[ვიდეო] გარდაბანში ახალგაზრდა აზერბაიჯანელ მასწავლებელს, რომელმაც თავისი ყოფილი მოსწავლე გოგონას მოტაცება დაგმო და უხუცესებს წყეულები უწოდა, თანასოფლელებმა ბოდიშის მოხდა აიძულეს და ეს ვიდეოზე გადაიღეს
16-10-2019, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გამიდ სადიჰი. ფოტო: ფეისბუქი

 

აზერბაიჯანული წარმოშობის გეოგრაფიის მასწავლებელმა ფეისბუკზე გოგონების მოტაცების პრაქტიკა დაგმო. ადგილობრივებმა ბოდიშის მოხდა აიძულეს და ეს ვიდეოზე გადაიღეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზექენდში მომხდარ შემთხვევას იძიებს.

 

 

გამოძიებას საფუძვლად დაედო ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა. ვიდეოზე ახალგაზრდა კაცი ჩანს, რომელსაც გარშემო ბევრი კაცი ახვევია და ხმამაღლა, აზერბაიჯანულ ენაზე ეჩხუბებიან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

„შენ მთელი ერი შეარცხვინე,“ – ისმის ასეთი ფრაზა.

 

 

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ვიდეოზეა – გამიდ სადიჰია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზექენდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი.

მის გარშემო შეკრებილები კი, ადგილობრივი მაცხოვრებლები და უხუცესები.

 

 

თეზექენდელების უკმაყოფილება სადიჰის ფეისბუკ-პოსტმა გამოიწვია, სადაც იგი აზერბაიჯანულ თემში გავრცელებულ პრაქტიკას – გოგონების ნაადრევ გათხოვებასა და მოტაცების აკრიტიკებს და კონკრეტულ შემთხვევაზე წერს, რომელიც მის ყოფილ მოსწავლეს შეემთხვა:

 

 

“ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე მოიტაცეს. დღეს მისი პირველი დღე უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში. ის ავტობუსის გაჩერებიდან მოიტაცეს… ” – წერს სადიჰი.

შემდეგ იგი ახსაკალები ანუ უხუცესებს ახსენებს და მიანიშნებს, რომ სწორედ ისინი ასაზრდოებენ მოტაცების ტრადიციას, რადგან ნორმად მიიჩნევენ მას:

 

 

“ახლა წყეული ახსაკალები იტყვიან – შერიგდნენ და იცხოვრონ ერთად,” – ეწერა სადიჰის პოსტში, რომელიც უკვე წაშლილია. 

 

 

ზეწოლის შემდეგ სადიჰი შეკრებილებს ბოდიშს უხდის და ფეისბუკზეც წერს პოსტს ახსნა-განმარტებით.

 

 

 

 

აღნიშნული ვიდეო თავად „საჯარო სასამართლოს“ მომწყობებმა გადაიღეს და შემდეგ იგი ადგილობრივ მოსახლეობაში გაავრცელეს – ერთმანეთს უგზავნიდნენ იმის ნიშნად, თუ რა სამაგალითოდ დასაჯეს ტრადიციების შეურაცხმყოფელი.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის თავად სადიჰის ნათესავებიც იყვნენ.

 

 

აღნიშნული ფაქტი მედიის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოხვდა.

 

 

ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამიდ სადიჰის მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო.

 

 

სადიჰი უკვე იყო პოლიციაში გამოკითხვაზე.

 

 

ვინ არის გამიდ სადიჰი?

 

 

გამიდ სადიჰი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, იგი ეთნიკური აზერბაიჯანელია და საკუთარ რაიონში სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობს.

 

 

სადიჰი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, რამდენიმე წლის წინ იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ პროექტში იყო ჩართული, რომელიც ადრეული ქორწინებების პრობლემას ეხებოდა.

 

 

მას საკუთარ ფეისბუკ-გვერდი აქვს, სადაც წერს სხვადასხვა აქტუალურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებზე.

 

 

მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო პოსტში ის წერს ისტორიას  ხანდაზმულ აზერბაიჯანელ ქალზე, რომელსაც ბავშვობაში ჰქონდა ოცნება ესწავლა, თუმცა მრავალშვილიანი ოჯახის მამამ იგი 15 წლის ასაკში გაათხოვა პირველივეზე, ვინც მისი ხელი ითხოვა. „როდესაც საკინა ხათუნი თხოვდებოდა, ის ჯერ არ იყო სრულწლოვანი და ამიტომ ხელისმოწერის დროს ბიძაშვილის პასპორტით მივიდა“. ამ ისტორიის ბოლოს, ეს ხანდაზმული ქალი, რომელსაც უკვე გადაადგილება უჭირს, გულში იხუტებს თავისი შვილიშვილი გოგოს დიპლომს.

 

 

სადიჰი წერს, რომ ეს ერთი კონკრეტულ ადამიანის ამბავი არ არის და ამ ისტორიაში ბევრი აზერბაიჯანელი ქალის ბედი გააერთიანა.

 

 

სადიჰს ადგილობრივ თემში მხოლოდ მოწინააღმდეგეები როდი ჰყავს. მის მხარდასაჭერად ქვემო ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ფეისბუკ-კამპანია წამოიწყეს ჰეშთეგით #მეგამიდივარ და #ნუეხებითმასწავლებელს.

 

 

ისინი სადიჰის მხარდასაჭერ პოსტებს ორგანიზაცია „საფარის“ ინიციატივით შექმნილ აზერბაიჯანულენოვან ფეისბუკ-გვერდზე “ფანჯარაზე” დებენ:

 

 

ნაშირ ორდუხანოვი: „მასწავლებელი მხოლოდ ყოველდღე გაკვეთილს კი არ ატარებს, მასწავლებელი საზოგადო მოღვაწეცაა. მან უსამართლობაზეც უნდა ამოიღოს ხმა. მან ხმა უნდა ამოიღოს ნაადრევ ქორწინებაზე და ძალით მოტაცებაზეც. სამწუხაროდ, ასეთი მასწავლებლების რაოდენობა ცოტაა, მაგრამ ვინც არის, მათით ვამაყობთ, ჩვენ ვამაყობთ გამიდით!“

 

 

ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ გამიდის დაცვისთვის მათ ადამიანის უფლებათა სახლს მიმართეს და გამიდის მხარდასაჭერად მუშაობენ.

 

 

„ზოგადად, გოგონების მოტაცება და ქორწინების იძულება, სერიოზული პრობლემაა საქართველოში. გამიდი მამაცი მასწავლებელია, რომელიც უპირისპირდება ამ ტრადიციად შერაცხულ დანაშაულს. გამიდის იცავს ადამიანის უფლებებს, ის მართალია ამ ბრძოლაში და ჩვენ მის გვერდით ვართ. სწორედ გამიდისნაირ განათლებულ და გონიერ ახალგაზრდებს შეუძლიათ მავნე ტრადიციების შეცვლა“- ამბობს ბაია პატარაია.

 

 

სიტუაციას იკვლევს ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. ამ უწყების წარმომადგენლები უკვე იყვნენ ჩასული გარდაბანში საქმის დეტალების გასარკვევად.

თბილისის ადამიანის უფლებების ცენტრის წარმომადგენელი ნათია თავბერიძეს თქმით, ცენტრი მზადაა გამიდს დაეხმაროს ყველა ფორმით, იურიდიულად და ფსიქოლოგიურადაც.

 

______________

 

 

ადრეული ქორწინება საქართველოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ნაადრევი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აზერბაიჯანული ტრადიციის ნაწილია.

 

 

აშკარაა, რომ ამ ტრადიციის ტყვეობაში ხვდებიან სამართალდამცველებიც, რომლებიც ხშირად უგულებელყოფენ საქართველოს კანონმდებლობას და თვალს ხუჭავენ დანაშაულზე.

 

 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011–2014 წლებში საქართველოში მე-9 კლასამდე სწავლა 4 599-მა გოგონამ შეწყვიტა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, 2014 წელს – 665.

 

ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა მოქალაქემ დაანება.

 

 

თუმცა,  სავარაუდოდ, ეს მონაცემები არაზუსტია და ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, რადგან ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სადაც ყველაზე ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ აწარმოებდნენ სტატისტიკას, თუ რამდენმა მოსწავლემ დაანება თავი სკოლაში სიარულს ოჯახის შექმნის გამო.

 

https://jam-news.net 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი