პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს დასახელებულ ვერსიას.
გამოძიების ვერსიის უნდობლობის მიზეზად ბურჯანაძე პროკურატურის არაკვალიფიციურობას ასახელებს.
„მე არ მჯერა გამოძიების ვერსიის იმის გამო, რომ პროკურატურამ არაერთხელ აჩვენა, რომ არ არის კვალიფიციური. პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებინა სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც და დაედო ადამიანების დანაშაულის ან უდანაშაულობის დამამტკიცებელი უტყუარი და მყარი საბუთები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პროკურატურის არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება საქმისა, რომლის გამოძიებასაც საზოგადოება პირველივე განცხადების შემდეგ ითხოვდა. პროკურატურის უკვე საყოველთაოდ ცნობილი არაპროფესიონალიზმი ნამდვილად იძლევა ძალიან სერიოზული კითხვის დასმის შესაძლებლობას.
„გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩემთვის არის ის, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდი ეროსი კიწმარიშვილის. იმ ტიპის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი, თავს არ იკლავენ.
300 ან 400 ათასი ამერიკული დოლარის ვალის გამო იმიტომ, რომ მას ჯერ ერთი, დარწმუნებული ვარ, ჰქონდა შესაძლებლობა თუნდაც გარკვეული სირთულეების გადალახვის შედეგად გადაეხადა ეს ვალი, გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიცი ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუ როგორი ძალიან სერიოზული გეგმები ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იყო მოლოდინებით და იმედებით სავსე, მას ჰქონდა ძალიან საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც ის გეგმავდა და პრაქტიკულად ნაბიჯ-ნაბიჯ ჰქონდა გაწერილი როგორ უნდა განეხორციელებინა საკუთარი გეგმები.
„ადამიანები, რომლებიც მომავალზე ასეთ იმედს ამყარებენ და რომლებსაც ასეთი ნათელი გეგმები აქვთ, მით უმეტეს იმ ტიპის, იმ ტიპაჟისა და ხასიათის ადამიანები, როგორიც იყო ეროსი კიწმარიშვილი თვითმკვლელობით სიცოცხლეს არ ამთავრებენ. ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებ ვერანაირ სხვა ვერსიაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაპროფესიონალიზმის გამო ეს გამოძიება კითხვის ნიშნებს ნამდვილად ტოვებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.