დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევის, „ავტომობილით დედამიწის გარშემო“ შედეგებს ეხმაურება.
როგორც guardian.ge-ს დუშეთის გამგეობაში განუცხადეს, კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში საწვავის პირადი მიზნებისთვის გამოყენება და გახარჯული საწვავის არასათანადოდ აღრიცხვის საფრთხე არსებობს, მცდარი და ტენდენციურია. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ორგნიზაციის კვლევა, 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ, არაკვალიფიციურია.
გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგებლისთვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტი წინა წლებთან შედარებით 200 ლიტრით არის შემცირებული. გარდა ამისა, თანხების დაზოგვის მიზნით, გამგეობის ავტოპარკი ბოლო წლების განმავლობაში არ განახლებულა.
"ვაცხადებთ, რომ კვლევის შედეგები მცდარი და ტენდენციურია; არაა გამყარებული სათანადო არგუმენტებით, რაც ელემენტარული ანალიზის შემთხვევაშიც კი თვალშისაცემი გახდებოდა. არადა საჯარო ინფორმაციის ობიექტური ანალიზის საფუძველზე მარტივად იყო შესაძლებელი კვალიფიციური კვლევის მომზადება, რადგან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სისტემატურად წარმოებს გახარჯული საწვავის სათანადო აღრიცხვა. საწვავი 2013 წლიდან გაიცემა საბარათე სისტემის გამოყენებით (ნაცვლად მანამდე არსებული ტალონური სისტემისა) და მისი გახარჯვა შესაძლებელია მხოლოდ სამსახურეობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე.
გასათვალისწინებელია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაჟა ჩოხელის ინიციატივით, გამგებლად არჩევისთანავე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამგებლისათვის გამოყოფილი საწვავის ლიმიტი წინა წლებთან შედარებით 200 ლიტრით შემცირდა. შესაბამისად, აღნიშნული ლიმიტი 800 ლიტრის ნაცვლად განისაზღვრა 600 ლიტრით (იხ. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 მაისის N28 განკარგულება).
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანხების დაზოგვის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ავტოპარკი ბოლო წლების განმავლობაში არ განახლებულა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი დღესაც სარგებლობს 2002 წელს გამოშვებული მოძველებული ავტომობილით.
დუშეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტია. მისი ფართობი შეადგენს 2981 კვადრატულ კილომეტრს. მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 290 სოფელი, 2 დაბა და 1 ქალაქი, აქედან 230 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ცხადია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურად განხორციელება შეუძლებელია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან გაუსვლელად. ცხადია ისიც, რომ აღნიშნული პროცესი ობიექტურად დაკავშირებულია ხარჯებთან, მათ შორის საწვავის ხარჯვასთან.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ მოვისმინოთ და მივიღოთ კვალიფიციურ ანალიზზე დაყრდნობილი ყველა კონსტრუქციული წინადადება, რომელიც მიმართული იქნება თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობებისაკენ", - განუცხადეს guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევის შედეგების მიხედვით, "2015 წლის განმავლობაში, სამსახურებრივი მიზნებისათვის - მცხეთა-მთიანეთის სამხარეო-ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) მოხმარებული საწვავის ოდენობა 264 ტონაზე მეტს შეადგენს;
- არ ხორციელდება სამსახურებრივი მიზნებისათვის გახარჯული საწვავის სათანადო აღრიცხვა. შესაბამისად, მაღალია საწვავის არარაციონალური და პირადი მიზნებისათვის გამოყენების საფრთხე;
- მცხეთა-მთიანების სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. მცხეთის, ასევე დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა ბევრად დიდია, ვიდრე ეს მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების მიერ არის გახარჯული 2015 წლის განმავლობაში", -აღნიშნულია კვლევაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.