ჩვენი მიზანია, საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს, - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მინსკში გამართული შეხვედრის დასაწყისში გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ქართველებისთვის "უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“.
„მე ცოტა ხნის წინათ ვიმყოფებოდი საქართველოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და მივხვდით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. მაშინ მივიღეთ თანამშრომლობის გადაწყვეტილება და პირობას გაძლევთ, რომ უკან არ დავიხევთ. თქვენ ჩვენთვის უცხოები არ ხართ და მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის დროს დაწყებული პროექტები სულ მალე კონკრეტული შედეგებით დასრულდება.
„პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას ვაჭრობის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ ტენდენციას და გამოითქვა კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გამყარების იმედი.
საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და იმ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა.
მხარეებმა, ორმხრივ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებთან ერთად, ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებასაც დაუთმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.