საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედია მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტად მთავრობას აშუქებდნენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედია მონიტორინგი სახელწოდებით „ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი“, რომელის შედეგებიც დღეს წარადგინა. მედია მონიტორინგი მიმდინარე წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევისთვის შერჩეული იყო 7 მაუწყებელი – „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“, GDS, „მაესტრო“, „კავკასია“ და „ტაბულა“. მკვლევარები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ყველა გადაცემას, რომელიც "პრაიმ ტაიმში" გადიოდა ეთერში. ანგარიში მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ ანალიზს.
მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, მთავარობა სხვა არხებთან შედარებით, დადებით ტონში ყველაზე მეტად (43%) GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა, ყველაზე მეტი (67%) უარყოფითი ტონი კი „რუსთავი 2“-ზე დაფიქსირდა.
„მთავრობას საკუთარი ეთერის ყველაზე დიდი დრო (47%) GDS-მა დაუთმო. მთავარობა სხვა არხებთან შედარებით დადებით ტონში ყველაზე მეტად (43%) GDS-ის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა, ყველაზე ნაკლები (11%) უარყოფითი გაშუქებაც ამ არხზე დაფიქსირდა.
მთავრობა დადებით ტონში ყველაზე ნაკლებად (3%) „რუსთავი 2“-ის ეთერში წარმოჩინდა, ყველაზე მეტი (67%) უარყოფითი ტონიც მთავრობის მისამართით ამ არხზე დაფიქსირდა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ და პარტია „ქართული ოცნება“ უარყოფით ტონში ყველაზე მეტად „ტაბულასა“ და „რუსთავი 2“-ზე გაშუქდა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი – GDS-სა და „იმედზე“.
„პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“ უარყოფით ტონში არც ერთ არხზე არ გაშუქებულა. მათ მცირე დრო დაეთმო და ძირითადად ნეიტრალურ ტონში გაშუქდა.
მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო (44 წთ) „რუსთავი 2“-მა დაუთმო. ამ სუბიექტის დადებით ტონში გაშუქების ყველაზე დიდი მაჩვენებელი (56%) ამავე არხზე დაფიქსირდა. მიხეილ სააკაშვილი უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (59%) „მაესტროს“ ეთერში გაშუქდა.
ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი დრო „რუსთავი 2“-ის ეთერში დაეთმო 1სთ და 15 წუთი და უარყოფით ტონში ყველაზე მეტად (88%) ამავე არხზე გაშუქდა. ბიძინა ივანიშვილი დადებით ტონში ყველაზე მეტად (99%) GDS-მა გააშუქა. ამ არხზე მას ჯამში 17 წუთი დაეთმო“,-ნათქვამია მედია მონიტორინგის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი ტელევიზიები ყველაზე მეტ დროს პოლიტიკის გაშუქებას უთმობდნენ, განსაკუთრებით მცირე დროს კი – სოციალური თემატიკის გაშუქებას.
„პოლიტიკურ თემატიკას ტელეარხებს შორის ყველაზე ხშირად (46%) ტელეკომპანია „იმედი“ აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად კი- „რუსთავი 2“ (30%).
სოციალურ თემატიკას ყველაზე ხშირად (7%) „რუსთავი 2“ აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად -„ტაბულა“ (3%).
საარჩევნო თემატიკას ყველაზე ხშირად „მაესტრო“ აშუქებდა (13%), ყველაზე ნაკლებად კი – GDS-ი (5%)“,-ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ცნობითვე, წინა წლების მონიტორინგთან შედარებით, მედიის მუშაობის ხარისხი გაუმჯობესებულია.
„მკვეთრად შემცირებულია ბალანსის და ფაქტების და კომენტარების გამიჯვნის პრობლემა; სიძულვილის ენის ტირაჟირებას თითქმის არ ახდენდნენ დაკვირვების ქვეშ მყოფი მაუწყებლები; არხები სიფრთხილით ეკიდებოდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტირაჟირებას.
დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კონკრეტული ტელევიზიების ტოქშოუებში არ იყო წარმოჩენილი მხარე, რომლის კრიტიკაც იყო გადაცემაში, ზოგჯერ წამყვანი მაყურებელს უხსნიდა მიზეზს, თუ რატომ არ მონაწილეობდა ესა თუ ის სუბიექტი, თუმცა ხშირად ამის განმარტება არ ხდებოდა. ვფიქრობთ მიუხედავად იმისა ბოიკოტის რეჟიმშია თუ არა ტელეარხთან მიმართებაში სუბიექტი, ტოქშოუს წამყვანებმა ყველა გადაცემაში უნდა აცნობონ მაყურებელს, რატომ არ მონაწილეობს გადაცემაში ესა თუ ის სუბიექტი“,-ნათქვამია ანგარიშში და ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული ტენდეციებისა, ზოგჯერ სამონიტორინგო არხების ეთერში გავიდა პროდუქცია, რომლებსაც ეთიკის თვალსაზრისით პრობლემები ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.