ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გურჯაანში მერების და სხვა მაღალჩინოსნების ხელფასები 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი უზრუნველყოფა ბიუჯეტს ჯამში რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დაუჯდება
21-01-2018, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რეგიონებში - როგორც მუნიციპალიტეტების მერიებში, ისე საკრებულოებში 2018 წლიდან ხელფასების მასობრივი ზრდა განხორციელდა და ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, უმეტესწილად კი მაღალჩინოსანთა გაზრდილი ხელფასების უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ლარით მეტი დაუჯდება.

 


როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გურჯაანში მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა - მერებმა, მათმა მოადგილეებმა, სამსახურების უფროსებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მოადგილეებმა ხელფასები მნიშვნელოვნად მოიმატეს მაშინ, როცა ამ მხრივ რიგითი თანამშრომლებისთვის თთქმის არაფერი შეცვლილა.

 


„ახალი წლიდან რეგიონების ახლად არჩეულ მუნიციპალიტეტებში ხელფასების ზრდა მასობრივად ყველგან დაიწყეს. მიზეზად დასახელდა ის, რომ პრემია-დანამატი უქმდება (თუმცა მხოლოდ დანამატი გაუქმდა, პრემია კი რჩება, ოღონდ სახელწოდება შეეცვალა და „ჯილდო“ დაერქვა), ამ არგუმენტით კი, რეგიონებში, პრაქტიკულად ყველგან, მერიისა და საკრებულოების მაღალჩინოსნებმა 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდები გაზარდეს და ამ ხრიკით დანამატით გამოწვეული „დანაკლისი“ ისევ შეივსეს, ზოგიერთ შემთხვევაში გადაჭარბებითაც. მთელ ამ პროცესს ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის დიდი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ახლავს, თუმცა, პროტესტის მიუხედავად, „ოცნების“ ჩინოვნიკები „ახერხებენ“ და ხელფასებს ყველგან იმატებენ“, წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა“ / რეგიონულ საკრებულოებსა და ბიუჯეტებში ხელფასების ზრდამ მასობრივი ხასიათი მიიღო.

 


„შენ წაგართვი, ძმაო, რამე?.. მაგასაც დაგანახებ, თუ არ ავიღებთ პრემიებს ყველა“, ასეთი ნიშნის მოგებით ყვირილი ისმოდა გუშინ „ოცნების“ დეპუტატის მხრიდან ოზურგეთის საკრებულოში, სადაც ოპოზიციამ ხელფასების მატება გააპროტესტა და ამის გამო „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2018 წლის პროექტის მიხედვით, მაგალითად, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3 000 ლარითაა განსაზღვრული. მათი პირველი მოადგილეებისა - 2 600 ლარით. მერის მეორე მოადგილე 2 400 ლარს აიღებს, სამსახურის უფროსები - 2 000 ლარს, განყოფილების ხელმძღვანელები - 1 400 ლარს. დაპირისპირება რიგგარეშე სხდომაზე ოზურგეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ სახელფასო სარგოების მატებაზე წარდგენილ პროექტს მოჰყვა. „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების განცხადებით, მაშინ, როცა პენსიები არ იზრდება, რატომ უნდა იზრდებოდეს თანამდებობის პირთა ხელფასები, რასაც „ოცნების“ დეპუტატმა გოჩა კილაძემ უპასუხა: „შენ წაგართვი, ძმაო, რამე?..“ საბოლოოდ კი დეპუტატებმა წარმოდგენილი პროექტი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს“, წერს გაზეთი და განაგრძობს:

 


„ოზურგეთს არც სხვა მუნიციპალიტეტები ჩამორჩნენ. ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ხელფასები გაეზარდა ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ნაწილს. კონკრეტულად კი, თანამდებობრივი სარგო გაეზარდა სამსახურების უფროსებს და გახდა 2 300 ლარი, მათი მოადგილეებისა - 2 000 ლარი, განყოფილების უფროსებისა და სპეციალისტების ხელფასი გახდა 1 800 ლარი. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოში შეიქმნა ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია და მისი ხელფასი იქნება 1 250 ლარი. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ხელფასების ზრდა კონკრეტულ კოეფიციენტებზეა დამოკიდებული და მატება მოხდა 100-200 ლარით, თუმცა 100-200 ლარით ხელფასის მატება ძირითადად დაბალი რანგის ჩინოვნიკებს შეეხო, თანამდებობის პირებს კი ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასი 1000 ან 1500 ლარითაც კი აქვთ მომატებული“.

 


გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, „ამ მხრივ რეკორდი ბათუმის მერიამ და საკრებულომ დაამყარეს, სადაც მერს 1 750 ლარით აქვს ხელფასი მომატებული და თუკი ბათუმის მერის თანამდებობრივი სარგო 2 750 ლარი იყო, 2018 წლის ბიუჯეტით, მას 4 500 ლარი ექნება. ვიცე-მერის ხელფასი 1 550 ლარითაა გაზრდილი და 2 050 ლარის ნაცვლად უკვე 3600 ლარს აიღებს. 4 500 ლარი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ანაზღაურება იქნება - 3 400 ლარი, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები 2 900 ლარს მიიღებენ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - 2000 ლარს. დადგენილების პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიის აპარატისა და სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგოებიც იზრდება 1 250 ლარით და ისინი 2 900 ლარს მიიღებენ. ბათუმის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს არჩილ ვანაძის განმარტებით, თანამდებობრივი სარგოს გაზრდით არსებითად სახელფასო ფონდში არაფერი იცვლება, რადგან საჯარო მოხელეები დანამატს ვეღარ აიღებენ. 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს გურჯაანში და იქაც ხელფასების მომატებაა გათვალისწინებული მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის. სახელფასო ფონდი 145 000 ლარითაა გაზრდილი, რასაც გურჯაანის მერიაში პრემია-დანამატის გაუქმებით ხსნიან. ოპოზიცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მომატებას გურჯაანშიც აპროტესტებდა. საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" თემურ ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ დანამატის გაუქმებით გათავისუფლებული თანხა უნდა გადანაწილებულიყო სოციალურ პროექტებზე და არ უნდა გაზრდილიყო სახელფასო ფონდი“, აღნიშნავს გამოცემა.

 


„გუშინ დიდი დაპირისპირება იყო ბორჯომში, ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა. წარმოდგენილ ცვლილებაში დაახლოებით 700-800 ლარით იყო გაზრდილი მერის, მისი მოადგილისა და სამსახურის უფროსების ხელფასები იმ დროს, როდესაც რიგითი თანამშრომლების ხელფასი მხოლოდ 20 ლარით იზრდებოდა. ამას გარდა, ბორჯომში „ოცნებამ“ ორი ახალი ფრაქციაც დააფუძნა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 300 000 ლარი დაუჯდება. 250 000 ლარითაა გაზრდილი ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი და ის 3,5 მილიონი გახდა. სახელფასო ფონდი გაიზარდა საკრებულოშიც. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის 54 000 ლარით გაზრდა 5 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების დანიშვნამ გამოიწვია, რისი ვალდებულებაც, კანონის თანახმად, ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას.

 


„ქართული ოცნების“ წევრ ნუკრი ქანთარიას თქმით, ხელფასები იზრდება იმის გამო, რომ პრემია-დანამატი გაუქმდა და არ მიიჩნევს სწორად, რომ ამას ხელფასების მატება უნდა დაერქვას", წერს სტატიის ავტორი.

 


„არ მგონია, რომ ეს ხელფასების მომატებად უნდა აღვიქვათ. დანამატი და სახელფასო სარგო გაერთიანდა, რაც ხელფასის მომატება ნამდვილად არ არის. დანამატი იყო თვალის ასახვევად გაკეთებული, ეს წინა ხელისუფლებიდან მოდიოდა, რომ თითქოს ხელფასი დაბალი ჰქონდათ. თუმცა, ხელფასის გარდა, იყო დანამატი, პრემია და საბოლოოდ ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხას იღებდნენ. ახლა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. დანამატი და ხელფასი გაერთიანდა და დაერქვა გასამრჯელო. ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. ჩინოვნიკს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, არც არის ეს საკმარისი, თუ ის ნამდვილად მუშაობს. თუ ახლა კვირაში ერთხელ გაივლის და მხართეძოზეა წამოწოლილი, მაშინ სხვა საქმეა. თუ ასეთი რამ არის და ალბათ არის, ეს მართლაც უარყოფითადაა შესაფასებელი და აღმოსაფხვრელია. დეკემბერში მივიღეთ უკვე კანონი. ახალი კანონით, უქმდება დანამატი და რჩება ჯილდო, რომელიც ჩაენაცვლება პრემიას, მაგრამ თუ ის ყოველთვიური გახდება, ეს სწორი არ იქნება. ახლა საკრებულოებში ვინ როგორ გადაანაწილებს, ეს არ ვიცი“, აცხადებს ნუკრი ქანთარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი