ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა - აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.
“საქართველოს არჩევანი, გაჰყვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეუქცევადია. საქართველოს ისტორია, თავისი არსით, ევროპულია ისევე, როგორც საქართველოს მომავალი. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ამ ხედვას და ჩვენს მიერ არჩეულ გეზს. წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით. მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ წინ კიდევ დიდი მუშაობა გველის” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები, მიმდინარეობს პოლიციის დეპოლიტიზაცია, პროკურატურა ახორციელებს გამოძიებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს დამნაშავეთა წინააღმდეგ მიუხედავად მათი სოციალური სტატუსის ან პოლიტიკური შეხედულებისა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დაასახელა.
“წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა 2012 წლის შემოდგომაზე ჩვენმა ხალხმა არჩევანი ალტერნატივის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოლოდინი იყო დიდი იმისა, რომ ადამიანის უფლებები არამარტო მინიჭებული, არამედ გარანტირებულიც იქნებოდა ახალი მთავრობისა და მისი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, კულტურული, ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე; ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სახელმწიფოს, რომელშიც უმცირესობებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, რელიგია და ენა, ასევე იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ისარგებლონ ყველა სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობებით,” - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე და შეხვედრის მონაწილეებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო.
“პირველ რიგში, გეგმა ითვალისწინებს: ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც მოიცავს საგადასახადო ტვირთის შემცირებას; საგანმანათლებლო სისტემის რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და უმაღლესი განათლების იმგვარად ორგანიზებას, რომ კონკრეტული სფეროს სპეციალისტთა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დამყარდეს; ინფრასტრუქტურული სერვისების განვითარებას, რათა შეიქმნას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნები. ჩვენ მიზნად ვისახავთ გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის ქვეყნის პოტენციალი, ასევე არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში; ღია მმართველობა - სხვა საკითხებს შორის, ჩვენ ვგეგმავთ კერძო სექტორის საკანონმდებლო პროცესებში ჩართვასა და საჯარო სერვისის მიწოდების შემდგომ გაუმჯობესებას და მოდერნიზებას,” - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა “ფრიდრიხ ებერტის” უძველეს პოლიტიკურ ფონდს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია დარჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე და საიმედო მხარდამჭერად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.