„სვანეთი ისეთი ადგილია, ყველა სოფელში შეიძლება ტურიზმის განვითარება“ - მესტიის მერი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობას გეგმავს
21-12-2017, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი, 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 1 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 7 მილიონ 412 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც მომავალი 4 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, ეს ზემო სვანეთის ყველა სოფელში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას უკავშირდება, განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

 


„2018 წლის ბიუჯეტი მილიონით მეტი იქნება და ის მთლიანობაში 7 მილიონ 412 ათა ლარს მოიცავს. გეგმაში გვაქვს დავასრულოთ შიდა გზების პროექტირება დაბა მესტიაში, ჯერ აქ და შემდეგ სოფლებში, 400 000 ლარს ვითვალისწინებთ სოფლებში წყლის სისტემების და კანალიზაციის მოსაწესრიგებლად. ზოგადად, ეს 4-წლიანი გეგმაა, რომლის დასრულების შემდეგაც სვანეთში მცხოვრებ ყველა ოჯახში უნდა იყოს შეყვანილი წყალი და ყველა სოფელში უნდა იყოს მოწესრიგებული კანალიზაციის სისტემა, რომ შემდგომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მოგეხსენებათ, სვანეთი ისეთი ადგილია, რომ ყველა სოფელში შეიძლება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი - წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობით კი თითოეულ სოფელსა და ოჯახს მეტი პერსპექტივა ექნება“, განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, რომელმაც მიმდინარე წლის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

(კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, GUARDIAN.GE-ის ფოტო)

 


მან თქვა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ხოლო ხაიშში, იდლიანში, ფარში და ეცერში, სადაც ჯამში 4 ბაგა-ბაღის მშენებლობა დაწყებულია, სამუშაოების დასრულება 2018 წელს მოხდება, ასევე სრულად, მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში ოთხი სპორტსკოლაც.

 


„რაც შეეხება სპორტსკოლებს, შარშან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით იყო დაგეგმილი პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულება, მცირედი დაფინანსების პირობებში, სოფლის მცხოვრებთა სურვილით დავიწყეთ შარშან და ოთხივეგან ჩატარდა სამუშაოები, შიდა რემონტები დარჩა, რაც მომავალ წელს გაგრძელდება“, აღნიშნა მესტიის მერმა, რომელიც როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე დაბისთვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საგზაო ინფრასტრუქტურის მწყობრში მოყვანას.

 


„მესტიაში, მგფ-ის დაფინანსებით უშბის ქუჩის რეაბილიტაცია პრაქტიკულად უკვე განხორციელდა, ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანობაში მოწყობილია, მაგრამ გარკვეული სამუშაოები დარჩა დასასრულებელი, რადგან ხელი კლიმატურმა პირობებმა შეგვიშალა, თუმცა ძირითადი ნაწილი, სამუშაოების 95% დასრულებულია. გარდა ამისა, დაწყებულია და სამუშაოების უმეტესი ნაწილი შესრულებულია მესტია-აეროპორტის გზის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩვენი თხოვნით, 3-კილომეტრიანი გზა უნდა გაეკეთებინა, აქედან 2 კმ გაკეთებულია, მაგრამ ვინაიდან დანარჩენ მონაკვეთზე მიწის ქვეშ მილები უნდა ჩადებულიყო, წელს სრულად არ დაგებულა ასფალტ-ბეტონის საფარი, თუმცა მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება გზის დარჩენილ მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოები. ამ მხრივ, მოსახლეობა ძალიან მადლიერია“, განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, რომელმაც 2017 წელს ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.

 

 

(ზემო სვანეთი, GUARDIAN.GE-ის ფოტო)

 


„წელს ორჯერ მოგვიწია სტიქიასთან ბრძოლა და ამ მიმართულებითაც მთლიანობაში ძალიან ბევრი სამუშაოები ჩატარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მთავრობამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ფინანსური დახმარება გაგვიწია და ამ კუთხით, სამუშაოები დასრულებულია.

 


„ბეჩოში დოლის ღელეზე, რომელიც მოსახლეობას ყოველწლიურად უქმნიდა საფრთხეს, გაკეთდა რკინა-ბეტონის არხი, რაზეც დაახლოებით 904 000 ლარი დაიხარჯა. ასევე დამცავი გაბიონები გაკეთდა მულახის თემში, კერძოდ სოფელ ჩვაბიანში, ასევე დაწყებულია სოფლებთან დამაკავშირებელი ოთხი ხიდის მშენებლობა, ესაა კალაში 2, იფარში 1 და ადიშის გზაზე 1, ეს იქნება რკინა-ბეტონის ხიდები, სამუშაოების 50% შესრულებულია და ამ ეტაპისთვის, თოვლისა და ყინვის გამო, სამუშაოები შეჩერებული გვაქვს და, როგორც კი კლიმატური პირობები მოგვცემს საშუალებას, მუშაობა განახლდება.

 

 

 

(ზემო სვანეთი, GUARDIAN.GE-ის ფოტო)

 


„ადიშის საავტომობილო ხიდის მშენებლობა, წვირმიშის საავტომობილო გზის აღდგენა, ეს დაახლოებით, 122 000 ლარი დაგვიჯდა და სამუშაოები დასრულებულია. მულახის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი ახლა გამოვაცხადეთ, ტენდერებმა გაგვიგრძელა პროცესი და პროექტი გარდამავალში გადავიდა. ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულში, მულახის თემში და სხვაგან, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე გაბიონების მოწყობა და მდინარის კალაპოტის განტვირთვა მოხდა, დავასრულეთ ასევე სტადიონის საყრდენი რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სანიაღვრე არხის მოწყობა.

 

 

(ზემო სვანეთი, სოფელი ეცერი, GUARDIAN.GE-ის ფოტო)

 

 

„2017 წელს რეგიონული პროექტებიდან 2 მილიონი გვაქვს, ამას დაემატა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მილიონ ორასი ათასი და მილიონ 600 ათასი მეორე, რომელიც ახლა გამოგვიყვეს“, უთხრა GUARDIAN.GE-ს კაპიტონ ჟორჟოლიანმა და დაამატა, რომ დაბა მესტიაში უნიკალური თეატრის მშენებლობის მრავალმილიონიანი პროექტი ხორციელდება, რომელიც მომავალი წლის მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

 


„ჩვენ ვახორციელებთ 4-მილიონიან პროექტს თეატრის მშენებლობის, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს. მგფ-მა გამოაცხადა ტენდერი ჩვენი თანამონაწილეობით, 600 000-ს ჩვენ ვიხდით, ძირითადი სამუშაოები შესრულებულია. ახლა სცენის მოწყობა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს და დაახლოებით, მაისის ბოლოს პროექტი უნდა დასრულდეს. აქ მთლიანობაში კულტურის ცენტრი იქნება მოწყობილი, თავისი ამფითეატრით, ეს იქნება ისეთი ადგილი, კულტურული კომპლექსი, სადაც ნებისმიერს დასვენების საშუალება ექნება“, განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ 23დეკემბერს, მესტია- ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო იხსნება, რაც უმოკლესი და უსწრაფესი გზა იქნება ტურისტებისთვის ჰაწვალთან დასაკავშირებლად.

 

 

 

 

კომენტარები: 2
#2  ლევანი
      
მესტია მგონი მსოფლიო ცენტრად იქცა, საოცრად განვითარდა ბოლო პერიოდში ეს მხარე და კიდევ უფრო დიდი მომავალი ექნება სვანეთს. ეს ხომ საქართველოს უერთგულესი შვილების, ნაღდი ქართველების ღვთივკურთხეული მხარეა. იხარეთ სვანებო!
22 დეკემბერი 2017 12:34
#1  ლია გიორგაძე
      
რა საოცარი მხარეა მართლა ეს სვანეთი. როგორი კარგი ხალხის ცხოვრობს თან. ღმერთმა დალოცოს ეს კუთხე, სვანები და მთელი საქართველო
21 დეკემბერი 2017 05:19
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი