გიორგი კვირიკაშვილი: ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის
30-10-2017, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს განამტკიცებს.

 

 

„დღევანდელი ჩვენი შეკრება ეძღვნება ჩვენი ქვეყნებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას. დღეს ოფიციალურად ვხსნით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, რაც ერთობლივი სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების საუკეთესო მაგალითი გახლავთ.

 


პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და მეგობარი ქვეყნების ლიდერების მოწვევისთვის, რაც საერთო ხედვისა და ინტერესების საუკეთესო დემონსტრირება გახლავთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრეზიდენტ ერდოღანს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს მივულოცო რესპუბლიკის დღის ნაციონალური დღესასწაული.

 


თურქეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრემიერ მინისტრების დასწრება, ასევე მთავრობის წევრების დასწრება თურქმენეთიდან და ტაჯიკეთიდან, მეტყველებს აღნიშნული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, დამატებით მიმზიდველობას აჩენს ამ პროექტის მიმართ და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

 


დღეს, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებაზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებასა და გაფართოებაზე და, აქედან გამომდინარე, სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს.

 


ჩვენი ქვეყნების გეოსტრატეგიული მდებარეობა, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ვიყოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ - მის მიღმა.

 


თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს დააკავშირებს ერთმანეთთან, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას. ახალი სარკინიგზო მარშრუტის სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას და კიდევ უფრო განამტკიცებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო სტატუსს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, ყოველწლიურად, ერთ მილიონ მგზავრს მოემსახურება.

 


ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედებას მოჰყვება თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება, გამარტივდება ახალი ბაზრების ათვისება და ხელი შეეწყობა ტურიზმისა და გადამამუშავებელი სექტორების განვითარებას, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ჩვენი რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის საწინდარია.

 


ჩვენ მივესალმებით იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა მიაღწიეს ბოლო წლების განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ჩვენგანის წინსვლა ყველა დანარჩენის განვითარების, სტაბილურობის და უსაფრთხოების საწინდარია. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთის ეკონომიკასა და სავაჭრო პოტენციალს, არამედ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებს ვაკავშირებთ ერთმანეთთან. მით უფრო, რომ სწრაფად მზარდი ბაზრები და ჭარბი პროდუქცია - მათ შორის ერთობლივად წარმოებულიც - კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების დამატებით არხებს საჭიროებს.

 


საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ჩვენი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებულის მოდერნიზებას და მის ეფექტიან მუშაობას.

 


რკინიგზის მშენებლობასა და მოდერნიზებასთან ერთად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვავითარებთ საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მონაკვეთზე სატრანზიტო კორიდორების ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას. ჩვენ გვსურს, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს „აბრეშუმის გზის“ აღორძინებისა და ,,ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის განხორციელების საქმეში.

 


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო-სტრანსპორტო რუკაზე ეს მარშრუტი იკავებს "შუა კორიდორის" ადგილს, როგორც ამ კორიდორს უწოდა პრეზიდენტმა ერდოღანმა სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამართულ აბრეშუმის გზის სამიტზე.

 


დღეს, საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნაზარბაევს მისი პირადი ყურადღებისთვის, რომელსაც უთმობდა და უთმობს ამ მარშრუტის განვითარებას. ვიმედოვნებთ, "ერთი გზა - ერთი სარტყელის" პოზიტიური ეფექტი გავრცელდება შუა აზიის სხვა ქვეყნებზეც. ახლა უკვე არის შესაძლებლობა, კონტეინერებმა განაგრძოს რკინიგზით მოძრაობა თურქეთის მიმართულებით. ჩვენ გვსურს, რომ ამ გზით საქართველო და ჩვენი რეგიონი მაქსიმალურად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან.

 


დარწმუნებული ვარ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 


მოგახსენებთ, რომ წელს, 28-29 ნოემბერს, თბილისში გაიმართება “აბრეშუმის გზის” (Belt and Road) მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი. ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება საქართველოში, რომელიც თავს მოუყრის 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. სწორედ ასეთი მასშტაბის შეხვედრაზე მოგვეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ზემოხსენებული დერეფნის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი გახლავთ აქ წარმოდგენილი ქვეყნების აქტიური ჩართულობა.

 


კიდევ ერთხელ მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს დღევანდელი ღონისძიებისთვის, ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, მთავრობის წევრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი დაუღალავი შრომით, შესაძლებელი გახდა ამ რთული პროექტის წარმატებით დასრულება.

 


რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ აქ წარმოდგენილი ქვეყნების ერთობის დემონსტრირება ხდება სწორედ ამ პროექტით, რასაც დღეს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტებით და რაც მთავარია, ერთმანეთის გვერდით დგომით კიდევ უფრო გავაღრმავებთ კავშირებს, რომლებიც წარმატების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი რეგიონისთვის", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი