საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმე აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართება და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ გამოძიების მტკიცებულებებს გაეცნოს.
პრემიერის თქმითვე, სამართლიანობის აღდგენის შესახებ დაკვეთა ახალმა მთავრობამ ხალხისგან მიიღო.
"2012 წლის 1 - ელ ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ხალხისგან მიიღო მკაფიო დავალება, რომ შეექმნა ისეთი სამართლებრივი სისტემა, როგორსაც ის იმსახურებდა და ეს, პირველ რიგში, სამართლიანი სისტემის შექმნას გულისხმობდა. ჩვენ ხალხისგან მივიღეთ მანდატი, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს. ქართველ ხალხს სურს, რომ საბოლოოდ დაესვას წერტილი დაუსჯელობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო გაბატონებული ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ხალხი, მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოითხოვს ისეთ სისტემას, სადაც ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის წინაშე პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და სადაც თანამდებობა ინდულგენცია ვერ იქნება" - აცხადებს პრემიერი.
მისი განცხადების თანახმადვე, ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალმა მთავრობამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, მაქსიმალურად შეუწყო ხელი ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას.
"სასამართლო აღარ განიცდის ხელისუფლების გავლენას, მთავარი პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით, პოლიტიკა სასამართლო სისტემიდან განდევნილია, სამართალდამცავი ორგანოები და ჯარი სრულად დეპოლიტიზირებულია, დაცულია ბიზნესი და კერძო საკუთრება, უზრუნველყოფილია მედიის თავისუფლება, მოქალაქეთა ყველა ძირითადი უფლება სრულად დაცულია, დასრულდა ადამიანთა წამება ციხეებში, ასევე, გაიზარდა მსჯავრდებულთა უფლებები" - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
პრემიერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების ფაქტსაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დღეს, ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, მთავარმა პროკურორმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და პასუხისგებაში მისცა ისინი, ვინც სავარაუდოდ, კანონი დაარღვია.
"პროცესი აბსოლუტურად ღიაა. ქართველ ხალხს და მთელ მსოფლიოს, ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქართველოს მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რადგან სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ საქართველოს სამართლებრივი სისტემა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდეს. ჩვენი საბოლოო მიზანია ავაშენოთ ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი და კანონზე მაღლა არავინ იდგება" - აცხადებს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.