დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 2016 წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც ძირთადად ხიდების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების აღდგენას და ქალაქ დუშეთის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებს. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელი მისი ადგილობრივ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთ–ერთ მთავარ მიღწევად მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ასახელებს და ამბობს, რომ მაშინ, როცა თბილისის 70% სასმელი წყლით დუშეთიდან მარაგდება, "სამარცხვინო მდგომარეობა იყო, რომ თავად დუშეთს წყალი არ ჰქონდა."
როგორც guardian.ge –ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა განუცხადა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რაც მოსახლეობის ინტერესებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია. თუმცა, მისი თქმით, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია წლების განმავლობაში დაგროვებული იმ არაერთი პრობლემის გადაჭრა, რაც მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი ტერიტორიულად ისეთ დიდ, სპეციფიკურ და მთიან მუნიციპალიტეტს ეხება, როგორიც დუშეთია.
„წელს განსახორციელებელ პროექტებზე შარშანვე დავიწყეთ ზრუნვა. წინასწარ შევადგინეთ პრიორიტეტების დოკუმენტი, საიდან გამომდინარეც, წლის დასაწყისში უკვე მზად გვქონდა პროექტები. ამჟამად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რამდენიმე ობიექტი უკვე დასრულებულია, ეს არის გუდამაყარში ხიდის მშენებლობა, ასევე ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხანდოს ხეობაში, წითლიანი ბიბილაანის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. აქ წლების განმავლობაში იყო სასმელი წყლის პრობლემა, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ალბათ რამდენიმე თვეში, მთლიანად ბიბილაანის დასახლება მიიღებს სასმელ წყალს,“ განაცხადა ვაჟა ჩოხელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი მუნიციპალიტეტში უმეტესწილად მოგვარებულია, მაგრამ გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება.
„მაღალმთიან სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა არ გვაქვს. დიდ თემებში და დაბა ფასანაურში შარშან და შარშანწინ მოვაწესრიგეთ წყალმომარაგების სისტემა და ასევე განვახორციელეთ ნაპირსამაგრი სამუშაოებიც. ანანურს საერთოდ წყალი რომ არ ჰქონდა და სხვადასხვა ხევებიდან იღებდნენ მას, უკვე, შარშან 7კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ის უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. დაგვრჩა მხოლოდ ერთი მიმართულება, ერთი უბანი, სადაც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს. უნდა ითქვას, რომ მშენებელი ვადებში ვერ ჩაეტია, რაზეც ჩვენი მხრიდან საჯარიმო სანქციების გამოყენებით, რის საშუალებასაც შესყიდვების კანონი გვაძლევს, მკაცრი კონტროლი ხორციელდება,“ აღნიშნა გამგებელმა. იგი ქალაქ დუშეთის წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემასაც შეეხო, რომელიც ძირითადად გვიან გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს.
„ჩვენ გვაქვს სამი სათავე, საიდანაც ქალაქი დუშეთი იღებს სასმელ წყალს – ეს არის ჟინვალის წყალსაქაჩი, ანუ ჟინვალის წყალსაცავი, მე-2 ბაზალეთის მხარეს მდებარე სანახშირე, მე-3 სამების მთა, საიდანაც ძალიან მცირე ოდენობით შემოედინება წყალი, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა ამ მიმართულებით.
ჩვენ ქალაქის წყალმომარაგების კუთხით გარკვეული პრობლემა გვექმნება მაისის პერიოდში, როცა ჟინვალის წყალსაცავის დონე იკლებს, თან ამ დროს წყალიც იმღვრევა. წელს, პრაქტიკულად მოგვიწია რამდენიმე ღამის გათევა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად და მინდა მადლობა ვუთხრა მათ და სამაშველო სამსახურსაც, რომელთა დახმარებით, შეიძლება ითქვას, ერთობლივი ძალისხმევით, რამდენიმე დღეში შევძელით ამ პრობლემის აღმოფხვრა,“ განაცხადა ვაჟა ჩოხელმა და დაამატა: „წარმოიდგინეთ, რომ თბილისის 70 პროცენტი სასმელი წყლით სწორედ დუშეთიდან მარაგდება და სამარცხვინო მდგომარეობა იყო, რომ თავად დუშეთს წყალი არ ჰქონდა.“
ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან 2016 წელს დუშეთისთვის გამოყოფილი თანხა მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გარდა ქალაქ დუშეთის 17 ქუჩის აღდგენა–მოასფალტება მიმდინარეობს. აღნიშნულს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი პროექტი ემატება, რაც თითოეულ თემში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებას, მათ შორის, სტიქიით დაზიანებული უბნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
„მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და 800 ათასი ლარის სამუშაოები სრულდება, ეს არის ბაზალეთის თემში ლაზვიაანთკარის დამაკავშირებელი გზის დიდი ხიდის მშენებლობა, სადაც იყო მე-19, მე-18 საუკუნეში აშენებული ძველი პატარა ბოგირი, რომელიც წყალდიდობამ ფაქტობრივად, მთლიანად ჩააგდო, ამჟამად უკვე დასრულებისკენ მიდის ეს სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს საშაბუროში სტიქიის შედეგად დაზიანებული მე-2 დიდი ხიდის სამშენებლო სამუშაოები, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიჰყვება მშენებელი და ალბათ ვადებში დასრულდება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბაზალეთის თემში ერთ-ერთი დიდი სოფლის, ბაგის გზის მოასფალტება დასრულდა, სადაც შეიძლება ითქვას რომ გაუვალი გზა, ხევი იყო, ამჟამად კი ამ სოფლის ცენტრამდე საავტომობილო გზა მთლიანად არის მოასფალტებული,“ აცხადებს ვაჟა ჩოხელი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად მეწყერული პროცესებისაგან წარმოშობილ პრობლემებს და მის გამკლავებას ასახელებს.

„უნდა ითქვას, რომ მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით რთულია ნაპირსამაგრების მდგომარეობა, ბოლო წლებში მეტისმეტად არის გააქტიურებული მეწყერსაშიში ზონები. ამ საკითხის გარშემო გვიწევს გეოლოგებთან ერთად მუშაობა და დაგეგმვა პროექტების, რომ მოსახლეობა იყოს რაც შეიძლება მეტად დაცული. ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი მილიონ 400 ათას ლარზე და დამატებით კიდევ 300 ათასს ველოდებით სტიქიით დაზიანებული უბნების აღსადგენად. ეს მოიცავს არაგვისპირში, უკანა ფშავში, გუდამაყარში, გრემის ხევში, ბაზალეთის თემში, ჭოპორტში ნაპირსამაგრების მოწყობას. ტენდერები უკვე გამოცხადებულია კანონის შესაბამისად. დაახლეობით მომავალი თვის დასაწყისში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანიები და ეს მილიონ 700 ათასი ლარიც იქნება ათვისებული,“ უთხრა guardian.ge–ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ზემოთ დასახელებული მსხვილი პროექტების გარდა, მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული პროგრამის უზრუნველსაყოფად კი, მიმდინარე წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის 280–ზე მეტი სოფლისათვის 1 მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრამაა და ის წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება, თუმცა სამწუხაროდ, ამ პროგრამიდან ჩვენი მუნიციპალიტეტის დაახლოებით 15 სოფელი იქნა ამოღებული, რადგან როდესაც აღნიშნულ სოფლებში მივიდნენ აღმწერები, მოსახლეობის რაოდენობა ნული დაფიქსირდა, რამაც განაპირობა მათი ამოღება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან.“ ჩვენ ვამზადებთ სათანადო დოკუმენტაციას, გაგვაჩნია რეალური დასაბუთება, რომ ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ სოფლებს პროგრამის სიკეთეებით სარგებლობა, გავივლით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ამ საკითხებს, რომ მომავალ წელს მაინც დაფინანსდეს აღნიშნული სოფლები. ხოლო რაც შეეხება დასახლებული პუნქტების დანარჩენ ნაწილს, უკვე 280-ზე მეტ სოფელში სამუშაოები დაწყებულია, პროგრამის ნაწილი მოიცავს ხელის მინი სახნავი ტრაქტორებისა და სხვადასხვა ასეთი მექანიზმების შესყიდვას, რაც მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ნაწილი კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას,“ აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა guardian.ge-სთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.