ვაჟა ბერიძე: პაატა ზაქარეიშვილის ბოლო განცხადების შემდეგ აფხაზეთთან დაკავშირებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრი გადადგებოდა
29-11-2015, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პაატა ზაქარეიშვილის აფხაზეთის შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ "მისი [პაატა ზაქარეიშვილის] ბოლო განცხადების შემდეგ აფხაზეთთან დაკავშირებით, ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრი გადადგებოდა".

 

 

საკითხი ეხება სახელმწიფო მინისტრის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას: "ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა _ ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა."

 


ზაქარეიშვილის აღნიშნული განცხადების შესახებ პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ თავისი დამოკიდებულება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 


პაატა ზაქარეიშვილს პატივს ვცემ როგორც ერუდირებულ პიროვნებას და ანალიტიკოსს. ამიტომ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, მის გადადგომას ან იმპიჩმენტს არ მოვითხოვ. ჩემი აზრით, იგი პრაგმატული პოლიტიკოსია. მაგრამ მისი ბოლო განცხადების შემდეგ აფხაზეთთან დაკავშირებით, ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში მინისტრი გადადგებოდა.

 

 

რაც მან IPN-ს უთხრა, განსაცვიფრებელი, წარმოუდგენელი და მიუღებელია არათუ მინისტრის, უბრალოდ საქართველოს მოქალაქისგანაც კი.

 

 

საქართველოს ფედერალურ მოწყობაზე მეც ბევრი მიფიქრია და გარკვეულ პირობებში, გარკვეული დათქმებით, ეს იდეა, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს.

 

 

მაგრამ ასეთი მიდგომით?

 

 

პაატა ზაქარეიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ამბობს: „აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა და ერთ სახელმწიფოში ცხოვრების ერთადერთი გამოცდილება, რაც ჩვენ გვახსოვს, საბჭოთა კავშირია“.

 

 

ნუთუ?

 

 

ბატონი პაატა ისტორიას, ერთი შეხედვით, მართებულად ემიჯნება: პლინიუსთან (I ს.ახ.წ.) და არიანესთან (II ს.ახ.წ.) პირველად მოხსენიებული აფშილებისა და აბაზგების ეთნიკური კუთვნილების საკითხი, რომლებიც აფხაზების წინაპრებად მიიჩნევიან თავად აფხაზების მიერ, დღესაც პოლემიკის საგანია ქართველ, აფხაზ და უცხოელ მეცნიერთა შორის, მაგრამ ეს ტერიტორიები და მათზე მცხოვრები ეთნოსები (მოდით, ამჯერად ასე მოვიხსენიოთ ისინი) ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში (წარმონაქმნებში, სახელმწიფოებში) მოიაზრებოდა და მოიაზრება ყოველთვის, ხოლო VIII საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებული „აფხაზთა სამეფო“ უდაოდ იყო თუ არა დასავლეთ საქართველოს მომცველი, მასში აბაზგები, აფშილები, სანიგები და მისიმიელები შედიოდნენ თუ არა, ქართულ სახელმწიფო გაერთიანებად მიიჩნევა, ქართული ენით, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლებით, მართლმადიდებლობით და ა.შ. მაგრამ თუ ამასაც ისტორიკოსებს დავუტოვებთ საკვლევად და ჭეშმარიტების დასადგენად, ნუთუ იმის საფუძველს მაინც არ იძლევა, ვთქვათ – ქართველებსა და აფხაზებს, მათ წინაპრებს, ერთ სახელმწიფოში ცხოვრების გამოცდილება აქვთო? სხვა უფრო ადრეულ და შემდგომ პერიოდებს ისტორიის თავი რომ დავანებოთ.

 


მოდით შევეშვათ ისტორიულ წიაღსვლებს.

 

 

თუნდაც, საბჭოთა პერიოდში გვეცხოვრა მხოლოდ ერთად (თუმცა, ეს რომ აბსურდია, ყველასთვის ცხადია). განა „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის“ დაშლის შედეგად არ ჩამოყალიბდა 15 სუვერენული სახელმწიფო, რომელთაგან ზოგიერთს ამ საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებში ადრე არასდროს უცხოვრია და მანამდე რეალურად სახელმწიფოებრიობაც კი არ ჰქონია. რაღა საქართველომ უნდა მოიქაჩლოს თავი და დაიწყოს მეზობლებთან თუ ხიზნებთან ბოდიშები, რომელთაგან ზოგს ალბანელების კულტურულ მემკვიდრეობად ჩვენი ძეგლების გამოცხადება და დაჩემება უნდა, ზოგს „დიდი სომხეთის“ სიზმრები აწუხებს და ზოგსაც მომთაბარე წარსულის დროს საქართველოში ბინადრობის ილუზიები კვებავს და რასაც მათი თანატომელები – ალან–ოსები ვერ ბედავენ სხვაგან, ვთქვათ რუსეთში, იმის რეალიზაცია აქ, ჩვენთან, საქართველოში უნდათ, აქაოდა ჩვენს წინაპრებს ოდესღაც ეს ტერიტორიებიც მოუთარეშებიათო.

 

 

ახლა მათ ამ ილუზიებს ჩვენი მინისტრი ამყარებს – მსგავსი რემინესცენციით – ჩვენ და აფხაზებს, ჩვენ და ოსებს ერთ სახელმწიფოში („დამოუკიდებელში“ – როგორი პირობითობაა? ზაქარეიშვილის აზრით, წყალი რომ არ გაუვა, ისეთი) ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვსო“.

 

 

ეს დაუშვებელია, უფრო მეტიც, არ შეესაბამება სიმართლეს და სინამდვილეს, უფრო მკაფიოდ, ეს პოლიტიკური შეცდომაა, სერიოზული და მიუტევებელი.

 

 

ვფიქრობ ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა 1918–1921 წლების ამბებიც იცის, რა იყო მაშინ და რატომ, თუმცა, ჩანს, მცდარ ინტერპრეტაციას აძლევს ფაქტებს და მოვლენებს.

 

 

ჯერ ავაყვავოთ საქართველო და ე.წ. სტატუსის საკითხი მერე დავსვათ? როგორც ამას რეინტეგრაციის თუ არსებითად დეზინტეგრაციის მინისტრი გვირჩევს? რომელიმე შეიხმა ამასობაში აფხაზეთს დოლარების წვიმა რომ აწვიმოს და ააყვავოს 20–30 წელიწადში, მერე მიშა სააკაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი მოატრიალებენ მათ „ნებაყოფლობით“ საქართველოსკენ?

 

 

მეტი პასუხისმგებლობა ბატონო მინისტრო!" -წერს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი