გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ოტომანთა ეპოქის სომეხთა მკვლელობას "გენოციდად" აღიარებს. გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი აღნიშნულ რეზოლუციას. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა მის წინააღმდეგ, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი, და სოციალ–დემოკრატების ლიდერი, სიგმარ გაბრიელი, კენჭისყრას არ დასწრებიან, რადგან სხვა შეხვედრებით იყვნენ დაკავებულნი. კრიტიკოსებმა კი განაცხადეს, რომ მათ განზრახ აიცდინეს პარლამენტში მისვლა, რათა არ დასწრებოდნენ რთულ და სახიფათო კენჭისყრას – წერს "დოიჩე ველე".
დიპლომატიური სკანდალი
თურქეთის ახლახან არჩეულმა პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა რეზოლუციის მიღებაში ბრალი "რასისტულ სომხურ ლობს" დასდო და განაცხადა რომ მან ბერლინში მყოფი თურქეთის ელჩი ჰუსეინ ავნი კარსლიოღლუ ქვეყნიდან გამოიწვია, რათა ბუნდესტაგის კენჭისყრის შესახებ ანკარას ანგარიში ჩააბაროს.
რაიხსტაგის წინ, ბერლინში, სადაც პარლამენტის ქვედა პალატა მდებარეობს, მხარდამჭერებს სომხეთის დროშები ეკავათ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რეზოლუციის მიღებამდე განაცხადა, რომ რეზოლუციამ შესაძლოა დააზიანოს "დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები" ორ ქვეყანას შორის.
თურქეთის პარლამენტმა, რომელიც ქვეყნის მთავარ ეროვნულ ასამბლეას წარმოადგენს, ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა განცხადების მონახაზი, რომელშიც წერია: " ჩვენ მკაცრად ვგმობთ და უარვყოფთ ამ უკანონო წინადადებას, რომელიც ბუნდესტაგში არის გადაგზავნილი, და რომლის მიხედვითაც ისტორიული სიმართლე, რომელიც 1915 წლის ამბებს უკავშირდება, განზრახ იყო დამახინჯებული".
თურქეთი იზოლაციაშია
მიუხედავად ამისა, როგორც "დოიჩე ველე" წერს, რეზოლუციის მიღებამ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე განსაკუთრებული სიმწვავე შეიტანოს. თურქეთმა შესაძლოა გამოიძახოს გერმანიის ელჩი, როგორც ეს წარსულში სხვა პოლიტიკური უთანხმოებების დროს გააკეთა, ან გამოიწვიოს მისი ელჩი, როგორც ამას ჰქონდა ადგილი 2015 წელს, როცა ავსტრიამ, ლუქსემბურგმა და ვატიკანმა მიიღეს მსგავსი რეზოლუციები სომხების მასობრივ დახოცვასთან დაკავშირებით.
მიხაელ ბრენდმა, ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზოლუციის მიღების შემდეგ ეჭვი გამოთქვა გერმანიის თურქეთთან ურთიერთობის დაზარალების თაობაზე.
"მე ვერ წარმოვიდგენ რომ თურქეთს, რომელიც მის საგარეო პოლიტიკაში "ისლამურ სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიასთან" მიმართებაში ამჟამად თავის თავს იზოლირებულ მდგომარეობაში პოულობს, მის ერთ–ერთ ყველაზე სანდო პარტნიორთან, გერმანიასთან ურთიერთობების გამწვავების ნაბიჯების გადადგმა შეეძლოს," განუცხადა მან ჟურნალისტებს.
გერმანიის თანამონაწილეობა
გერმანიის "მწვანეთა პარტიის" თანათავმჯდომარემ, სემ ოზდემირმა, რომელსაც თურქული ფესვები აქვს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანია 101 წლის წინათ მასობრივ მკვლელობაში ჩართულიც კი იყო, გაუსვა რა ხაზი იმას, რომ გერმანიის იმპერია იმ დროს ოტომანთა იმპერიას იმ იარაღით ამარაგებდა, რომელიც სამხედრო დანაშაულის ჩასადენად იყო საჭირო. ოზდემირმა დაამატა, რომ გერმანიის იმპერიამ ასევე გააგზავნა სამხედრო კონსულტანტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ და იბრძოდნენ ოტომანელებთან.
"მწვანეთა პარტიის" თანათავმჯდომარემ, სემ ოზდემირმა ბუნდესტაგში მღელვარე სიტყვა წარმოთქვა და თურქებსა და სომხებს შერიგებისაკენ მოუწოდა.
საპარლამენტო მოსმენებისას გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ფრანზ ჯოზეფ იანგმა აღიარა, რომ გერმანიის იმპერიამ მოვლენების განვითარებას ხელი შეუწყო და მხარს უჭერდა მათ წყნარად.
"მხოლოდ მათ, ვინც აღიარებს წარსულს, შეუძლია რომ ჩამოაყალიბოს მომავალი," თქვა მან. "ჩვენ გვინდა ეს რეზოლუცია იმისათვის, რომ გამოვაცოცხლოთ შერიგების პროცესი (თურქეთსა და სომხეთს შორის)."
ორივე პოლიტიკოსმა ასევე მოუწოდა პარლამენტს სხვა წარსულ მასობრივ ხოცვა–ჟლეტვასაც გადახედოს, ამჯერად კი ისეთებს, რომელიც აქტიურად განახორციელა გერმანიის იმპერიამ. დღევანდელ ნამიბიაში, როცა ის გერმანიის კოლინიური მმართველობის ქვეშ იყო, გავრცელებული ინფორმაციით, 100 000–მდე ჰერერო და 10 000 ნამას ტომის ადამიანი მოკლეს. მასობრივი ხოცვა–ჟლეტვა 1904–1907 წლებს შორის მოხდა და მიჩნეულია მე–20 საუკუნის პირველ გენოციდად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.