„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტიის საარჩევნო სია ჯერ არ არსებობს და შესაბამისად, არც ის შეეფერება სიმართლეს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე ნიკოლოზ რამიშვილია.
აღნიშნულით ინაშვილი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე „პატრიოტთა ალიანსიდან“ მანუჩარ მაჩაიძის წასვლას გამოეხმაურა.
მისი განმარტებით, მანუჩარ მაჩაიძემ პარტია მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ საპარლამენტო სიის ხუთეულში მოხვედრაზე უარი მიიღო.
„ვწუხვარ, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. ბატონი მანუჩარ მაჩაიძის დღევანდელი განცხადება, უბრალოდ, უზნეობაა. მანუჩარ მაჩაიძემ ჩვენი პარტია დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვუთხარით საპარლამენტო სიის ხუთეულზე. მოგეხსენებათ, ბატონი მანუჩარი თბილისის საკრებულოს წევრია. მას საკრებულოში კიდევ 1 წლის სამუშაო აქვს და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საპარლამენტო სიაში ის ამჯერად არც მეხუთე ნომერი უნდა ყოფილიყო და საერთოდაც არ უნდა მიეღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, ანუ უნდა დარჩენილიყო საკრებულოში. მანუჩარ მაჩაიძე გაბრაზდა და პარტია დატოვა.
მისი საუბარი „მერაბიშვილის მეგობრებზე“, უბრალოდ, სამარცხვინოა და აბსურდია. ამასთან, ჯერ ჩვენი პარტიის საარჩევნო სია არ არსებობს. არც ათეულია განსაზღვრული და არც ხუთეული. ამ ეტაპზე მკაფიოდ მხოლოდ იმისი თქმა შეიძლება, რომ ნიკა რამიშვილი არანაირ სიაში არ არის. ძალიან ცუდია, როცა კაცი გუნდიდან მიდის და, შურისძიების მიზნით, აბსურდულ განცხადებას ავრცელებს. ცხოვრება 8 ოქტომბრის არჩევნებით არც იწყება და არც მთავრდება. სახეს თუ შევინარჩუნებთ, მხოლოდ წაადგება ადამიანურ ურთიერთობებსაც და ქვეყანასაც.
სხვა კომენტარს არ თემაზე ამ გავაკეთებ.
P.S. ნიკა რამიშვილი არც ვანო მერაბიშვილის მეგობარია და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. არც არასდროს ყოფილა“,-წერს ირმა ინაშვილი.
მანუჩარ მაჩაიძემ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და ამის მიზეზად მან მისვე განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიაში „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლის ნიკოლოზ რამიშვილის ყოფნა დაასახელა.
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში „რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლის ნიკოლოზ რამიშვილის ყოფნა ჩემთვის მიუღებელია. მის კანდიდატურას პარტიის პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, რასაც მე არ დავეთანხმე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების მიზეზი სწორედ ეს გახდა“, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ნიკოლოზ რამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ვანო მერაბიშვილის მეგობარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.