„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის განვითარება და პროგრესი დიდწილად დამოკიდებულია განათლებულ, მოაზროვნე, მოტივირებულ ახალგაზრდებზე.
ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდები ცხოვრობენ საინტერესო დროს, მათ თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება, ახალი საქართველოს შენება.
„არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო თქვენი კონსოლიდაცია, მთელი საქართველოს ახალგაზრდობასთან ერთობა, შარშან თბილისში მომხდარი უბედურების დროს, სტიქიის შედეგებმა ერთ მუშტად შეკრა ახალგაზრდობა და ეს იყო იმ ტრაგედიის დროს ნათელი იმედის სხივი.
პირველად გაჩნდა ჩვენში, საზოგადოებაში ამდენი წლის მანძილზე იმისი მკვეთრი შეგრძნება, რომ ახალი საქართველო თქვენი თაობის ხელში გონიერი და სიკეთით, კეთილშობილებით მოცული იქნება. ჩვენ, უფროსი თაობა, მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ ყველა პირობა შეგიქმნათ ქვეყანაში სრულფასოვანი განათლების, მუშაობისა და დასვენებისთვის, ჩვენ ვალდებულება გვაქვს თქვენს წინაშე, რომ ხელი შეგიწყოთ აისრულოთ დასახული მიზნები, მოახდინოთ თვითრეალიზაცია პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში და თქვენი დაუშრეტელი ენერგია მიმართოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და რეალობად აქციოთ თქვენი ოცნებები”, -განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ორივე დამოუკიდებლობის ხანმოკლე მანძილზე ახალგაზრდა თაობა არ იყო სრულად ბედნიერი, არ მიეცა რეალიზების საშუალება.
„ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო ბიჭები და გოგოები ოკუპაციის, სამოქალაქო დაპირისპირების, საძმოების და სხვადასხვა დაჯგუფებების გარჩევების დროს. იარაღმა, ნარკოტიკმა და უკიდურესად დუხჭირმა სოციალურმა ფონმა ქვეყნის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. დიდი დრო დასჭირდება ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს მენტალიტეტში ამ იარების მოშუშებას, მაგრამ ეს მწარე გამოცდილება და მწარე წარსული კიდევ ერთი საფუძველია მაქსიმალურად გაგიფრთხილდეთ და ხელი შეგიწყოთ თქვენ, საქართველოს შვილებს ევროპული, თანამედროვე და რაც მთავარია მშვიდობიანი ქვეყნის მომავალს.
ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობა უკვე თავისი საკუთარი ისტორიის მფლობელია: ჩვენმა ახალგაზრდებმა ღირსეულად გამოიარეს რამდენიმე არჩევნები და მოტივაციის, პარტიული დისციპლინის კარგი მაგალითი უჩვენეს საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და აქტივისტებს.
თქვენ დღეს შეიკრიბეთ, რადგან ყველას ერთად წინ გველის კიდევ ერთი არჩევნები - კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისთვის. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ ბრძოლაშიც ისევე ღირსეულად გავიმარჯვებთ, როგორც 2012 წელს თქვენ, ჩვენი პარტიის ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ის საიმედო რესურსი, რაც მომავალში იქნება პოლიტიკური სპექტრის ფორმირების ერთერთი ქვაკუთხედი.
თქვენ ხართ მომავალი არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ იმ პოლიტიკური თანამედროვე სტილის, რაც ჩვენი საერთო მონდომებით ამ ქვეყანაში გახდება სტანდარტი და ჩაანაცვლებს გამარგინალებულ, ან წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკურ სეგმენტს. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ თანამედროვე, განათლებული, ევროპულად მოაზროვნე და მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმების მქონე საქართველოს პატრიოტები.
ამ გზას გაკვალავთ თქვენ, მმართველი გუნდის, მთავარი პოლიტიკური ძალის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები. თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენი თანატოლებისა და უფროსი თაობის წინაშე, თქვენ ხართ პოლიტიკური ცხოვრების ავანგარდში და თქვენ კარნახობთ ქცევის, ბრძოლის და ჯანსაღი ოპონირების სტილს ყველას, კონკურენტებსაც, თანამოაზრეებსაც და ამომრჩეველსაც. ჩვენ ყველა ერთად, მამები, შვილები, შვილიშვილები ავაშენებთ ისეთ სასურველ საქართველოს, რომელზეც ოცნებობდა ყველა ის ცნობილი თუ უსახელო გმირი, ვინც შეეწირა ქვეყანას, ვინც თავისი სიცოცხლე სამშობლოს განვითარების და დიდების სამსხვერპლოზე მიიტანა.
თქვენს ხელშია ახალი რეალობის შექმნა, თქვენს ხელშია თქვენივე მომავალი. ჩაერთეთ ქვეყნის მშენებლობაში, იყავით აქტიურები, იზრუნეთ პროგრესზე. პროგრესი თქვენი არჩევანია. იყავით თავისუფლების დამცველები და აღარასდროს დაუშვათ ახალ საქართველოში კრიმინალური რეჟიმების ფორმირება, განუკითხაობა და ძალადობა“, -განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.