პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და საზოგადოებას მიმართავს.
კვირიკაშვილის განცხადებას Guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და მინდა, საგანგებო განცხადებით მივმართო პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას.
უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა.
მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის.
როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა, მინდა მივმართო ჩვენს მომხრეებს:
ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება - რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!
განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა.
უკვე დაწყებულია რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრები. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს თანაბარ, მშვიდ და კონსტრუქციულ წინასაარჩევნო გარემოს“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.