აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს საქართველოს ეწვევა და ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გარდა შეხვედრებს ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებთანაც გამართავს. ქერის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აეროპორტში დღის პირველ ნახევარში დაეშვება. აშშ–ს სახელმწიფო მდივანი დღეს თბილისში დარჩება და უკრაინაში საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.
„6 ივლისს სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება თბილისში, საქართველოში, სადაც შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ორმხრივ დისკუსიებს გამართავს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასა და ოქტომბრის არჩევნების წარმატებულებაზე. ასევე, გაიმართება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული შეხვედრა, რომლის თანათავმჯდომარე სახელმწიფო მდივანი იქნება. ის ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან და ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ რამდენიმე დღის წინათ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჯონ ქერი უკრაინაში გაემგზავრება, შემდეგ კი ვარშავას ეწვევა, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს სამსახურის ცნობით კი, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
15.30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.