ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.
აღნიშნული საელჩოები საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
საელჩოები საქართველოს ულოცავენ წარმატებულ და კარგად ჩატარებულ საარჩევნო დღეს, რა დროსაც ადგილობრივმა ამომრჩეველმა მერები და გამგებლები პირდაპირი წესით პირველად აირჩია.
"ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ქვეყანაში გახსნილ 3,600-ზე მეტ საარჩევნო უბანში შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა. გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს"-ნათქვამია საელჩოების განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და მხოლოდ მცირე დარღვევები დარეგისტრირდა.
"ამავე დროს, შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ მთავრობას, აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე ობიექტურად გამოიძიოს და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს"-ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების განცხადებით, ისინი კვლავ გულდასმით დააკვირდებიიან პროცესებს, მათ შორის მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და განმეორებით არჩევნებს.
ამასთან, საელჩოები ყველა მხარეს მოუწოდებენ, ერთად იმუშაონ, რათა საქართველოში ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ხელი შეუწყონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.