ტელეკომპანია ”რუსთავი-2” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატზე უარს ამბობს და მას საკუთარ პირობებს სთავაზობს.
”რუსთავი-2” ვერ დათანხმდება ივანიშვილისთვის სპეციალური ფორმატის შემუშავებას შემდეგი მიზეზების გამო:
1. ჩვენ გვაქვს თოქშოუს მყარი საეთერო დრო - სამშაბათი, 22.00 საათი, გარდა გადაუდებელი ექსტრემალური სიტუაციებისა (13 ივნისის სტიქია, ”რუსთავი-2”-ის სასამართლო საქმე), როგორადაც ამ შემთხვევას არ განვიხილავთ. შესაბამისად, ვერ განვიხილავთ ვერც ერთ სხვა ვარიანტს (შემოთავაზებული იყო ოთხშაბათი);
2. ჩვენ არ ვიღებთ რესპოდენტებისგან ულტიმატუმებს, კითხვების თემატიკა რა საკითხებით იქნება შემოფარგლული (შემოთავაზებული იყო ივანიშვილის წერილი და გაურკვეველი სიცრუის ტირაჟირება ჩვენს ეთერში);
3. ჩვენ არ განვიხილავთ თოქშოუს ფორმატს სხვა (თუნდაც ჩვენივე სარედაქციო ფასეულობების გამზიარებელ მეგობრულ არხთან) ერთად მრავალი ჟურნალისტის მონაწილეობით (შემოთავაზებული იყო ტელეკომპანია ”ტაბულასთან” ერთად შერეული ფორმატი);
4. ჩვენ არ განვიხილავთ შესაძლებლად ინტერვიუს სხვა ლოკაციაზე, გარდა ”რუსთავი-2”-ის შენობისა (შემოთავაზებული იყო ნეიტრალური ტერიტორია). ჩვენი თოქშოუ ”არჩევანი” ყოველთვის ტარდება ჩვენსავე ტერიტორიაზე, გარდ იმ გამონაკლისისა, როცა რესპოდენტი არ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. თვით ამ ქვეყნის ყველაზე დასაცავი ფიგურის - საქართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტიებს თუ ვაკმაყოფილებთ (და გიორგი მარგველაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარი), გაურკვეველია მოქალაქე ივანიშვილის პრეტენზია ლოკაციის შეცვლაზე. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ შექმნილა და ივანიშვილის ინტერვიუ ჩაიწერა სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და არა ნეიტრალურ ტერიტორიაზე;
5. ჩვენ სრულიად გამოვრიცხავთ მესამე პირის - ე.წ. მოდერატორის მონაწილეობას ჩვენს თოქშოუში. ამგვარი პრაქტიკა საერთოდ არ არსებობს, თუ საკითხი არ ეხება წინასაარჩევნო დებატებს, სადაც დებატების მკაცრი წესების და დროის ლიმიტების სამართავად იყენებენ მოდერატორებს;
შესაბამისად, ტელეკომპანია ”რუსთავი-2” უარს აცხადებს შემოთავაზებულ ფორმატზე და საპასუხოდ სთავაზობს ბატონ ივანიშვილს შემდეგს:
1. წარმოდგენილ იქნეს რესპონდენტად გადაცემა ”არჩევანში”, ნებისმიერ სამშბათს, 22:00 საათზე, ”რუსთავი-2”-ის შენობაში, სანდრო ეულის 5ა.
2. მისთვის დასასმელი საკითხების წრე განისაზღვრება საკუთრივ არხის მიერ და წინასწარ ეცნობება (საკითხები და არა კონკრეტული შეკითხვები) რესპონდენტს;
3. თუ ბატონი ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის ჩვენს ეთერში მასზე გასული ცალკეული გადაცემების შესახებ საუბარს, თოქშოუ არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასთან ერთად, გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ის ჟურნალისტები, რომელთა მხილებასაც ის აპირებს სიცრუის ტირაჟირებაში. მხოლოდ ამგვარად მივიჩნევთ შესაძლებლად პოლემიკის ადეკვატურად წარმართვას, რადგან გიორგი გაბუნია ვერ იქნება რელევანტური მაგალითად, ეკა კვესიტაძის ან აკაკი გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ გადაცემებზე დისკუსიის წარსამართად;
4. გადაცემაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ”რუსთავი-2”-ის ჟურნალისტები, ჩვენი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგების მიმართ. მოდერაციას განახორციელებს გადაცემის წამყვანი - გიორგი გაბუნია;
5. გადაცემა გადაიცემა მხოლოდ პირდაპირ ეთერში, ვინაიდან, შესაძლოა დადგეს ფორმატის კორექტირების საჭიროება და მასში დამატებით ჟურნალისტების ჩართვის საჭიროება, ჩვენს შემოთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი პასუხი დასაგეგმ ეთერამდე არა უგვიანეს 1 კვირისა”, - ნათქვამია ”რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაში, რომელსაც ის ტელეკომპანიის სახელით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.