საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თავის ავღანელ კოლეგას, ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა.
შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ და ბისმილა ხან მუჰამადმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურებს შორის თანამშრობლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. კონკრეტულად კი, ავღანელი კოლეგებისთვის ქართული რეფორმების გაზიარებას და ასევე, ავღანური ჯარის გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას.
"დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამით ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას ფუნდამენტი ჩაეყარა. ჩვენი სამხედროები თუნდაც ახლა, როდესაც ყანდაღარში ვიყავი, ავღანელ არტილერისტებს ამზადებენ. ეს გაგრძელდება და ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ბევრად უფრო ძლიერი, ყოვლისმომცველი იქნება. მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ და საქართველოს მთავრობა ავღანეთის მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიას ქართველი სამხედროების მიერ სტაბილურობის ოპერაციებში გაღებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ბისმილა ხან მუჰამადის განცხადებით, დღევანდელი მემორანდუმი წლების განმავლობაში არსებულ თანამშრომლობას ეფუძნება და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
"ჩვენ ვაფასებთ ქართველების მიერ გამოჩენილ თავგანწირვას ავღანეთის მიწაზე. თქვენი მთავრობა ჩვენს მხარდაჭერას 2014 წლის შემდეგაც აპირებს. ხელმოწერილი მემორანდუმით ჩვენ უფრო ეფექტურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რისთვისაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დიდ მადლობას მოვახსენებთ"-განაცხადა ბისმილა ხან მუჰამადმა.
ოფიციალური მიღება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდა.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.