თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამთენიისას დღეს (3 ივლისი, 2014) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ტელეკომპანიების ცნობით, იგი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს და ბრალი აეროპორტშივე გააცნეს. შემდეგ საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს, იქიდან კი, ე.წ მოდულის შენობაში.
"დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასდროს დავუხრი. მეორეც, ბრალდება არ ვიცი" - განაცხადა უგულავამ დაკავების მომენტში.
უგულავა კიევში გამგზავრებას აპირებდა.
გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამია:
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა გიორგი უგულავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორ, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად, ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. "შავი ფულის" მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიიდან, "ექსიმუს ჰოლდინგიდან", რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის, "ბრუქთრეიდის" ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით. საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა მხოლოდ 760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. აღნიშნული თანხა გიორგი უგულავამ გამოიყენა პარტიული მიზნებისთვის.
რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ გიორგი ღონიაშვილს, სასამართლომ მას უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, ხოლო ალექსანდრე გოგოხიას მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გიორგი უგულავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-12 წლამდე ვადით.
საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით", - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ამასთან, გუშინ "სიტი პარკის" საქმეზე გიგი უგულავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ გამოიყენა, პროკურატურა მისთვის 50 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარების ვალდებულების დაკისრებას ითხოვდა. პროკურატურის მტკიცებით, უგულავა ქვეყნიდან მიმალვას აპირებდა. თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.