ლონდონს ახალი მერი ჰყავს. პირველად ქალაქის ისტორიაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მერად მუსლიმი აირჩიეს. ამ ფაქტს მსოფლიო მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
Guardian.ge გთავაზობთ ლონდონის ახლად არჩეული მერის, პაკისტანიდან ლონდონში ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული სადიყ ხანის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს; მისი საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების რეაქციას ლონდონის მერად მის არჩევასთან დაკავშირებით.
ახლადარჩეულმა ლონდონის მერმა სადიყ ხანმა საუსვორკის ტაძარში ცერემონიალზე, რომელსაც ლეიბორისტების ყოფილი ლიდერი ედ მილიბანდი და ბარონესა დორენ ლოურენსი ესწრებოდნენ, ფიცი დადო და განაცხადა: „მზად ვარ თავდაუზოგავად ვემსახურო ყველაზე მეტად გამჭვირვალე, ჩართულ და ხელმისაწვდომ ადმინისტრაციას და როგორც ლონდონის მერი ვიყო საზოგადოების თითოეული წევრის და ქალაქის ყველა ნაწილის წარმომადგენელი.“
ხანმა განაცხადა, რომ იგი უარს იტყვის იყოს ლეიბორისტული პარტიის პარლამენტის წევრი.
1,310,143 ხმით მან დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პოლიტიკოსებს შორის ყველაზე დიდი მანდატი მიიღო. 45 წლის ლეიბორისტმა ხანმა 41 წლის კონსერვატორი ზაკ გოლდსმიტი, რომელიც მილიარდერის შვილია და ბრიტანეთის პარლამენტში სიმდიდრით მეორე ადგილზე მყოფი დეპუტატია, 13.6%-ით დაამარცხა და ლონდონის პირველი მუსლიმი მერი გახდა.
მოკლული შავი თინეიჯერის სტივენის დედამ, ბარონესა ლოურენსმა განაცხადა: „მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომ მეყოლებოდა მერი, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იქნებოდა.“
სადიყ ხანის ოჯახი და მისი მოკლე ბიოგრაფია
ავტობუსის პაკისტანელი მძღოლის შვილი, სადიყ ხანი, რომელიც დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაიზარდა. მან თქვა, რომ არასოდეს უოცნებია გამხდარიყო ლონდონის მერი.
სადიყ ხანი პაკისტანიდან დიდ ბრიტანეთში ემიგრირებული ოჯახის 8 შვილიდან (7 ვაჟი და ერთი ქალიშვილი), მეხუთეა. სადიყი, მისი მშობლების ლონდონში ემიგრაციის შემდეგ მალევე დაიბადა. მამამისი, ამანულაჰ ხანი გარდაცვალებამდე, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავტობუსის მძღოლი იყო, ხოლო დედამისი, სეჰრუნი, მკერავი. ოჯახი დღემდე უგზავნის ფულად დახმარებას პაკისტანში მცხოვრებ ნათესავებს, რადგანაც ხანის სიტყვებით, „ჩვენ დალოცვილნი ვართ, ამ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობის მოცემით.“
ხანის ბებია და ბაბუა, 1947 წელს ინდოეთის გაყოფის შემდეგ, საცხოვრებლად პაკისტანში გადავიდნენ, საიდანაც უკვე მისი მშობლები ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში წავიდნენ.
ხანი და მისი დედ-მამიშვილები ლონდონის სამხრეთში, ერსფილდში სამოთახიან ბინაში იზრდებოდნენ. სადიყს სურდა კბილის ექიმი გამხდარიყო, მაგრამ პედაგოგების დაჟინებული რჩევით მან იურიდიული განათლების მიღება გადაწყვიტა და სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ჩრდილოეთ ლონდონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლის პარალელურად კი, გამომდინარე იქედან რომ ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, 18-იდან 21 წლის ასაკამდე შაბათობით იგი ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა.
ხანი ადრეული წლებიდანვე შეუდგა შრომით საქმიანობას. „მე გარემოცული ვიყავი მამაჩემით და დედაჩემით, რომლებიც მუდამ შრომაში იყვნენ ჩაფლულნი და ამგვარად, როგორც კი სამუშაოს დაწყების საშუალება გამიჩნდა, მაშინვე შევუდექი შრომით საქმიანობას, შაბათობით გაზეთებს ვყიდდი, ხოლო ზაფხულის პერიოდში მშენებლობაზე მუშად ვმუშაობდი,“ - იხსენებს ხანი.
1994-2006 წლებში პარლამენტში შესვლამდე იგი ლონდონის ვენდსვორტის თვითმმართველობის საბჭოს წევრი იყო ტუტინგიდან. მანამდე კი, 27 წლის ასაკში იგი ადამიანის უფლებების დაცვის იურიდიული ფირმის პარტნიორი გახდა. 2005 წელს კი ხანი პარლამენტის წევრად აირჩიეს. 2009 წელს ხანი პირველი მუსლიმი გახდა, რომელმაც გორდონ ბრაუნის მინისტრთა კაბინეტში, მნიშვნელოვანი პოსტი, ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
ხანის მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები
ლონდონის მერად კენჭისყრისას, თავის საარჩევნო კამპანიის დროს ხანი აცხადებდა, რომ ლონდონის ბინათმშენებლობისა და მოქალაქეთათვის ბინების ხელმისაწვდომობის საკითხს გადაწყვეტდა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის საფასურს 4 წლით გაყინავდა.
ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, მან განაცხადა, რომ იგი თავის მიზნად გაიხდის იმას, რომ ყველა ახლად აშენებული სახლის ნახევარი „ნამდვილად ხელმისაწვდომი“ იყოს; ლონდონის ცენტრალური, ოქსფორდის ქუჩა ფეხით მოსიარულეებს დაეთმობათ და დედაქალაქის ჰაერის ხარისხი კანონიერ და უსაფრთხო დონეს დაუბრუნდება.
მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების რეაქცია ხანის ლონდონის მერად არჩევასთან დაკავშირებით
ნიუ იორკისა და პარიზის მემარცხენე ორიენტაციის მერებმა, სადიყ ხანს ლონდონის მერად არჩევა მიულოცეს.
ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ „თვითერზე“ დაწერა: „ვუგზავნი მილოცვას ლონდონის ახალ მერს და თანამოაზრეს ხელმისაწვდომი სახლების კუთხით. მოუთმენლად ველოდები თქვენთან ერთად მუშაობას.“
შეერთებული შტატების დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი ქლინთონმა „თვითერზე“ დაწერა: „ავტობუსის პაკისტანელი მძღოლის შვილი ლონდონის მერი გახდა. გილოცავ.“
„ნიუ იორკ თაიმსმა“ სადიყ ხანის გამარჯვებას „განსაცვიფრებელი“ უწოდა. ამერიკული გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იგი ლონდონის პირველი მუსლიმი მერი გახდა, ხოლო ლონდონის შესახებ წერს, რომ იგი ხელმისაწვდომი სახლების ნაკლებობას განიცდის, ქალაქი კი ხმაურიანი და მასობრივი სატრანზიტო ქსელით გადატვირთულია.
გერმანული „შპიგელი“ კი ხანის გამარჯვებას „ისლამოფობიაზე გამარჯვებად“ აფასებს. „მერის არჩევნები აჩვენებს, რომ ლონდონი უფრო ლიბერალური, ჭკვიანი და ტოლერანტია, ვიდრე ეს შესაძლოა შურაცხყოფის მიმყენებელ კონსერვატორებს წარმოუდგენიათ.“
ყატარის ყოველდღიურმა „ალ-შარქმა“ დაწერა: კიდევ ერთხელ, ბრიტანეთის დედაქალაქი შედის ისტორიაში, ამჯერად დემოკრატიული გამარჯვებით, ემიგრანტული წარსულის მუსლიმი მერის არჩევით.“
პაკისტანის გაზეთი Dawn წერს, რომ ხანს შეუძლია შეხედოს თავის თავს, როგორც მაგალითს ევროპაში მცხოვრები მილიონობით მუსლიმისთვის. გაზეთის ბრიუსელის კორესპონდენტი შადა ისლამი წერს, რომ ხანის ლონდონის მერად არჩევა პირდაპირ დაეხმარება ევროპელი მუსლიმების ინტეგრაციას და ემიგრაციის პრობლემისადმი ახლებურად მიდგომას.
ფრანგული „ლე ფიგაროს“ ლონდონში ბაზირებული ფრანგი ესეისტი, ლაეტიტია სტრაუხ-ბონარტი წერს, რომ ამ არჩევნებზე „დიდი ბრიტანეთის ორი სახე“ იდგა ერთმანეთის პირისპირ: „სამაგალითო, წარმატებული ამბავი“ ბატონი ხანის ცხოვრებისა და „მილიარდერის“ შვილი, ბატონი გოლდსმიტი.
„იმისათვის რომ დღევანდელ დღეს შეძლო საზოგადოების მოხიბვლა, უმჯობესია რომ ხელმოკლე და უქონელი წარსული, სირთულეებისაგან შემდგარი პერსონალური ისტორია და სოციალური მობილურობა გქონდეს,“ განუცხადა მან გაზეთს. „ეს არის ამ დროების სული, და გოლდსმიტი არ აღმოჩნდა მართებულ ადგილას.“
შვედეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა კარლ ბილდტმა კი „თვითერზე“ დაწერა: „ლონდონის მერად მუსლიმი აირჩიეს. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში მას შეერთებულ შტატებში შესვლას აუკრძალავენ.“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.