ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის ემოციური პოსტი, რომელიც ყველა ემიგრანტის სათქმელს ამბობს
07-09-2015, 00:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ყოფილი ჟურნალისტი თინიკო ტერელაძე, რომელიც დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და იმ ქვეყნის მოქალაქეა, Facebook - ზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ მდგომარეობას აღწერს, რასაც ხანგრძლივი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებული ადამიანების დიდი ნაწილი  განიცდის.  


"რამდენიმე ამბავი დაემთხვა ერთმანეთს. 1) - გელა ჯოხაძის. ბიჭი 16 წელი არ იყო ნამყოფი საქართველოში. ჩავიდა 16 წლის შემდეგ. 1 თვე იყო საქართველოში. 1 თვის შემდეგ უკან დაბრუნდა ამერიკაში და 2 დღეში გული გაუჩერდა საქართველოდან დაბრუნებულს... მეორე ამბავი - ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი და წარმატებული გოგო, ძალიან კარგი ოჯახის შვილი მეუბნება, რომ ამერიკით ისე აღფრთოვანდა, სიამოვნებით იცხოვრებდა აქ, საქართველოში უკანგაუხედავად!..


არ ვიცი. უფრო სწორად, ვიცი ეს რაც არის. ერთი სული გაქვს სადმე წახვიდე. წახვალ და მერე ერთი სული გაქვს უკან დაბრუნდე. ჯერ, არ ბრუნდები. მერე, ვეღარ ბრუნდები. ასეთი გაურკვევლობით იწყებ დაბრუნების ლოდინს და ეს ლოდინი განუსაზღვრელი დროით გრძელდება... ჩადიხარ წლების შემდეგ, და სულ სხვა ხალხი გხვდება. აღარც დედა ჰგავს დედაშენს. აღარც მამა - მამაშენს. სულ ყველა შეცვლილია. შენ გგონია, რომ შენ ჩახვედი შეუცვლელი და ისევ ისეთი, როგორიც წამოხვედი, მაგრამ, მათი მზერით ხვდები, რომ მათთვის შენ ხარ ძალიან შეცვლილი... სახლიც სხვანაირი გხვდება. აღარც შენი ნივთები დევს იქ, სადაც დატოვე და სადაც თვალს ახსოვს. რასაც მოიკითხავ, ჯერ ძლივს ხვდებიან რას გულისხმობ და მერე, იწყებენ ძებნა-გახსენებას, შენი სად რა შეინახეს და შეტენეს (ტყუილად ადგილს იკავებდა და მაგიტომ). იცით როგორი გრძნობაა?!- თითქოს სხვა ხალხი და სახლი დატოვე და სულ სხვა დაგხვდა. ის, რაც გენატრებოდა ეს ამდენი წელი, თვალწინ გიდევს, მაგრამ ეს ის არ არის თუ აღარ არის. სულ სხვა რამე, სხვა ვინმეები არიან ოჯახიც, მეგობრებიც, მეზობლებიც, ქუჩაც, სადარბაზოც... საშინელი გაუცხოვება ხდება. უყურებ მშობლებს და ნერვები გეშლება, ვერ ხვდები, ამ რამდენიმე წელში ასე რამ დააბერა ორივე. ნერვები გეშლება და იწყებ ჩხუბს, თუ რატომ ვეღარ დადიან სწრაფად! რამ გაასუქათ! რატომ არ უვლიან თავს!!! თვითონ, ჯერ გიტანენ მონატრებულს და მერე, თვითონაც გირჩევენ საქმეს, - რამ დაგაგლიჯა ასე ნერვები, როცა შენ მაინც ცხოვრობ "კარგ ქვეყანაში"....


მოკლედ, ამ აურზაურში გადის მთელი ის დრო, რა დროითაც ჩასული ხარ საქართველოში. ბოლოსკენ იწყებს ტვინიც და თვალიც ამ გაუცხოვებული გარემოს დალაგებას, ძველებურად აღქმას. თითქოს ამოისუნთქე, თითქოს დარწმუნდი, რომ მოგეჩვენა აქამდე რაც იფიქრე, - შენი ადგილი რომ არსად არის და, ამ ძლივს დალაგებულ გონებაზე უცებ ისევ უკან გიწევს წამოსვლა. ისევ განუსაზღვრელი დროით.... მთელი გზა ფიქრობ, რომ ვერავის და ვერაფერს მოეფერე საკმარისად. ბევრი ისეთი ვინმე და რამე დაგრჩა სანახავი, რომელიც საქართველოში წასვლამდე ყოველდღე გახსოვდა...


ჩამოდიხარ იქ, სადაც უკვე წლებია ცხოვრობ და ყველაფერი თავიდან იწყება... ოღონდ, საქართველოში მომავალ ჩასვლას უკვე სხვანაირად ალაგებ თავში, ფიქრობ, რომ აი მეორედ, უფრო აზრიანად და დალაგებულად ჩახვალ... მეორე ჩასვლის მერეც ასე ფიქრობ მესამე ჩასვლაზე და მესამე ჩასვილს მერეც, -მეოთხეზე....


თქვენ არ იცით ეს რამხელა ემოციაა. გულში გროვდება. იზრდება, დიდდება და როცა გულში ვეღარ ეტევა, გულს ხეთქავს. გულის გახეთქვა ადამიანის სიცოცხლის ბოლო წამია.
რომელი ძალაც არის ყველაზე ძლიერი (ალბათ ღმერთი), დაგვიფაროს ყველა", - წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინიკო ტერელაძე Facebook-ზე.

კომენტარები: 13
#13   guna
      
ყველას დაემართება ეგრე თუ 11 წელიწადში ერთხელ ჩსხვედი და ისიც ერთი ან ორი თვით მხოლოდ.მეც ემიგრანდმტი ვარ და მეც მქონდა გაუცხოვება მეც მიჭირდა და ყველას უჭირს ეს ყველაფერი, მაგრამ რაც არ უნდა იყოს შენი ქვეყანა არის, შენი ხალხია ამ ქვეყნის პრობლემა ის არის, რომ ვერ იცვლება ვერ პროგრესირდება არც ხალხი იცვლება შენგან განსხვავებით...ეს შენ ჩადიხარ შეცვლილი ისინი ისევ ისეთები გხვდებიან.თუნდაც მონატრებულ მეგობრებთან ჯდები მაგიდაში აღარ გეცინება მათ ხუმრობებზე და გიკვირს რა ხდება ..ძალიან რთულია ეს და კიდევ ბევრი რამ ამიტომ როცა ასე გტკივა გული უნდა გამონახო დრო და მეტი დრო დაუთმო შენს ქვეყანას, შენს ხალხს და პირველ რიგში შენს თავს ..
10 სექტემბერი 2015 19:01
#12  Nana
      
ეს ყველაფერი ამერიკაში (და სხვა ქვეყნებში) წასვლამდეც ასე იყო საქართველოში... სიგარეტი, ნაგავი, გამონაბოლქვი... უბრალოდ კომფორტმა მიჩვევა იცის... მთავარია თავის უფალი იყო ადამიანი. თუ "თავის-უფლობას" ამერიკაში (ან სხვა ქვეყანაში) პოულობს ვინმე, იმ ვინმეს გაუმარჯოს! ქვეყნის დასალაგებლად და დასასუფთავებლად კი ამ ქვეყანაში ცხოვრებაა აუცილებელი, ამერიკიდან საქართველოში სადარბაოს ვერ გაანათებ. არც აქ დარჩენილებს აქვთ კარგი და დალხენილი ცხოვრება, აქაც სკდება გულები და, დამიჯერეთ, გაცილებით მეტი!
10 სექტემბერი 2015 11:55
#11   keti
      
დარჩით საქართველოში 2-3 თვე და თვითონ გადაცკვეტთ რა გინდათ. ისე ვინც NY-ში ცხოვრობთ . ბრუკლინის მერე სიბინძურე გიკვირთ?
8 სექტემბერი 2015 20:29
#10   ირინე
      
მეც ემიგრანტი ვარ და ხშირად მახსენდება აკაკი წერეთლის ლექსი "ღამურა", ვფიქრობ ზუსტად ესადაგება ჩვენს მდგომარეობას, ვერც ჩიტობა შევძელით და აგარც თაგვად ვარგივართ...


ღამურა

ერთმა უგნურმა თაგუნამ

იუკადრისა თაგვობა,

დასწყევლა თვისი გაჩენა,

ბუნების იწყო მან გმობა:


იმ უსამართლო ბუნებამ

თაგვად რად გამაჩინაო?

მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,

მან ჭერქვეშ მომცა ბინაო!


„ვის ეკადრება თაგვებთან

კუდის ბზეკა და ლხენაო?

მე შემშვენოდა ჩიტობა,

რომ მეწყო აღმა ფრენაო.


„რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,

გამომაბამდეს ფრთებსაო,

გავფრინდებოდი, ერთ წამსა

გადავივლიდი მთებსაო!“


რომ დაასრულა ეს ნატვრა,

ნახა, რომ ფრთები ესხმება

და მეტის სიხარულითა

საბრალოს თავბრუ ესმება…


ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,

დაუყონებლივ ავარდა,

ჩიტებში გამოერია,

იმანაც გაინავარდა…


ჩიტებმა ახედ-დახედეს,

სთქვეს: „ვინ მოსულა ესაო?

რა სჯულის ცხოველი არის?

ჩვენთან ვინ გააწესაო?


„თვალტანადობა თაგვს უგავს,

ფრთები ასხია ჩვენიო!

როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს…

ჭირი არის და სენიო!


„ეგება მტრებმა მოგზავნეს,

შემოჩენილი იყოსო!

არიქა, ფრთხილად იყავით,

არავინ გაგვაბრიყვოსო!..“


დასჟღივლეს, ჩაუნისკარტეს,

გაჰკრეს, გამოჰკრეს ბრჭყალები,

სისხლი ადინეს ღამურას,

გამოუბნელეს თვალები!


დაღმა დაეშვა ღამურა,

მიმართა ისევ ძველ სადგურს…

მაგრამ იქ უფრო შავი დღე

დაუდგა მაშინ უბედურს:


თაგვებმა აითვალწუნეს,

აღარ მიიღეს, რომ ნახეს,

მივარდნენ ერთად საკბენად,

„ჰკა მაგასაო!“ დასძახეს…


მაშინ კი მიხვდა ღამურა,

რომ ანგარიში წაუხდა

და თვისი ნატვრა უგნური

საჭირბოროტოდ აუხდა!


გვიანღა იყო! გაფრინდა

გაკიცხულ, თავლაფდასხმული,

ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა

და მოიბრუნა იქ გული.


მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,

დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით,

და მუდამ ამას წრიპინებს

კვნესით და გულისტკივილით:


„კრულ იყოს მისი სახელი,

ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!

თვის ტომის დამწუნებელსა

ჭირი მიუვა კარზედა!


„ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა

და ნუ სცვლის თვისსა ენასა,

თორემ ბოლო დროს მოიმკის

ჩემსავით ცრემლთა დენასა!


„გადაგვარების მოსურნე

ბუნებისაგან კრულია!

მისი პირადი ღირსება

ყოველგან დაჩაგრულია!


„ძველ ტომში გამოსხლეტილსა

არ მოუშლიან კბენასა

და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:

დაუწუნებენ ფრენასა!


„კრულია მისი ხსენება,

ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,

თვის ტომს ჰღალატობს და მითი

თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!..“
აკაკი წერეთელი
8 სექტემბერი 2015 18:57
#9   mari
      
ციტატა: რუსუდან
მეგონა, ჩემი ფიქრები მოიპარა ამ გოგონამ ჩემი გონებიდან. აქაც ემიგრანტები ვართ, დაბრუნებულები იმ ემიგრანტობიდან, ასე მგონია. ვერ ვუგებთ, ვერ გვიგებენ. გაუცხოებულია ყველა და ყველაფერი... და ეძებ ამ ტოტალურ სიუცხოვეში შენს თავს, ეძებ და ვერ პოულობ. ვერც შენიანებს პოულობ. გვერდით გისხედან, მაგრამ ვერ პოულობ. ვერც მეგობრებს- ნაცნობებზე აღარ ვლაპარაკობ. ყველაზე მეტად, ქალაქში გამეფებული სიბინძურე გთრგუნავს. სახლიდან ყოველ გასვლაზე შინ ისე ვბრუნდები, სიცოცხლე არ მინდა. აყრილი ქუჩები, მტვერი, ტალახი, საშინელი ანტისანიტარია ქუჩაში, ეზოებში, სადარბაზოებში, ლიფტებში... ლიფტი ხომ ცალკე თემაა. ვერაფრით შევეგუე. ჯერ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ 10 ან 5 თეთრიანი მოამზადო. მერე, ასე გგონია, ტანკში ზიხარ. გამოდიხარ ლიფტიდან და თუ ღამეა და ოჯახის წევრმა შენი კარის წინ არ დაგიტოვა ანთებული ნათურა, შეიძლება კისერი მოიტეხო სიბნელეში, ან ფარნით უნდა გამოხვიდე ლიფტიდან. იქედან რომ მოვდიოდი, ფარანი მომზადებული მქონდა ჩანთაში, რადგან ვიცოდი, დამჭირდებოდა და თან ვატარებ. უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ძალიან ადვილადაა შესაძლებელი, მაგრამ რატომღაც აქ ყველაფერი რთულია. რაღაც მოჯადოებული წრეა, რომელიც გთრგუნავს. ზაფულში, დასიცხული სამარშრუტო ტაქსები- უკონდიციონეროდ უმრავლესობა და ხალხით გადატენილი, ყოველ ორ ნაბიჯზე რომ ჩერდება. ავტობუსები -ტანკიN2-ლიფტის შემდეგ... აღარ დავწერ მეტს. ისედაც ბევრი დავწერე და აქვს აზრი?! არა და რა მოხდება, თავად თბილისელებმა რომ მოინდომონ და დაალაგონ თავიანთი ქალაქი?! თავიანთი ეზო, სადარბაზო, ლიფტი?! :( ვითომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და წყალს სადაც დავლევთ, ბოთლს იქ მოვისვრით, სიგარეტის ნამწვავს მოვისვრით, ნაჭამ ნარჩენებს მოვისვრით. ხეებზე ცელოფნები ფრიალებენ. შევწუხდი და სულ შეწუხებული დავდივარ. თან სირცხვილი მწვავს ... :(
8 სექტემბერი 2015 16:18
#8   რუსუდან
      
მეგონა, ჩემი ფიქრები მოიპარა ამ გოგონამ ჩემი გონებიდან. აქაც ემიგრანტები ვართ, დაბრუნებულები იმ ემიგრანტობიდან, ასე მგონია. ვერ ვუგებთ, ვერ გვიგებენ. გაუცხოებულია ყველა და ყველაფერი... და ეძებ ამ ტოტალურ სიუცხოვეში შენს თავს, ეძებ და ვერ პოულობ. ვერც შენიანებს პოულობ. გვერდით გისხედან, მაგრამ ვერ პოულობ. ვერც მეგობრებს- ნაცნობებზე აღარ ვლაპარაკობ. ყველაზე მეტად, ქალაქში გამეფებული სიბინძურე გთრგუნავს. სახლიდან ყოველ გასვლაზე შინ ისე ვბრუნდები, სიცოცხლე არ მინდა. აყრილი ქუჩები, მტვერი, ტალახი, საშინელი ანტისანიტარია ქუჩაში, ეზოებში, სადარბაზოებში, ლიფტებში... ლიფტი ხომ ცალკე თემაა. ვერაფრით შევეგუე. ჯერ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ 10 ან 5 თეთრიანი მოამზადო. მერე, ასე გგონია, ტანკში ზიხარ. გამოდიხარ ლიფტიდან და თუ ღამეა და ოჯახის წევრმა შენი კარის წინ არ დაგიტოვა ანთებული ნათურა, შეიძლება კისერი მოიტეხო სიბნელეში, ან ფარნით უნდა გამოხვიდე ლიფტიდან. იქედან რომ მოვდიოდი, ფარანი მომზადებული მქონდა ჩანთაში, რადგან ვიცოდი, დამჭირდებოდა და თან ვატარებ. უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ძალიან ადვილადაა შესაძლებელი, მაგრამ რატომღაც აქ ყველაფერი რთულია. რაღაც მოჯადოებული წრეა, რომელიც გთრგუნავს. ზაფულში, დასიცხული სამარშრუტო ტაქსები- უკონდიციონეროდ უმრავლესობა და ხალხით გადატენილი, ყოველ ორ ნაბიჯზე რომ ჩერდება. ავტობუსები -ტანკიN2-ლიფტის შემდეგ... აღარ დავწერ მეტს. ისედაც ბევრი დავწერე და აქვს აზრი?! არა და რა მოხდება, თავად თბილისელებმა რომ მოინდომონ და დაალაგონ თავიანთი ქალაქი?! თავიანთი ეზო, სადარბაზო, ლიფტი?! :( ვითომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და წყალს სადაც დავლევთ, ბოთლს იქ მოვისვრით, სიგარეტის ნამწვავს მოვისვრით, ნაჭამ ნარჩენებს მოვისვრით. ხეებზე ცელოფნები ფრიალებენ. შევწუხდი და სულ შეწუხებული დავდივარ. თან სირცხვილი მწვავს ... :(
8 სექტემბერი 2015 12:15
#7   ეთერი
      
ამ წერილში სრული სიმართლეა.9 წლის მერე დაბრუნებული თბილისი აბსოლიტურად გაუცხოებული დამხვდა.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ყუთიდან გადმოყარეს ნივთები და მიმოფანტეს ყოველგვარი წესრიგის გარეშე:სუფთა და ჭუჭყიანი,თანამედროვე-ლამაზი და ძველი-დასანგრევი.არეული ერთმანეთში ლამაზი, მოუწესრიგებელი,დანაგვიანებული.ყველგან იგრძნობა-ვისაც ფული აქვს ის მარტო თავის თავზე ფიქრობს და ქალაქი არ ედარდება.სახლიდან გამოსულს 1-2 საათში კბილებში მტვრის კრაწუნი გაწუხებს.მარშრუტკაში ჩაჯდები და ისტერიკა გემართება, მძღოლს ისე დაჰყავს მანქანა.ტაქსში ჩაჯდები და ისეთი ბინძური მანქანებია,საშინელი სუნით, სანამ გადმოხვალ შენი გემართება.ფეხით თუ დადიხარ,გაგიჟებს მძღოლების მიერ მოძრაობის წესების აბსოლიტური იგნორირება.
8 სექტემბერი 2015 11:50
#6   ნონა
      
წერია სადმე,რომ მხოლოდ "ამერიკელებს" ემართებათ? :) თუმცა უნდა გაგახარო, მე სამჯერ ჩამოვედი, სამწუხაროდ, მცირე დროით სამივეჯერ (18, 14 21 დღე), ბევრი რამ არ მესიამოვნა, მაგრამ ეგენი წასვლმდც, ანუ 11 წლის უკანაც მიშლიდა ნერვებს, მაგალითად, სიგარეტის ასეთუ მასიური მწეველობა და ერთმანეთის და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ აგდებული *თავხედურიც კი) დამოკიდებულება, ბინძური სადარბაზოები, აუტანელი "მუსიკა" ტრანსპორტში, ძველი თუ გაუმართავი მანქანების გამონაბოლქვი (ისე რომ სული მეხუთებოდა), უაზრო სიგნალები და უაზრო გ8ინებები (ნერვები აღარ გვაქვს-თავის მართლება), და ა.შ. და სიახლეები, ზოგი მოსაწონი და ზოგიც გულისამრევი, (ველოსიპედივი, ვითომ წმ. გიორგის ქანდაკება თბილისში და ოქროს მზეჭაბუკი ბათუმში და საერთოდ, მთელი ბათუმი რაღაც კატასტროფაა). და უკან დაბრუნებულს უფრო ძლიერი დეპრესია და მონატრება, ისევ თავიდან შეგუება ამ უცხო სამყაროსი, რომელიც ჩემი ვერასდროს გახდება და რომელიც არასდროს მიმიღებს თავის სრულუფლებიან წევრად, ისევ დოლარების და ცენტრბის ანგარიშო, როდის გადავდებ ისევ წასასვლელ თანხას....
8 სექტემბერი 2015 08:12
#5   nani
      
შენს ქვეყანას არაფერი სჯობია, სადაც შენ უყვარხართ იქ არის შენი ადგილის დედა,მუცლის დონეზე ცხოვრება სატანჯველია, ჯოჯოხეთია.
8 სექტემბერი 2015 07:13
#4   mziuri
      
ვაიმე გამისკდა გული
8 სექტემბერი 2015 05:18
#3   manana
      
გული გეტკინება ასეთ ტკივილიან წერილს რომ წაიკითხავ.ჩვენ ამერიკა საოცნებო ქვეყანა გვგონნია,თუმცა იქ რეალობაში სულ სხვაა.ზოგს გაუმართლა და ააწყო ბიზნესი,ასე თუ ისე მოეწყო და მოიწყო ცხოვრება.იხტიბარს არ იტეხს...მტავარია ჩვენს თვალში ბედნიერის ნიღაბი მოირგოს და ბედნიერი გეგონოს,წარმატებული.სინამდვილეში ნოსტალგიისგან და გაორებისგან იტანჯება.აქაც უცხოა და იქაც.არაერთ პოსტს წააწყდები დახმარების თხოვნით,გარდაიცვალა და თანხას აგროვებენ ემიგრანტები სამშობლოში გადმოსასვენებლად,მძძიმედ ავად არის და საქართველოში უნდა დაბრუნდეს,ვისაც ამის საშუალება არ აქვს იქვე მიაბარებენ ამერიკის მიწას და სინანულით იტყვიან:არ ეღირსა სამშობლოში დაბრუნება.
8 სექტემბერი 2015 01:48
#2   თამარი
      
ნაწილობრივ ასეა... მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველოში დარჩენილებსაც ემართებათ მსგავსი დეპრესიული ნოსტალგია! არაერთხელ უთქვამთ ჩემს ნაცნობებს თუ ახლობლებს - ემიგრანტი სენ კი არა ჩვენ ვართ საკუთარ სამშობლოშიო :-(
8 სექტემბერი 2015 00:37
#1   maka
      
ეს ყველაფერი სიმართლესთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ ვფიქრობ ასე ემიგრანტთა 100% არ ემართება.(ან არ მინდა ჯერჯერობით დავიჯერო). და მარტო ამერიკაში მცხოვრებთ არ ემართედბათ. ქართველები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან გასულები და ისინი ასე არ არიან ,როცა საქართველოში ჩამოდიან? სწორედაც ასეა
7 სექტემბერი 2015 22:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი