სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა
03-07-2014, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. საქართველოს სახელმწიფომ ეს დავა გამარჯვებით დაასრულა.

 

 

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

 

 

უწყების ცნობით, რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ.

 

 

"მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა" − განაცხადა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებას რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა. გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. მოსამართლემ წაიკითხა გადაწყვეტილების მხოლოდ დასკვნითი ნაწილი. სრული ვერსია კი, სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდება.

 

 

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა.

 

 

2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას. რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა.

 

 

საქართველოს საჩივარი სტრასბურგში ემყარებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შემდეგ მუხლებს: კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-4 (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული გარანტიები) მუხლები. საქართველო ითხოვდა ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.

 

 

2009 წლის 15 დეკემბერს იმ პალატამ, რომელიც საქმეს იხილავდა, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა. 2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე გაიმართა მოწმეთა დაკითხვა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში დაიკითხა მხარეთა მიერ წარდგენილი 10-10 მოწმე. 2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. ბოლო სხდომის შემდეგ გამართულ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი დღემდე უცნობი იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი