"ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო სიას, როგორც ეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. სავარაუდოდ, ამავე პერიოდში მოხდება "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილის დასახელებაც.
როგორც guardian.ge–სთვის გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის და ონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის მოქმედ მაჟორიტარს, გოჩა ენუქიძეს წარადგენს. ენუქიძე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამბროლაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა წარდგენილი. მან 2012 წელს "ქართული ოცნების" კანდიდატზე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მისი წარმდგენი პარტიის დამარცხების შემდეგ, პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და ხელისუფლების მხარდამჭერი გახდა.
guardian.ge-მ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გოჩა ენუქიძესთან სატელეფონო კომენტარის ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. გოჩა ენუქიძის კანდიდატად წარდგენის თაობაზე კომენტარი ცაგერის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა გააკეთა. როგორც მან guardian.ge–ს განუცხადა, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ერთიან საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ გოჩა ენუქიძის კანდიდატურას უახლოეს მომავალში დაასახელებს.
"თავად მე, აღნიშნულ ფაქტს მივესალმები. მე ენუქიძეს 100%-ით ვუჭერ მხარს. პირველ რიგში, არის ჩემი მეგობარი, არის ჩემი კოლეგა, ოთხი წელია ერთად ვართ, ძალიან კარგი ადამიანია როგორც სამეგობროდ, ასევე საქმესთან მიმართებაში, არის ბიზნესმენი, ძალიან ჭკვიანი, ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებული, მე მჯერა რომ ჩემს მუნიციპალიტეტსაც მიმიხედავს და ამიტომ ვდგევარ მის გვერდით. ამ კვირაში ყველაფერი დალაგდება და სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება „ქართული ოცნების“ სიები. სხვა კანდიდატურა არ განიხილება, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია არ გამიგია", – განაცხადა სერგო ხაბულიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული საარჩევნო მაჟორიტარული ოლქისთვის პირველი რიგის ამოცანა და მთავარი პრიორიტეტი ხალხის დასაქმება იქნება.
"მე მჯერა გოჩასი, მან არაფრისგან თავად შექმნა საკუთარი ბიზნესი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თავის მუნიციპალიტეტში, ისე ოლქის დანარჩენ 4 მუნიციპალიტეტში ყველაფერს გააკეთებს ხალხის საკეთილდღეოდ", – აღნიშნა ხაბულიანმა.
მას სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებამდე უჭირს იმაზე საუბარი, იქნებიან თუ არა ანგარიშგასაწევი ფიგურები ოპოზიციიდან.
"იმის მიხედვით, რომ ჯერჯერობით ამ ოლქში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარუდგენია მაჟორიტარობის კანდიდატი, რთულია წინასწარ ისაუბრო ვინ შეიძლება იყოს ძლიერი კონკურენტი და ვინ ნაკლებად ძლიერი. თუმცა, მჯერა, რომ წარდგენილ კანდიდატებს შორის, იქნებიან გასათვალისწინებელი ადამიანები და ექნებათ თავიანთი ხედვა ამ რეგიონის განვითარების კუთხით და ჩვენ სიამოვნებით მოვუსმენთ ყველას. მიმაჩნია, რომ ყველა ღირსეული იქნება, თუმცა, ცაგერის მაჟორიტარი კანდიდატის, სერგო ხაბულიანის მხარდაჭერა ეექნება გოჩა ენუქიძეს", – განუცხადა guardian.ge–ს ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა, რომელიც ენუქიძის მსგავსად 2012 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო წარდგენილი ცაგერის საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად და რომელმაც "ქართული ოცნების" მაშინდელი კანდიდატი დაამარცხა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ხაბულიანიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გახდა.
guardian.ge–ს ინფორმაციით, ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის წარდგენა იგეგემება "ქართული ოცნების" მხრიდან ნინოწმინდისა და ახალქალაქის ერთიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. guardian.ge აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ მკოიანთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.
ამ საკითხზე კომენტირებისას კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა guardian.ge –ს განუცხადა, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნებიდან" ენზელ მკოიანის გარდა არც ერთი სხვა კანდიდატურის განხილვა არ მიმდინარეობს.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ბატონ ენზელ მკოიანს ახლო მომავალში წარადგენს "ქართული ოცნება" ახლქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად", – აღნიშნა კარსლიანმა.
ამავე თემაზე საუბრისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა განაცხადა, რომ მისთვის მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
„ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად ნინოწმინდისა და ახალქალაქის გაერთიანებულ ოლქში, ჯერჯერობით ოფიციალურ დონეზე ჩემთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ვიცი რომ ახალქალაქის მაჟორიტარი კანდიდატის, სამველ პეტროსიანის დასახელება არ იგეგმება. ეს მაინც არის უბრალოდ საუბარი, დაველოდოთ, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი ვის წარადგენს ხელისუფლება ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად", – განაცხადა ედუარდ აღასარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.