“საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაა “ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერმა გამოცემასთან ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე, მის გაფართოებასა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელებისას ყველაზე დიდი გამოწვევაა აუცილებელი მატერიალური ბაზის, ანუ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, რის პარალელურადაც უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ვაჭრობის არამატერიალური ბაზის მშენებლობა, რაც ძირითადად მოიცავს კანონმდებლობის დაახლოებას, ეფექტიან სასაზღვრო მენეჯმენტს და საბაჟო პროცედურებს, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მკაფიო და გამჭვირვალე ტარიფების დაწესებას მთელი დერეფნის გაყოლებაზე“
საქართველოსთვის არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, იმისათვის, რომ მან სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტიდან მოიზიდოს მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთები. მეტად იმედისმომცემია ამჟამინდელი ვითარება რეგიონში, რადგანაც აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობას.
საქართველოს მთავრობა არის რამდენიმე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის აქტიური წევრი (მაგალითად, TRACECA, LAPIS LAZULI და ბალტიის ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში). საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ინიციატივაზე“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, 2015-2016 წლებში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით არაერთი სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად კი ტრანზიტის დრო ა 40-45 დღიდან 7-9 დღემდე შემცირდა.
„ვიკინგის" სარკინიგზო პროექტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა: ინტერმოდალური ხასიათი, ფიქსირებული გრაფიკი, რაც იძლევა ტრანსპორტირების სხვა მეთოდებთან შეთანხმების, ურთიერთმოქმედების შესაძლებლობას; ასევე მისი კონკურენტული ფასები ტრანსპორტირების ალტერნატიულ მეთოდებთან შედარებით, საზღვარზე დოკუმენტაციის წარმოებისა და განბაჟების მინიმალური ვადები და დანიშნულების ადგილზე ტვირთის ჩატანისას დაგვიანების, შეფერხების მინიმალიზაცია.
2011 წლის 15 მარტს, კიევში ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან მიერთების პროტოკოლს. 2015 წლის აპრილში საქართველოს რკინიგზა გახდა პროექტ „ვიკინგის" სრულფასოვანი წევრი, რომლის ასოცირებული წევრებიც არიან ბულგარეთის საზღვაო ფლოტი და ფინეთში დაფუძნებული კომპანია Containerships-ი.
„ვიკინგის" ფარგლებში კომპანიები Gefco და Steveco Logistics-ი არიან ახალი ოპერატორები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის გავლით. პროექტის წევრები, განსაკუთრებით კი საქართველო, დაინტერესებული არიან პროექტ „ვიკინგში" აზერბაიჯანის გაწევრიანებით.
სს ,,საქართველოს რკინიგზის" გაწევრიანება კი უზრუნველყოფს კავკასიის დაკავშირებას ევროპასა და სკანდინავიასთან და გააუმჯობესებს პროგრამა TRACECA-ს წევრ ქვეყნებს შორის და აღმოსავლეთი-დასავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით ტვირთის ერთობლივი სატრანზიტო გადაზიდვების პირობებს.
გარდა ამისა, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში გაჩნდება ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები.
პირველი სატვირთო მატარებელი პროექტ „ვიკინგის" ფარგლებში დაიძრა ილიჩევსკიდან (უკრაინა), 15 იანვარს და შეასრულა საცდელი მარშრუტი ჩინეთისკენ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით, კასპიისა და შავი ზღვების გაყოლებაზე. სატესტო მატარებელი დაიძრა მალევე მას შემდეგ, რაც 14 იანვარს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმდა პროტოკოლი, რომლითაც განსაზღვრულია კონკურენტული შეღავათიანი ტარიფები ტვირთის გადაზიდვებზე ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენებით“- აცხადებს პრემიერი გამოცემასთან ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.