საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას სთხოვს.
როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა დღეს შვიდი მინისტრი შეცვალა, შესაბამისად, ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები უნდა ამოქმედდეს.
პრეზიდენტმა ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავრობის ფორმირება მიმდინარეობს.
მისი თქმით, საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია და მისთვის უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება.
"იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობის შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტი იცვლება, ისმის კითხვის ნიშანი - შენარჩუნებულია თუ არა ამ მთავრობის მიმართ ნდობა? ამ კითხვით საქართველოს პრეზიდენტი მიდის საქართველოს პარლამენტთან და ამ საკითხს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პარლამენტს უყენებს. როგორც კი გვექნება ახალი შვიდი მინისტრის სახელი და გვარი ასეთი კითხვის ნიშნით პარლამენტს მივმართავ და ის გადაწყვეტს, გამოუცხადებს თუ არა ახალ მთავრობას ნდობას" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი მთავრობის ფორმირება მიმდინარეობს, ხოლო შემდეგ, ის მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს.
პრეზიდენტის განმარტებით, მინისტრების კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
"მე პარლამენტს არა სპეციფიურად მინისტრებს წარვუდგენ, არამედ პარლამენტს ვუსვამ კითხვას, რომ ის ნდობა, რომელიც არსებული მთავრობისთვის იყო გამოცხადებული, გამომდინარე იქედან, რომ შვიდი მინისტრი შეიცვალა, არის თუ არა ახლაც შენარჩუნებული. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არის ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დამცველი, შესაბამისად, პარლამენტს ვეკითხები - ამ შემადგენლობას ისევ ენდობა თუ არა?" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ნდობის გამოცხადება ეხება ოც მინისტრს, მათ შორის, მთავრობის მეთაურს - პრემიერ-მინისტრსაც.
"ეს არის ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება. საქართველოს კონსტიტუციით, ეს ხდება ჯამურად, მათ შორის, პრემიერ-მინისტრზეც" - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცვლილებების თანახმად, თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, დევნილთა და გასახლების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.