"Financial Times" -ი: აფხაზეთი: შავი ზღვისპირეთის ახალი ელდორადო?
02-02-2015, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „Financial Times“-ი, აფხაზეთთან დაკავშირებით, მარია ხოსე დელ ვალიეს ავტორობით სტატიას აქვეყნებს.

 

 

მასალის თარგმანს, სადაც „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ეკონომიკურ წინსვლაზეა საუბარი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ავრცელებს.

 

 

სანამ დასავლეთის ყურადღება უკრაინის პრობლემებზეა მიპყრობილი, აფხაზეთში ათასობით მიგრანტი ჩადის - აქ ჩუმი სამშენებლო ბუმი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბად ცხოვრობს (ჯერ კიდევ დსთ-ის მიერ 2008 წლამდე გამოცხადებული ემბარგოს გამო), სიტუაცია ისეთია, რომ ეს პატარა არაღიარებული „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკა ერთგვარ ელდორადოდაა გადაქცეული.

 


„საბჭოთა ფლორიდად“ წოდებულმა აფხაზეთმა საქართველოს კონტროლს თავი დააღწია 1992-93 წლების ომის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილების დახმარებით. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა როგორც თვით რუსეთმა, ასევე ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარგუამ, დანარჩენი მსოფლიო კი ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად სცნობენ. სოხუმის სიმწვანეში ჯერ კიდევ მოჩანს კონფლიქტის მიერ დატოვებული იარები, თუმცა ქალაქი სწრაფად იცვლება: უკვე არის ახალი გზები, საავადმყოფოები, სკოლები და მრავალი მიგრანტი, რომლებიც სამუშაოს ძიებისათვის ჩამოსულან. საქალაქო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ასიგნებათა მოცულობის ზრდამ შრომით რესურსებზე მოთხოვნა გააფართოვა. მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებამ ბევრს კერძო მშენებლობების წამოწყების საშუალება მისცა.

 


2011 წლიდან აფხაზეთში რეგისტრირებული იქნა 14 ათასი უცხოელი შრომითი მიგრანტი, მათგან სამუშაო 9 ათასმა მსურველმა მიიღო. ისინი ძირითადად უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და სომხეთის მოქალაქეეები არიან (დსთ-ის ქვეყნებიდან აფხაზეთში ჩასვლა ვიზის გარეშეც შეიძლება). აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის, ეკონომიკური მრჩევლის ბესლან ბარათელიას თქმით, შესაძლოა უცხოელი მიგრანტები უფრო მეტიც კი იყოს, რადგან აგრარულ სექტორში სეზონური სამუშაოების წარმოებისას რეგისტრირება არ ხდება.

 


ვასილი გუვირი აფხაზეთში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა, იგი თვეში 500 ევრომდე იღებს, დასაქმებულია სახელმწიფო უნივერსიტეტის სარემონტო სამუშაოებში. მას რომ თავის მშობლიურ მოლდოვაში ემუშავა, იქ მას ორჯერ ნაკლებს გადაუხდიდნენ. 2013 წელს აფხაზეთის სამშენებლო სექტორში საშუალოდ 16 790 რუბლს შეადგენდა (დაახლოებით 375 ევროა, იმდროინდელი გაცვლითი კურსით). სტუდენტთა ჟრიამულში, რომელიც ახლადშეღებილ დერეფნებში ისმის, ვასილი გუვირი გვიამბობს, რამ აიძულა აფხაზეთში ჩამოსვლა: „ჩვენთან, მოლდოვაში, სიტუაცია აფხაზეთთან შედარებით უარესია, მხოლოდ ზაფხულობით შეიძლება მუშაობა, აქ კი სამუშაო მთელი წლის განმავლობაში მაქვს“. ვასილი ხელით ირგვლივ მიანიშნებს: „გარდა ამისა, აქ შავი ზღვაა, სუფთა ჰაერია, თვალწარმტაცი პეიზაჟი და მეგობრულად განწყობილი ადამიანები. მე და ჩემი მეუღლე ხელფასის ნაწილს მოლდოვაში შვილებს ვუგზავნით. განზრახული გვაქვს ისინიც აქ ჩამოვიყვანოთ“.

 


აფხაზეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების თანახმად, აფხაზეთიდან, შრომითმა მიგრანტებმა 2013 წელს 2,3 მილიარდი რუბლი გადარიცხეს, ძირითადად, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში - ეს შედარებით უფრო მეტია იმ თანხაზე (1,9 მილიარდი რუბლი), რითაც რუსეთი აფხაზეთს პირდაპირ საბიუჯეტო მხარდაჭერას უწევს (თუმცა აქვე ვიტყვით, რომ მოსკოვი დამატებით უზრუნველყოფს აფხაზეთის მოსახლეობისათვის პენსიების გაცემას).

 


აფხაზეთის ხელისუფლება ცდილობს ფულის გადარიცხვების რაოდენობა შეამციროს, რადგან ასეთი დიდი თანხების გადინება მცირე ქვეყნისათვის(!!!) მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ამბობს, „სამშენებლო ბუმისთვის იაფი მუშახელის მოდინება აუცილებელია. ჩვენ გვინდა მიგრანტთა ნაკადი გარკვეულწილად გავაკონტროლოთ“.

 


რასაკვირველია, აფხაზეთში უმუშევრებიც ბევრია. ოფიციალური შეფასებით, რესპუბლიკაში უმუშევრობის დონე 15%-ს აღწევს, თუმცა სოფლის რაიონებში ის გაცილებით მეტია, განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ.

 


ბოლო თვეებში სამთავრობო ფონდების შემცირებამ მშენებლობის ტემპები შეანელა, თუმცა, აშკარაა, რუსეთიდან ახალი თანხების გადმორიცხვა სიტუაციას გააუმჯობესებს. 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე მკვეთრად უნდა გაიზარდოს საპენსიო და სახელფასო ხარჯები. 2015 წლის განმავლობაში მოსალოდნელია დამატებითი რუსული ფიონანსური გრანტი 5,5 მილიარდი რუბლის ოდენობით, რომლითანაც 3,3, მილიარდი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. ეს 2014 წელთან შედარებით 55%-ით მეტია. დიდი თანხებია გათვალისწინებული ადგილობრივი აფხაზური მარკეტინგული კომპანიების მხარდასაჭერად, ტურიზმის რეკლამირებისათვის.

 


უცხოური დაქირავებული შრომის მოზიდვას სხვა ფაქტორებიც ხელს უწყობს: რადგან საკუთრივ აფხაზების რაოდენობა რესპუბლიკაში მცირეა, იმის შიშით, რომ უმცირესობაში არ აღმოჩენილიყვნენ, ბოლო დრომდე აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვა უცხოელებზე აკრძალული იყო, ახლა კი სამთავრობო წრეებში ამ კანონის შეცვლის საკითხი განიხილება. ეს ნიშნავს, რომ თუ უცხოელებს უძრავ ქონებაში კაპიტალის დაბანდების უფლება მიეცემათ, სამშენებლო ბუმი კვლავ გაგრძელდება. შრომით მიგრანტებთან ერთად აფხაზეთში დიდი რაოდენობით შედის სამშენებლო მასალებიც - მისმა იმპორტმა 2014 წელს 12%-ს გადააჭარბა, ანუ 2015-ში ისიც მზარდი ტემპით გაგრძელდება. როგორც აფხაზეთის სავჭრო პალატის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ამბობს, აფხაზეთისთვის ამჟამად ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიება (რუსეთის გარდა), ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, თუმცა ამ მხრივ სერიოზული ბარიერი არსებობს: ბევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით დასავლეთში, უარს აცხადებს აფხაზეთთან ვაჭრობაზე - მათ საქართველოს კანონის დარღვევა არ სურთ [იგულისხმება „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“].

 


აშკარაა, რომ აფხაზეთს რუსული დახმარება ჯერ კიდევ დიდხანს დაჭირდება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა შორეული პერსპექტივაა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რუსული სუბსიდიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ადგილობრივი შემოსავლების კი შემცირდება (2013-თან შედარებით, 30%-ით).

 


ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, ხშირად მთავარი ის კი არაა, რამდენ ფულს იღებს რესპუბლიკა რუსეთიდან, არამედ ის, თუ სად და როგორ იხარჯება ეს ფული. რუსული მასმედიის მონაცემებით, 2013 წელს რუსეთის კონტროლის (საანგარიშო) პალატის წარმომადგენლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2010-2012 წლებში რუსეთიდან მიღებული დახმარების მხოლოდ 53% ანუ 11 მილიარდი რუბლია დახარჯული ინფრასტრუქტურაში და ის ფულიც ისეთი ობიექტების აგებაში დაიხარჯა, რომელთა მშენებლობა აუცილებელი არ იყო. აფხაზი პარლამენტარების კრიტიკას იწვევს, მაგალითად, სოხუმში მეორე დიდი სტადიონისა და ტყვარჩელში დიდი საცურაო აუზის მშენებლობა, რომლებზეც უამრავი ფული გაიფლანგა.

 


პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ბესლან ბარათელია, რომელსაც ზღვისპირა კაფეში ვესაუბრებით, ამბობს, რომ ეკონომიკის დაგეგმვა არასტაბილურობის პირობებში რთული საქმეა. ჩვენს მეზობელ მაგიდაზე ახალგაზრდა უცხოელი წყვილი ზის, რომელსაც სირიიდან ჩამოსული ოფიციანტი ქალი ემსახურება. იგი უცხოელებს აფხაზურ ღვინოს სთავაზობს, რომლის ექსპორტი რუსეთში მიმდინარე წელს მოიმატებს. კაფეს ახლოს პნევმობურღის ხმა ისმის - რესტორნის რეკონტრუქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული მეტრის იქით კი, ზღვასთან ახლოს, უზბეკები, ტაჯიკები და მოლდაველები, სხვა უცხოელ მუშებთან ერთად, რუსეთის საელჩოს ახალ შენობას აშენებენ.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/uckhouri-presa/60213-lfinancial-timesr-afkhazethi-shavi-zghvispirethis-akhali-eldorado.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი