ოპოზიციის უფლებებს საპარლამენტო ცხოვრებაში, მათ შორის, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ოპოზიციის უფლება, შექმნას საგამოძიებო კომისიები საქართველოს პარლამენტში და ფუნდამენტური ცვლილება ეხება საარჩევნო სისტემას. 2020 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერით. არსებული რედაქცია ითვალისწინებს ბონუსის არსებობას, თუმცა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ შესაბამისი ჩანაწერი იქნება ამოღებული კონსტიტუციის ტექსტიდან და ამისთვის მოხდება ახალი პროექტის ინიცირება. ამის თაობაზე უკვე მივეცით პირობა ვენეციის კომისიას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა პრეზიდენტის ნაწილშიც.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე, რაც ვენეციის კომისიამ ძალიან დადებითად შეაფასა. პრეზიდენტის სტატუსი რჩება უცვლელი. მოწესრიგებულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მკაფიოდ ზღვარია გავლებული პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის, რაც აქამდე იყო ბუნდოვნად მოწესრიგებული. ეს იყო 2010 წელს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


მისივე თქმით, ფუნდამენტური ცვლილებებია საქართველოს მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების თავებშიც.

 


„ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწესრიგებული უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც იყო მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ხარვეზი. ეს თავის დროზე ითქვა ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში. ეს ფუნდამენტური ხარვეზი არის გასწორებული კონსტიტუციის ახალ რედაქციაში რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას - ახალი გარანტიებია ჩადებული მოსამართლეების ხელშეუხებლობისთვის და მათი დამოუკიდებლობის დასაცავად“, განმარტა მომხსენებელმა.

 


ირაკლი კობახიძის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ხარვეზიანი თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თავი იყო და დღეს ეს საკითხები სწორადაა მოწესრიგებული. მისივე თქმით, დადგენილია ახალი გარანტიები ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის და ავტონომიურობის უზრუნველყოფისთვის.

 


რაც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვის ნაწილს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით, ნოვატორული პროცედურაა დადგენილი, რომელიც „ერთი პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციის მეორე პარლამენტის მიერი დამტკიცებას თვალისწინებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება კონსტიტუციაში შესწორების შეტანა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტი ¾ -ის უმრავლესობით იღებს კონსტიტუციურ კანონს.“

 


სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ძალაში რჩება ის პირობა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პირველი არაპირდაპირი ჩატარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი წესით ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს“. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისთანავე დაიწყო.

 


„ისიც კი ითქვა, რომ თითქოს ერთადერთი მიზანი ამ ცვლილებების განხორციელების იყო მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელმეორედ კენჭისყრის შანსის არ მიცემა. იმისთვის, რომ ყოველგვარი საბაბი მოგვესპო ასეთი სპეკულაციებისთვის, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ თუ ამოქმედდებოდა რეგულაცია არაპირდაპირი არჩევნების თაობაზე, ის არავითარ შემთხვევაში არ გავრცელდებოდა მოქმედ პრეზიდენტზე, შესაბამისად, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეს პირობა სათანადოდ იქნა შესრულებული ჩვენი მხრიდან. შესაბამისად, კონსტიტუციური კანონი ითვალისწინებს ნორმების ამოქმედებას მას შემდეგ, რაც ახალარჩეული პრეზიდენტი მომავალ წელს დადებს ფიცს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი