არასამთავრობოები ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებების გამო შტეფან ფულეს მიმართავენ
05-08-2014, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არასამთავრობო სექტორის მიმართ პრემიერ-მინისტრის კრიტიკას არ ეთანხმება, თუმცა კომუნიკაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის სურვილს მიესალმება.

 

 

"ამ საკითხში მე დავეთანხმები პრემიერ-მინისტრს. არის საკითხები, რომელშიც ჩართული ვართ, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშ მომუშავე უწყებათაშორის ჯგუფების მუშაობაში, ასევე პარლამენტში კანონპროექტების განხილვების დროს, მაგრამ რაც შეეხება მთავრობის კანცელარიას, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დიდი ხანია, არ გვქონია. 2013 წლის დეკემბერში ბატონ პრემიერს პირადად ვუთხარი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის ორგანიზება მოეხდინა და ღიად გვესაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. მაშინ მან თქვა, რომ გაუწევდა მას ორგანიზებას, თუმცა 8 თვე გავიდა და ასეთი შეხვედრა არ გამართულა. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, შეხვედრისა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის – საია-ს ასეთი მიდგომა აქვს, რომ თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ სადაც კრიტიკული შეფასების გაკეთების საჭიროებას ვხედავთ, ამას არ ვიტყვით", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

 

რაც შეეხება პრემიერის შეფასებას, რომ არასამთავრობო სექტორი ხშირად ტენდენციურია და ვერ განსაზღვრავს, სად გადის ობიექტურობის ზღვარი, რის მაგალითადაც მან ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ მასთან პირად საუბარში დაფიქსირებული პოზიციაც მოიყვანა, კახა კოჟორიძის მტკიცებით, შეხვედრაზე ნათქვამი მესიჯების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

 


"შეხვედრაზე ითქვა, რომ იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება საპარლამენტო თუ ადგილობრივ დონეზე უმრავლესობაშია. იმ ვითარებაში, როცა საპარლამენტო ოპოზიციას წარსულის გამო ოპონირება გაუჭირდება, რადგან როცა ის რომელიმე მიმართულებით პრობლემებზე საუბრობს, ყოველთვის გასულ 9 წელს ახსენებენ და ეს 9 წელია მთავარი არგუმენტი ამ პაექრობაში, არასამთავრობო სექტორს ეკისრება ძალიან დიდი როლი, თავად იყოს არსებული ვითარების ობიექტური შემფასებელი, ისაუბროს იმ საკითხებზე, რაც მწვავედ დგას და იმაზეც, რაც კარგია. თუ ვინმემ არასწორად გაიგო ან სწორად მიტანილი მესიჯი მერე არასწორად თქვა, ეს ამ ადამიანების საქმეა. მარტივად რომ დავფიქრდეთ, ევროკავშირი არის საია-ს ერთ-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაცია. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ეტყოდა ევროკავშირის წარმომადგენელს, რომ თვითონ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი? ასეთი რამ გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც კი, რომ რომელიმე პარტიას ემხრობოდეს. ეს პირდაპირ აისახება დაფინანსებაზე, ორგანიზაციის იმიჯზე და ა.შ. პირიქით, ამ შეხვედრის შემდეგ ბატონმა ფულემ თუკი რომელიმე სექტორი მოიხსენია კარგი ეპითეტით, ეს იყო სწორედ არასამთავრობო სექტორი", - აღნიშნა კოჟორიძემ.

 


საია-ს თავმჯდომარის თქმით, ისინი აპირებენ გაარკვიონ, შეხვედრაზე გაკეთებული მათი განცხადებები არასწორად მივიდა პრემიერთან, თუ სწორად მისული მესიჯების არასწორად ინტერპრეტაცია მოხდა.

 

 

"რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორში არ არის იდეალური მდგომარეობა, მაგრამ ტენდენციურობის შესახებ დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამ ერთადერთ მაგალითზე დაყრდნობით, არასწორად მიმაჩნია. მე ვისურვებდი, რომ როცა მაღალი თანამდებობის პირი, მით უმეტეს პრემიერ-მინისტრი საუბრობს არასამთავრობო ან სხვა სექტორზე, მისი პოზიცია იყოს მეტად დასაბუთებული. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის არასამთავრობოები, რომლებიც კამპანია "ეს შენ გეხებაში" მონაწილეობდნენ, საქართველოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ და მაშინ გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ არ ვიყავით საკუთარი ქვეყნის ძირგამომთხრელები, ახლა ეტყობა უნდა ვამტკიცოთ, რომ ტენდენციურები არ ვართ. რაღაც პროგრესი, ალბათ, გვაქვს, მაგრამ საწყენია, როცა პრემიერ-მინისტრი ასეთ განცხადებებს აკეთებს", - განმარტა საია-ს თავმჯდომარემ.

 


არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.

 

 

"მე არ მსურს, რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითი დღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის განცხადებით, აუცილებელია მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი გაიმართოს. "თუ გვინდა, თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი