„სასიამოვნოა, რომ „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი უკვე დაბრუნდა მუნიციპალიტეტში. გამგეობა ახორციელებს მათი დახმარების ღონისძიებებს, თუმცა მიგრაცია და დემოგრაფია მაინც ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც დღეს ლეჩხუმის წინაშე დგას. უკვე წლებია, გარდაცვალება მნიშვნელოვნად აღემატება შობადობას, მაღალია საშუალო ასაკი“, - განუცხადა guardian.ge -ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რევაზ ბენიძემ.
მისი თქმით, ამის გამოსწორება მხოლოდ ერთ კანონს არ შეუძლია და უფრო კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს, მაგრამ, როგორც ბენიძე აცხადებს, მთის კანონის ამოქმედება პირველი და სწორი ნაბიჯია ამ კომპლექსური გეგმისა.
ცაგერის გამგებელი მიიჩნევს, რომ მთის რეგიონის გადარჩენის გასაღები სწორედ „მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დევს. რევაზ ბენიძის ინფორმაციით, განვლილ 3 თვეში მთის რეგიონში მუდმივად მცხოვრების სტატუსი უკვე მიენიჭა 8 ათას მოქალაქეზე მეტს და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. კანონმა მკაფიოდ განსაზღვრა სოციალური თუ ეკონომიკური შეღავათები, პენსიებისა და შემწეობების ზრდა, ექიმთა და სამედიცინო პერსონალის, პედაგოგებისა და სხვა კატეგორიის მუშაკთა ანაზღაურების მატება.
„ამასთანავე, უკვე 15-მდე საწარმო დაფიქსირდა შემოსავლების სამსახურში, როგორც მთიან რეგიონში ფუნქციონირებადი სუბიექტი. რამდენიმე პიროვნებამ, მეწარმემ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ თავისი ბიზნესი წამოიწყოს ან გააფართოოს მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტვიშჰესისა და რაჩხაჰესის მშენებლობები. იგეგმება ალპანაჰესის მშენებლობა. განხილვის პროცესშია რამდენიმე მცირე ჰესის ამოქმედება მდინარე ლაჯანურზე, ელექტროჰესების კასკადის - მდინარე ცხენისწყალზე. აღნიშნული პროექტების განხორციელება რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს შექმნის,“ განაცხადა რევაზ ბენიძემ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი თვლის, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური შეღავათები (კანონით გათვალისწინებულია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება ან გაუქმება), რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას და ამის ნიადაგზე მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა შემოსავლების ზრდას.

guardian.ge-ს შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა მის თითქმის 2-წლიან საქმიანობას ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე, რევაზ ბენიძემ ასე უპასუხა:
„ჩემთვის როგორც გამგებლისათვის ცოტა ძნელია ჩემი სამუშაოების შეფასება და ამის შემფასებელი ის ხალხია, რომელმაც ამირჩია, ნდობის მანდატი ჩამაბარა, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ თვითშეფასების უნარი არ გამაჩნია და ვერ ვამჩნევ იმ ნაკლოვანებებს, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია. თუმცა მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, ბოლო 2 წელიწადში მუნიციპალიტეტში იმდენი რამ გაკეთდა, რაც არ გაკეთებულა ათეული წლების განმავლობაში. შესრულებულზე უკვე ვისაუბრე და თავს არ შეგაწყენთ, ამჟამად ჩემს ოცნებას წარმოადგენს უზრუნველვყო მუნიციპალიტეტის ცენტრი და 11-მდე სოფელი მაღალი ხარისხის სასმელი წყლით, რომელიც თვითდინებაზე იქნება მოწყობილი და გარკვეულ ეკონომიკურ ეფექტსაც მოგვცემს. მართალია, პროექტი საკმაოდ თანხატევადია (3,5 მილიონი ლარი), მაგრამ უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, ასევე გადაწყვეტის პროცესშია „მწვანე თეატრის“ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ორბელის უღელტეხილის განათების პროექტები და სხვა. ვფიქრობ, როდესაც ჩემი უფლებამოსილება ამოიწურება, მე შემეძლება თითოეულ ჩემს ამომრჩეველს გავუსწორო თვალი,“ განაცხადა რევაზ ბენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.