იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
15-12-2017, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა. კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელზეც დღეს მუხლობრივად იმსჯელეს, დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ აქვე განმარტა, რომ გარემოს დაცვის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციის მეორე თავშიც და აღნიშნული ჩანაწერის მე-5 მუხლში გამეორება საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში იყო შემოთავაზებული.

 

 

„მოგეხსენებათ, გარემოს დაცვის უფლება არის გარანტირებული კონსტიტუციის მეორე თავით, არის აღიარებული ერთ-ერთ ძირითად უფლებად, თუმცა, შემოთავაზება იყო, რომ ისევე როგორც სხვა უფლებების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვისა და ასე შემდეგ, გარემოს დაცვის უფლებაც გაგვემეორებინა ჩვენ კონსტიტუციის მე-5 მუხლში და ემატება მე-5 პუნქტის სახით ასეთი ჩანაწერი: „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“. არის მცირე კორექტივი შეტანილი პირველ მოსმენასთან შედარებით - მდგრადი ეკოლოგიური განვითარება არის აქ ამოღებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერმინი არის უფრო მეტად არასამართლებრივი ბუნების, შესაბამისად, ორი მკაფიო ჩანაწერი დავტოვეთ, ეს არის გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მე-16 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას ეხება.

 

 

„იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამოგვეღო ჩარევის საფუძვლებიდან „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, და „მართლმსაჯულების განხორციელება“, და ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული”,- განაცხადა პარლამეტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაულის თავიდან აცილება, თავის შინაარსით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნის ერთ-ერთი კომპონენტია და აქედან გამომდინარე, დანაშაულის თავიდან აცილება თავისთავად დარჩება როგორც ჩარევის საფუძველი. მისივე თქმით, იმავე მოსაზრებიდან გამომდინარე, „დანაშაულის თავიდან აცილება“ ამოღებულია მე-14 და მე-17 მუხლებიდან.

 

 

„ამოღებულია დანაშაულის თავიდან აცილება მე-14 მუხლიდან, ასევე, მე-17 მუხლიდან, იმისთვის, რომ ერთიანი სტანდარტით იყოს დაცული შესაბამისი ძირითადი უფლებები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დანაშაულის თავიდან აცილებას თავისთავად, თავის თავში მოიცავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი”, განმარტა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული დამატებითი კონსულტაციების შედეგად მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციაზე შეჯერება მოხდა.

 

 

„გუშინ საღამოსაც შედგა დამატებითი განხილვები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და ამის საფუძველზე შევჯერდით გარკვეულ პოზიციაზე. პირვანდელი შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროსი იყო ის, რომ ჩვენ პირდაპირ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა, ამით, რა თქმა უნდა, ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადადაც არის მიუღებელი, ანუ ამ დონეზე გაფართოება ჩარევის საფუძვლის არის პირადად ჩემთვის მიუღებელი, ისევე, როგორც ჩემი კოლეგების დიდი ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე, რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროებას. ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება. ანუ, ეს ოთხი კრიტერიუმი რჩება ძალაში და უფრო მეტიც, კონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის აღიარების პირობები”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, დაკონკრეტდა სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის ინფორმაციის აღიარების კრიტერიუმები და საფუძვლები.

 

 

„ეს იძლევა დამატებით კიდევ ერთ შედეგს, იყო წინა განხილვაზე აზრთა სხვადასხვაობა სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით, რომ საფრთხე არ შექმნოდა სამართალწარმოების ინტერესებს და ეს ინტერესიც არის სათანადოდ ასახული ამ რედაქციაში”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მე-2 და მე-3 პუნქტების რედაქცია გააცნო: „ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით, გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას, ან ოფიციალურ დოკუმენტს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს ან კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დაკონკრეტებულია სახელმწიფო საიდუმლოების აღიარების წესი და დადგენილია, რომ აღიარება შეიძლება მოხდეს კანონით ან კანონით დადგენილი წესით. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასა და სამართლის პრინციპებთან, ასევე, ის ევროკონვენციაზე ბევრად მაღალ სტანდარტს ადგენს.

 

 

„ჩვენ გვაქვს ამბიცია სხვა სტანდარტზე, რაც არის დღეს კანონმდებლობითაც უზრუნველყოფილი, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესი და სურვილი არის რომ მაღალი სტანდარტით იყოს დაცული საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

მისივე თქმით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილება, რომელიც საჯარო ინტერესებს ეხება.

 

 

„გვქონდა კონსულტაციები და შემოთავაზებულია ერთი ცვლილება, რომელიც შეეხება საჯარო ინტერესებს. ამაზე იყო სერიოზული მსჯელობა კომისიაში. არგუმენტები არის საჯარო ინტერესების ამოღებასთან დაკავშირებით. კერძოდ: საჯარო ინტერესების შესახებ ჩანაწერი, რა თქმა უნდა, მაღლა წევს ხელმისაწვდომობის სტანდარტს, თუმცა, მნიშვნელოვნად დაბლა წევს პერსონალური მონაცემების დაცულობის სტანდარტს. ეს არის აქ პრობლემა. ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საგანი შეიძლება გახდეს საჯარო ინტერესები. ფართო ინტერპრეტაცია არის ზოგადად კონსტიტუციაში პრობლემა. პრობლემა იყო სწორედ ამიტომ ჩვენთვის სამწვეროვანი ტესტი. სწორედ ამას ვამბობდი, ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ფართოა ძალიან მისი ინტერპრეტაციის არეალი და ამიტომ არ გვინდოდა სამწვეროვანი ტესტის ჩაწერა კონსტიტუციაში. საჯარო ინტერესებიც შეიძლება გახდეს ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საგანი, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს. ანუ აქ ორი კოლიზიური ინტერესია - ერთი ხელმისაწვდომობის ინტერესი და მეორე პერსონალური მონაცემების დაცულობის ინტერესი. აქ საუბარია ადამიანისთვის სასიცოცხლო უფლებასთან, როგორიც არის მისი პერსონალური მონაცემების და მისი პირადი ინფორმაციის დაცულობა გამჟღავნებისგან და ბუნებრივია, რომ არ არის რეკომენდირებული ასეთი ფართო დისკრეციის ქვეშ, საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ასეთი პერსონალური მონაცემების დაცულობა. ეს იყო შენიშვნა, რომელიც ჩვენ გავიზიარეთ, შესაბამისად, არის ასეთი სახით შემოთავაზებული მე-18 და მე-15 მუხლები”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია.

 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაზე პრინციპული ხასიათის ცვლილება ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება.

 

 

„აქ არ გვაქვს ცვლილებები პირველ მოსმენასთან შედარებით. შემოღებულია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, მე-6 პუნქტში შედის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, მანდატების დასაანგარიშებლად პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ი მაინც მიიღეს. ამ, ასე ვთქვათ, არითმეტიკული გადანაწილებით, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა დადის მინიმუმამდე. კერძოდ, რაოდენობა იქნება იმაზე, მაქსიმუმ, ერთით ნაკლები, ვიდრე არის ბარიერ გადალახული პარტიების რაოდენობა.

 

 

ბოლო არჩევნების შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატი დარჩებოდა ერთი. რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, მათ თანმიმდევრობით მიიღებენ საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები, ანუ ჯერ პირველი, მეორე, მესამე და ა.შ.

 

 

რაც შეეხება მე-7, მე-8, მე-9 პუნქტებს - ამოღებულია. ეს პუნქტები თავიდან ბოლომდე ეხებოდა ბონუსის სისტემას. გადავდივართ მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რაც იყო ვენეციის კომისიის, , უმთავრესი რეკომენდაცია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

რაც შეეხება 50-ე მუხლს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ტერმინოლოგიური ცვლილებაა შემოთავაზებული და ტერმინი „ხმოსანი“ „საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება.

 

 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მე-60 მუხლის მე-6 პუნქტზეც, რომელიც საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება. მისი განმარტებით, ახალი ჩანაწერით დადგენილი იყო, რომ დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, მინიმალური ვადა გახანგრძლივდა და საარჩევნო დავასთან დაკავშირებით მსჯელობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სულ მცირე ექვსი თვე ექნება.

 

 

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ოთხი წლის ვადით გამწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შედიან. „ანუ, ოთხწლიანი ვადა არის დაკონკრეტებული. ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აქამდე იყო ექსოფიციო თავმჯდომარე და ახალი რეგულაციის თანახმად, აღარ არის ექსოფიციო თავმჯდომარე. თუმცა, ის რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექსოფიციო წევრად“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე, დაკონკრეტებულია იუსტიციის საბჭოს მდივნის არჩევის წესი.

 

 

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ოთხი წლის ვადით მიერ არჩეულ წევრთაგან ირჩევს საერთო სასამართლოთა თვითმმართველობის ორგანო. ეს წესი შეესაბამება კანონის მოქმედ წესს. არის ატანილი კონსტიტუციის დონეზე და ასევე, შემოთავაზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის დაკონკრეტება შემდეგი სახით: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთაგან ორგანული კანონით დადგენილი წესით ოთხი წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადისა, ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ საყოველთაო ოთხ წლიანი ვადა იქნება დადგენილი ყველა თანამდებობის პირისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გარდამავალ დებულებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი პარტიული სისტემის მოწესრიგებისა და მისი ინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშესაწყობად უქმდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ბლოკის ინსტიტუტი ერთჯერადად რჩება. „მე, პირადად, ისევე, როგორც ბევრ კოლეგას, არ მიგვაჩნია მაინცდამაინც მიზანშეწონილად ბლოკების დატოვება, თუნდაც ერთჯერადი ფორმით, ჩვენ ეს რეკომენდაცია კომპრომისის სახით, ასე ვთქვათ, გავითვალისწინეთ და ემატება ჩანაწერი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკების თაობაზე. შესაბამისად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, ერთჯერადად ჩატარდება იმ პირობებში, როდესაც მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, მათი საარჩევნო ბლოკები“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის რეგულაციის შესახებ პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აპრილში ის პირობები დადგინდება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

 

 

„მოგეხსენებათ, იყო რეკომენდაცია, ინიციატივა პარლამენტის წევრის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, იმის თაობაზე, რომ, ასე ვთქვათ, ახალი რეგულაცია ორმაგი მოქალაქეობის, უფრო სწორად, მოქალაქეობის შეთავსების თაობაზე, ამოქმედდეს იმაზე ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები. აქედან გამომდინარე, გაწერილია შემოთავაზებულ ვარიანტში, რომ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის, მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდება ამ კანონის, ანუ ცვლილებების შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე. ანუ, სავარაუდოდ, აპრილის თვეში უკვე დადგინდება ის პირობები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აღარ გახდება აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი“, განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის დროს, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ცვლილებების არსებითი მიზანი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტში ასახულია იმ რეკომენდაციების უმეტესობაც, რაც დამატებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე გამოითქვა.

 

 

ირაკლი კობახიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებსაც. დეპუტატებმა შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს. როგორც დისკუსიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების ნაწილი გაზიარებულ იქნება, მათ შორის, დეპუტატ რევაზ არველაძის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული შენიშვნა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის წინადადება ტერმინ „ნამდვილი ხმების“ დამატების შესახებ.

 

 

რაც შეეხება კონსტიტუციის მე-18 მუხლს, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეორე პუნქტი არსებითად უცვლელი სახითაა წარმოდგენილი.

 

 

„აქ საუბარია იმაზე, რომ ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას, არის იგივე ტექსტი და გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღიარებულია ეს ინფორმაცია ან დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებად. აქ დამატებულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის ან დოკუმენტის აღიარების წესი შემდეგი საფუძვლებით - ეს არის დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სამართალწარმოების ინტერესები. ამ ინტერესების დასაცავად, შესაბამისად, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, არის მაქსიმალურად დაკონკრეტებული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების საფუძვლები. აქ იყო საუბარი გარკვეულ რისკებზე. რისკებზე თუ ვსაუბრობთ, სახელმწიფო საიდუმლოება უფრო მეტი რისკის შემცველია, თუ გვიწერია მარტო სახელმწიფო საიდუმლოება, წახვალ საკონსტიტუციო სასამართლოში და ნებისმიერი რამე შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებად. აქ პირიქით, დაკონკრეტებულია საფუძველი, რაც არის სტანდარტის ამაღლება ერთმნიშვნელოვნად ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით, როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ცალსახად არის ამაღლებული სტანდარტი, აქ ჩვენ ვდავობდით იმაზე, პრაქტიკულად გვინდა უფრო მაღალი სტანდარტი თუ დავტოვოთ იგივე, შედარებით დაბალი სტანდარტი. რატომ უნდა დავტოვოთ შედარებით დაბალი სტანდარტი, როცა შეგვიძლია დავტოვოთ უფრო მაღალი სტანდარტი. ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად, სამართლებრივად, ეს არის ბევრად უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე არის დადგენილი დამტკიცებულ რედაქციაში და ასევე, რაც შეეხება ჩანაწერს კანონით ან კანონით დადგენილი წესით, აქ უნდა განიმარტოს რა იგულისხმება. „კანონით ან კანონით დადგენილი წესით“ - ეს არის აპრობირებული ჩანაწერი სხვა მუხლებშიც. პირიქით, სტანდარტის ასამაღლებლად გამოიყენება ისევე, როგორც ევროკონვენციაში და სხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ დოკუმენტებში. ცალსახად, მეორე პუნქტში, არის სტანდარტი ამაღლებული, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, მე მგონი, დავის საფუძველი არ არსებობს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

რაც შეეხება მესამე პუნქტს, მისი თქმით, მესამე პუნქტის რედაქციაში „საჯარო ინტერესების შესახებ“ ჩანაწერის დაბრუნება შესაძლებელია.

 

 

„შესაბამისად, მთლიანობაში, მე-18 მუხლში, შესაბამისი ძირითადი უფლებები იქნება დაცული უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე არის დაცული იმ რედაქციით, რომელიც არის დამტკიცებული. სტანდარტი აქამდეც მაღალი იყო, თუმცა, კიდევ უფრო მაღლდება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი