საუდის არაბეთმა დაგმო შეერთებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე. სამეფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „გაუმართლებელი და უპასუხისმგებლოა“, მაგრამ ისრაელის პრემიერ მინისტრმა აღნიშნულს „ისტორიული დღე“ უწოდა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი 15 წევრიდან რვამ შეერთებული შტატების გადაწყვეტილების გამო მოუწოდა ორგანიზაციას სასწრაფო სხდომის კვირის ბოლომდე მოწვევისაკენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოთხშაბათს, 6 დეკემბერს აღიარა.
„გადავწყვიტე, რომ დადგა დრო, ოფიციალურად იქნეს აღიარებული იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად“, განაცხადა თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა, რომლის უკან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იდგა.
ტრამპმა მის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის წინ წასაწევად „დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯი“ უწოდა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს ორი-სახელმწიფოს გადაწყვეტას, თუკი ეს მოწონებული იქნება ორივე მხარის, ისრაელის და პალესტინელების მიერ.
გადაწყვეტილების მიღებამდე პალესტინელების პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამას „სახიფათო შედეგები ექნება“ რეგიონისთვის.
ტრამპის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე The Washington Post-ი წერდა, რომ პრეზიდენტი გეგმავდა შეერთებული შტატების ათწლეულების პოლიტიკის გადატრიალებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალური აღიარებით და აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან ამ ქალაქში გადატანით, რამაც გამოცემის თქმით, შესაძლოა კატასტროფული მარცხი გამოიწვიოს თეთრი სახლის სამშვიდობო ძალისხმევების კუთხით და წარმოშვას რეგიონული მღელვარება.
ტრამპის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან დონალდ ტრამპს უთხრა, რომ „შეშფოთებულია“ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაძლოა ერთპიროვნულად აღიაროს იერუსალიმი როგორც ისრაელის დედაქალაქი.
ნებისმიერი გადაწყვეტილება იერუსალიმის სტატუსზე უნდა იქნას მიღებული „ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკებების ჩარჩოებში“, განაცხადა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ.
უფრო ადრე მსგავსი გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთა რამდენიმე არაბულმა და მუსულმანურმა სახელმწიფომ. სამშაბათს კი მათ რიგებს თურქეთიც შეუერთდა.
ორივე, ისრაელი და პალესტინა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი დედაქალაქია.
ყველა პრეზიდენტი, მათ შორის ტრამპი, ყოველ ექვს თვეში ხელს აწერდა შეერთებული შტატების ისრაელის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადადების დოკუმენტს მას შემდეგ, რაც 1995 წელს კონგრესმა მიიღო აქტი საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის თაობაზე.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელის პალესტინელებთან კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი საკითხია. პალესტინელებს მხარდაჭერას მთელი არაბული და ისლამური სამყარო უცხადებს.
ქალაქში, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი რელიგიური მიმდინარეობების - იუდაიზმის, ისლამის და ქრისტიანობის უწმინდესი ადგილებია.
ისრაელმა ტერიტორიის ოკუპაცია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს მოახდინა და მთელ ქალაქს მის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.
პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ და 1993 წლის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, მისი საბოლოო სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე უნდა იქნეს განხილული.
ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმზე, არასდროს ყოფილა აღიარებული საერთაშორისო დონეზე, და ყველა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის ყველაზე ახლო სტრატეგიული მოკავშირე, შეერთებული შტატები, თავიანთ საელჩოებს თელ-ავივში ინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.