ევროპარლამენტში საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრი, მარია გაბრიელი საქართველოს რეკომენდაციას უწევს, რომ მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭიროს.
საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მომხსენებელი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ასოცირების შეთანხმების დადებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ღრმა და ყოვლის მომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის, როგორც საქართველოს კომერციული პარტნიორის როლი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ხალხთა შორის კონტაქტებს და გააძლიერებს ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგომარეობით, საქართველოს სტაბილურ დემოკრატიად განვითარების პროცესს ხელი შეუწყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებამ.
მარია გაბრიელი ყურადღებას ამახვილებს, რომ საჭიროა ძალისხმევის გააქტიურება მდგრადი პროგრესის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა და ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მეტი ჩართულობა.
გარდა ამისა, უნდა იყოს განხილული პოტენციური გამოწვევები მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებში იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოდან მიგრანტებისთვის ევროკავშირი კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ განახორციელა ღრმა და რთული რეფორმები, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები. ვიზის ლიბერალიზაცია კი ხელს შეუწყობს ღია, დაბალანსებულ და კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა მიმდინარე რეფორმების კუთხით დამატებითი ნაბიჯების და ძალისხმევის განსახორციელებლად. მარია გაბრიელი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კორუფციის, წინააღმდეგ ბრძოლაში.
დასასრულს მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღებით, ევროპარლამენტი დაადასტურებს იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რომ თითოეულ ქვეყანას ყველა შესაბამისი კრიტერიუმის წარმატებით შესრულების შემდეგ, შეუძლია ისარგებლოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.