„ძლიერი პოლიტიკური პარტიები - ძლიერი სახელმწიფო“!
23-06-2014, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გასამდა", - დიახ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვა, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით კი, საარჩევნო 3 ეტაპიანი ციკლი დასრულდა, რომლის მთავარი შედეგი გახლდათ ქვეყნის გათავისუფლება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოძალადე რეჟიმისაგან, - მშვიდობიანი, კონსტიტუციური, დემოკრატიული გზით, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის!

 


ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელისაკენ მიდის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გახლავთ, ქვეყანაში ძლიერი პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირების აუცილებლობა. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია ამათუიმ პოლიტპარტიის რეიტინგი და რა შედეგი აჩვენეს მათ განვლილ საარჩევნო სამსაფეხურიან ციკლში. ნათელია, რომ "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ისტორია დასასრულისკენ მიექანება და ეს არცაა გასაკვირი, თუ გადავხედავთ ამ ორგანიზაციის ბიოგრაფიას.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ "ნაცმოძი" თითქოს "ინარჩუნებს რაღაც პოზიციებს", ეს არ შეეფერება სინამდვილეს, უბრალოდ, საქმე გვაქვს პოლიტინერციასთან, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი მმართველი პარტიებისათვის, რაც გამოიხატება რეიტინგის თანდათანობით და შეუქცევადად კლებაში. სხვა, ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკური პარტიები მყარი და მზარდი რეიტინგით ვერ გამოირჩევიან და ვფიქრობ, რომ ისინი თავისი ელექტორატის შენარჩუნების პრობლემით არიან დაკავებულები. თუმცა, უკანასკნელმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ მათ შორის დაწინაურდა ორი პოლიტიკური სუბიექტი, - ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და თარხან-მოურავის "პატრიოტთა ალიანსი". რაც შეეხება, - კოალიცია "ქართულ ოცნებას", მოგეხსენებათ, რომ იგი ექვსი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას წარმოადგენს და აქედან გამომდინარე, მისი რეიტინგიც ექვსი პოლიტიკური ორგანიზაციის რეიტინგების ჯამს უნდა წარმოადგენდეს.

 

 

ვინც კარგად ერკვევა ქვეყანის რეალურ პოლიტიკურ ვითარებაში, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი კოალიცია "ქართულ ოცნებაში". რა თქმა უნდა, რომ ეს გახლავთ, - პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომლის რეიტინგი სჭარბობს კოალიციაში შემავალი დანარჩენი ხუთი პარტიის რეიტინგს, ერთად აღებულს! ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ, - თუ გავყოფთ და თანაბრად გადავანაწილებთ ექვსზე (კოალიციის სუბიექტების რაოდენობა) კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ პროცენტებს (ხმების რაოდენობას) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამოვა რომ, - დაღმავალ რეიტინგზე მიმავალ "ნაცმოძრაობას", როგორც ცალკე აღებულ პარტიას, ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონია ქვეყანაში?!.. მოკლედ, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკური პარტიაა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელთანაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებით ძალიან ისარგებლა ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ: "რესპუბლიკელებმა", "თავისუფალმა დემოკრატებმა", "ეროვნულმა ფორუმმა", "კონსერვატორებმა" და "მრეწველობა გადაარჩენს საქართველო"-მ, რომლებსაც პარტიული კვოტირების შედეგად ათეულობით დეპუტატი ჰყავთ, როგორც ქვეყნის პარლამენტში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რამაც დიდად შეუწყო ხელი თითოეული მათაგანის პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებას. არადა, კოალიცია "ქართული ოცნების" დაფუძნებამდე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხუთივე პარტიის რეიტინგი და მათი პირველადი პარტიული ორგანიზაციები "სულს ღაფავდნენ"!

 

 

ამ წერილის მიზანი არ გახლავთ პოლიტპარტიათა საარჩევნო პროცენტების დათვლა და ზუსტი მაჩვენებლების გამოყვანა, ისედაც ყველაფერი ნათელია, უბრალოდ, სამწუხაროდ და საგანგაშოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2 წლის წინ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგი, არათუ არ იზრდება, არამედ აშკარა კლებას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციამ სწორედ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგის წყალობით მიაღწია გამარჯვებას საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და უკან ჩამოიტოვა "მომაკვდავი" ნაცმოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები.

 

 

მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად არის, პირიქით, ვიმეორებ, რომ პარტია "ქარ./ოცნ. - დემ/საქ." რეიტინგმა 1 წლისა და 8 თვის მანძილზე 40% - იანი კლება განიცადა. როგორც ზევით მოგახსენეთ, საპარლამენტო რესპუბლიკა ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი კოალიციის წევრები უნდა მოემზადონ იმ დროისთვის, როცა მარტო, პოლიტიკური ან საარჩევნო ბლოკის გარეშე მოუწევთ დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით კი, მიუხედავად ერთპიროვნული ლიდერობისა დიდი სამუშაო აქვს ჩასატარებელი პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს", რომელიც დღემდე (ისევე, როგორც მთლიანად კოალიცია) ბიძინა ივანიშვილის, მართალია კლებადი, მაგრამ მაინც შედარებით ყველაზე მაღალი რეიტინგის წყალობით არის უპირობო ლიდერი! ვფიქრობ, რომ საქართველოში, მავანთა ყოველგვარი მცდელობა, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ამერიკულის მსგავსი ორპარტიული, მყარი, უალტერნატივო პოლიტიკური სისტემა, წინასწარ განწირულია მარცხისთვის. საამისოდ არ არსებობს შესაბამისი პირობები, - ისტორიული, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალ-ეკონომიკური თუ სხვა.

 

 

ამ მიმართულებით, ყველა ძალისხმევა ფუჭია! არადა, შეიმჩნევა ამის მცდელობა, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ნაწილში, ისე ნაცმოძრაობის ლიდერების განცხადებებში. ასევე, ჩვენი სტრატრგიული პარტნიორის აშშ-ს და ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის (ევროპის სახალხო პარტია) სურვილებში და მცდელობებში, რომელიც უწინარესად აიხსნება იმით, რომ ქვეყანაში "ნაცმოძი" დაფიქსირდეს და დამკვიდრდეს, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია. "ორპარტიულობის შემოღების" შესაძლებლობას გამორიცხავს ისიც, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" გარდაქმნა ერთ პოლიტიკურ პარტიად შეუძლებელია, იმდენი პოლიტგანსხვავებული ჯგუფები და პიროვნებებია მასში გაერთიანებული, ამიტომ, მისი დაშლა გარდუვალია (ასეთია, ევროპული პოლიტიკური გამოცდილება) და ამას მომზადებული უნდა შეხვდეს მმართველი გუნდი (ქვეყნის მთავრობა).

 

 

მიმაჩნია, რომ საქართველოს მდგრადი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, განსავითარებლად და საორიენტაციოდ, გეზი უნდა იქნას აღებული ევროპულ მოდელზე, ისეთი სახელმწიფოებზე როგორებიც არიან გერმანია და საფრანგეთი. ამისთვის საჭიროა, რომ"ათეულობით" ქართული პოლიტიკური პარტიების არსებობა, შექმნა და ფუნქციონირება, განისაზღვროს მკაცრი და სამართლიანი ნორმატიული საკანონმდებლო აქტებით, რათა ამ პარტიების რაოდენობა, კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და საჭიროება, ადეკვატურად ასახავდეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას! დღეს, საქართველოში არსებული რეალური პოლიტიკური რესურსი საშუალებას იძლევა 5-6 პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისა, რომელიც საშუალო ევროპული (აღმოსავლეთ ევროპა) დონის შესატყვისი იქნება. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის ხელისუფლებამ თავის მხრივ უნდა შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ სრულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, - იდეოლოგიური პლატფორმა, მემარჯვენეობა-მემარცხენეობა და ა.შ., რაც აუცილებელი პირობა და მაჩვენებელია ქვეყნის პოლიტიკური სიმწიფის და კულტურის. იმედი ვიქონიოთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვისას, არ მოგვიწიევს "მარჩიელობა" იმ პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგების დათვლისას, რომლებიც დღეს, - კოალიციებში, ალიანსებში თუ საარჩევნო ბლოკებში "მოკალათებულნი" - ოსტატურად "ნიღბავენ" საკუთარ, რეალურ უნარ-ჩვევებს!..

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი