"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სკანდალური საქმის ახალ დეტალებს, რუსთავის ქალთა ციხიდან თამარ ფხოველიშვილის მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე ასაჯაროვებს ტელეკომპანია "რუსთავი 2".
გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" მილიონობით თანხების მითვისების უკან ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა იყო ჩართული. კერძოდ, საუბარია კომპანიის მაშინდელი დირექტორის, შემდგომ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, არჩილ ცაბუტაშვილის გამოკვეთილ როლზე.
მსჯავრდებული თამარ ფხოველიშვილი დეტალურად საუბრობს იმ სქემაზე, თუ როგორ ხდებოდა საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის ინტერნეტ-კაზინოების გამოყენება. ფხოველიშვილი აცხადებს, რომ მთელი სქემის უკან ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი, არჩილ ცაბუტაშვილი იდგა.
"რუსთავი 2" - ის მტკიცებით, ცაბუტაშვილი ღარიბაშვილის ცოლის ახლო ნათესავის, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი დირექტორის, ზვიად ჯანყარაშვილის მეჯვარეა. ის 2013 წელს დაინიშნა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად. დანიშვნიდან მალევე მან კომპანიის ბუღალტრად ბავშვობის მეგობარი, თამარ ფხოველიშვილი მიიყვანა და როგორც "რუსთავი 2" აცხადებს, სწორედ მისი მეშვეობით ახდენდა თანხების, მილიონობით ლარის მითვისებას კომპანიის სხვადასხვა ანგარიშებიდან.
თამარ ფხოველიშვილი ირწმუნება, რომ სამსახურში მიყვანის შემდეგ ცაბუტაშვილმა მას ფულის მოპარვა დაავალა. თამარ ფხოველიშვილის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, ეს იყო წყალმომარაგების კომპანიაში შესული თანხები, რომელსაც მოქალაქეები წყლის საფასურის სახით იხდიდნენ და "სხვა შემოსულობები, რომელიც ლეგალურად, კანონიერი გზით შემოდიოდა კომპანიაში."
"რაც შეეხება უშუალოდ სქემას. ანგარიში გახსნილი იყო საგარეჯოს რაიონში, სადაც ხდებოდა თანხების აკუმულირება. ამ შემთხვევაში ხორცილედებოდა 0070 ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა სხვადასხვა კომპანიებზე საქართველოში, ხელოვნურად შექმნილ კომპანიებზე, ამის შემდეგ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ბუღალტერს გამოჰქონდა ამ ფიქტიური კომპანიებიდან აღნიშნული თანხა და ნაღდი ფულის სახით მიჰქონდა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან," - განაცხადა ფხოველიშვილის ადვოკატმა, მერაბ ჩიქოვანმა.
ფხოველიშვილის მტკიცებით, ეს მოპარული ფულის დირექტორისთვის გადაცემის ერთ-ერთი გზა იყო, თუმცა არსებოდა ინტერნეტ კაზინოების გავლით ფულის ჩინოვნიკების ანგარიშებზე მოხვედრის სქემაც.
"თუ მე წამოვიღე 2 მილიონი ისე, რომ ვერავინ ვერ გაიგო, მაშინ სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით უნდა დაისაჯოს ის, ხომ?" - აცხადებს თამარ ფხოველიშვილი, რომელიც ციხიდან ტელეფონით დაუკავშირდა "რუსთავი 2" -ს.
მისი მტკიცებით, იგი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანხებს ინტერნეტ კაზინოების ანგარიშზე რიცხავდა, შემდეგ კი დირექტორის დავალებით იწყებდა პოკერის თამაშს და რეკორდულად მოკლე დროში განზრახ აგებდა ფულს და ამ გზით ხვდებოდა ასეულობით ათასი ლარი სხვადახვა ანგარიშებზე, რომლის უკანაც, ფხოველიშვილის მტკიცებით, არჩილ ცაბუტაშვილი იდგა.
"დავალება იყო ცაბუტაშვილისაგან, რომ ესე უნდა გამეკეთებინა. 7 საათის მერე უნდა შევსულიყავი და მომცემდნენ "იუზერის" სახელს და იმ "იუზერთან" უნდა დავმჯდარიყავი და ვითომ წავაგე და გადამერიცხა თანხები," - განაცახდა ფხოველიშვილმა და ჟურნალისტის შეკითხვაზე, იდგა თუ არა ამ ანგარიშების უკან ცაბუტაშვილი, უპასუხა: "ზუსტად ვიცი, ცაბუტაშვილის დავალებით ვაკეთებდი და აბა ვინ იქნებოდა ამის უკან სხვა?"
"შემდეგ ალბათ ამ თანხას ერთ "იუზერზე" თავს უყრიდნენ და შემდგომ ბატონ არჩილს აძლევდნენ ან ნაღდი სახით, ან ვინმე ახლობლის საბანკო ბარათით".
შეკითხვაზე, ცაბუტაშვილი მარტო მოქმედებდა თუ ვინმეს აძლევდა წილს", მან უპასუხა: "მე გეტყვით, ბატონი არჩილი არის ზვიად ჯანყარაშვილის ბავშვობის მეგობარი, და მოტივი ყოველთვის იყო, რომ ბატონი არჩილი მარტო არასდროს არ მოქმედებდა, მარტო ამ მხრივ კი არა, ზოგადად ყველა საქმეში... წილი სხვებთანაც მიდიოდა", თქვა ფხოველიშვილმა ციხიდან სატელეფონო საუბრისას.
თამარ ფხოველიშვილის ბრალდებების საპასუხოდ კი არჩილ ცაბუტაშვილი ამბობს: "თაღლითია ეგ ქალბატონი და რა გითხრათ? გამოძიება დამთავრებულია." ცაბუტაშვილი აცხადებს, რომ მისი დირექტორობისას კომპანიიდან მითვისებულ მილიონობით ლართან მას არანაირი შეხება არ ჰქონია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის საკითხის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ თქვა: "მინისტრის მოადგილე ვიყავი, დავწერე განცხადება და წამოვედი სამსახურიდან." ცაბუტაშვილი ადასტურებს, რომ ზვიად ჯანყარაშვილი მისი მეგობარია.
"პოსტ სკრიპტუმს" სიუჟეტში ცაბუტაშვილის საბანკო ანგარიშებიც აქვს მოყვანილი, რომლითაც ირკვევა, რომ ცაბუტაშვილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცნობილი ბრენდების მაღაზიებში იმაზე მეტი აქვს დახარჯული, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში მას ხელფასის და პრემიის სახით მიღებული შემოსავლები უფიქსირდება.
"ცაბუტაშვილი იყო ერთი საშუალო ჩინოვნიკი, და რის უფლებას აძლევდა თავს ბატონი ცაბუტაშვილი. მაგალითად ამ საკრედიტო ბარათში ვკითხულობთ, რომ ერთ შესვლაზე მაღაზიაში "ბრუნელო კუჩინელი" გადაიხადა 7 083 აშშ დოლარი, "დოლჩე და გაბანაში" ესპანეთში 3 396, "ზეგნაში" მიუნხენში 3 358 დოლარი, "ბალი" - ფრანკფურტი 3 804", აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი და ამატებს, რომ ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც მისი მტკიცებით ცაბუტაშვილმა, დუბაიში, ფრანკფურტში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში ძვირადღირებული ბრენდების ტანსაცმელებში გადაიხდა.
"ეს ციფრები არის ძალიან შთამბეჭდავი, მით უმეტეს თუ გადახედავ ამ ადამიანის დეკლარაციას, და ამ დეკლარაციიდან ვკითხულობთ, რომ ასეთი თანხები მას საერთოდ არ ჰქონია. გარდა ამისა, მისი მამის ანგარიშზე მოულოდნელად 263 315 ლარი ჩაირიცხა. მე რამდენადაც ვიცი, და როგორც ადვოკატებისაგანაც მაქვს ინფორმაცია, მამამისი არსად არ მუშაობს და როგორ შეიძლება მის ანგარიშზე ასეთი დიდი ოდენობით თანხა მოხვედრილიყო?" კითხულობს ირმა ნადირაშვილი.
არჩილ ცაბუტაშვილმა სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერისას, მის მიმართ დასმული შეკითხვის - თუ საიდან მოჰქონდა ათეულობით ათასი დოლარი მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ტამსაცლის შესაძენად, მაშინ, როცა დეკლარაციის მიხედვით, ტანსაცმელზე დახარჯულ თანხებზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა - პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი შეკითხვის დასრულებამდე გათიშა.
ფხოველიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის ხელახალი გამოძიების პირობებში პროკურატურის მიერ ბევრი გავლენიანი მაღალჩინოსნის ბრალეულობა დადგინდება. თუმცა პროკურატურის მხრიდან რეაგირების მოხდენამდე ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა მასალები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანა. იგი ამბობს, რომ პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, თუ ვინ მოიპარა ხალხის მილიონები.
2015 წლის 10 ნოემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალდებულები თამარ ფხოველიშვილი, ზურაბ ნუცუბიძე და ნათია ნავროზაშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. თამარ ფხოველიშვილს და ზურაბ ნუცუბიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ნათია ნავროზაშვილს სასჯელის სახით დაენიშნა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ოთხი წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები 14 ტომად, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ორგანიზებული ჯგუფის წევრების - „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თამარ ფხოველიშვილის, მისი მეუღლის ზურაბ ნუცუბიძის და ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსის ნათია ნავროზაშვილის მიერ კომპანიის კუთვნილი 2 289 752 ლარის უკანონო მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.