საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.
„რთულია, გადააჭარბო ბასტილიის აღების დღისა და საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა: ეს რევოლუცია იყო გლობალური დემოკრატიული მოძრაობების წინამორბედი, რომლითაც დაიწყო ახალი ეპოქა. საფრანგეთისთვის ის ნიშნავს „მარსელიეზას“, სამფეროვანი დროშის, რესპუბლიკის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის დაბადებას. სწორედ იმ დროს დაიბადა ფრანგული ლოზუნგი: liberté, égalité, fraternité (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) რომელიც დღესაც განსაზღვრავს ფრანგი ხალხის ბუნებას და, ამასთან, ზუსტად ასახავს საქართველოს ევროპულ გზას. დღეს საფრანგეთის ხსენებაზე წარმოვიდგენთ დახვეწილი სამზარეულოს, უნატიფესი მოდისა და დიდი დღესასწაულების ქვეყანას, რაც, რასაკვირველია, სიმართლეა! მაგრამ, პირველ რიგში, საფრანგეთი არის დიდი იდეალების ქვეყანა. საქართველოსთვის საბედნიეროდ, საფრანგეთი მისი მეგობრების რიცხვშია და ეს მეგობრობა დღითიდღე იზრდება. როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტიპენდიანტებს, რათა მათ განათლება მიიღონ საფრანგეთში; მომავალ წელს კი დაგეგმილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფილიალის გახსნა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის!“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის განმარტებით, თანამშრომლობა ასევე ღრმავდება საქართველო-საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორში, ღვინის ინდუსტრიის ჩათვლით, რომელიც, მისივე თქმით, ორივე ქვეყნის საამაყო მემკვიდრეობას წარმოადგენს.
საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.